მალე, ახალი თაობის სმარტფონებსა თუ კომპიუტერებში უფრო სწრაფ DRAM-ს შევხვდებით. DRAM ეს არის მეხსიერების ტიპი, რომელსაც მასზე ჩაწერილი ინფორმაციის შესანარჩუნებლად ენერგიის მიწოდება მუდმივად სჭირდება. ცოტა ხნის წინ, სამსუნგმა მისი პირველი 16 გიგაბაიტიანი მობილური DRAM ჩიპი LPDDR5 წარადგინა, რომელიც მეორე თაობის, 10 ნანომეტრიან ტექნოლოგიას იყენებს. ამ ტიპის ჩიპს უკვე ვხედავთ Samsung Galaxy S20 Ultra-ში და მოსალოდნელია, რომ მალე მას სხვა ფლაგმანებშიც ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ LPDDR5-ის ტიპის ჩიპები წინამორბედებისგან 30%-ით სწრაფია და შედარებით, მცირე ენერგიას მოიხმარს. უფრო კონკრეტულად, LPDDR5 5500 მეგაბაიტი წამში სიჩქარით მუშაობს, LPDDR4X-ის 8 გიგაბაიტიანი ჩიპსეტი კი 4,266 Mbps-ით (მეგაბაიტი წამში).
აღსანიშნავია, რომ 7 თვის წინ კომპანიამ 12 გიგაბაიტიანი, LPDDR5 ჩიპი გამოუშვა, თუმცა, მას წინამორბედების მსგავსი სისწრაფე ჰქონდა. დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით კი, 16GB-იანი ჩიპი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ მისით სარგებლობას, სავარაუდოდ, მხოლოდ ფლაგმანების მფლობელები შეძლებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩიპს შეუძლია სმარტფონი მონაცემებით პერსონალურ კომპიუტერს გაუტოლოს, რომლებსაც წლებია 8GB-დან 16GB-მდე ოპერატიული მეხსიერება აქვთ.
Samsung-ის თქმით, ამ ჩიპის მქონე სმარტფონებს 5G-სა და AI ფუნქციებთან გამკლავება მარტივად შეეძლებათ. გარდა ამისა, ეს არის კარგი ამბავი გეიმერებისთვისაც, რომელთაც ჩიპის მქონე სმარტფონში მაღალი გაფართოებით შეეძლებათ ვიდეოთამაში. ჩიპი მნიშვნელოვანია მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხითაც.
კომპანიის განცხადებით მიხედვით, მალე 16 GB-იანი LPDDR5 მესამე თაობის 10 ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე შეიქმნება, რაც მის სიჩქარეს 6,400 Mbps-ამდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია არც ისე იაფი ჯდება, თუ ვიმსჯელებთ Galaxy S20 ultra-ს შემთხვევბით, რომელიც 16GB-იანი ჩიპითაა აღჭურვილი და 1399 დოლარი ღირს.