30
Mar
2019

LRG – ანუ სწრაფი კვება მეგრულად

30 Mar 2019

Startauperi
Startauperi


LRG, იგივე “ელარჯი” სწრაფი კვების ობიექტია თბილისში. თუმცა, ამერიკული ბურგერების, ნაგეთსების, ჰოთ-დოგებისა და პიცის ნაცვლად, აქ ტრადიციული მეგრული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. მეგრული სწრაფი კვების იდეა ანთიმოზ ცქიტიშვილს მაშინ მოუვიდა, როდესაც სისწრაფესთან ერთად, მომხმარებლისთვის ხარისხიანი საკვების მიწოდება განიზრახა. “ელარჯის” შექმნამდე, დამფუძნებლები, ანთიმოზ ცქიტიშვილი და გიორგი მახარაძე კვების სფეროში მუშაობდნენ. ჰქონდათ საკუთარი ქეითერინგ კომპანია, გურმან სერვისი, უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის თუ გადამღები ჯგუფის კვებას. სწრაფი კვების ბიზნესის წამოწყებისას, არჩევანი მეგრულ სამზარეულოზე შეაჩერეს – ასე LRG ანუ “ელარჯი” – მეგრული სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტი თბილისში.

სწრაფი კვების კონცეფცია, მთელ მსოფლიოში ასოცირდება მომსახურების სისწრაფესთან და არა ხარისხთან. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სტერეოტიპის დანგრევა. LRG-ის პროექტის მიზანი იყო, შეგვექმნა ქართულ სამზარეულოზე დაფუძნებული სწრაფი კვების ობიექტების ქსელი, სადაც მთავარი კრიტერიუმები სისწრაფესთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად გემო და ხარისხი იქნებოდა.”

M: რა განასხვავებს სწრაფი კვების სხვა ობიექტებისგან? რა გამოარჩევს?

ჩვენ უარი ვთქვით გაყინული და გენმოდიფიცირებული პროუქციის გამოყენებაზე. სანაცვლოდ, უპირატესობას მივანიჭეთ ახალ, ხარისხიან და რაც მთავარია, ადგილობრივ პროდუქტებს.

M: თქვენი მენიუს გემოვან თავისებურებებზე გვიამბეთ…

კერძების გემოზე, მზარეულების მაღალი კვალიფიკაციის გარდა, საგანგებოდ შერჩეული, ხარისხიანი პროდუქტიც ახდენს გავლენას. ჩვენი მენიუ ძირითადად ემყარება მეგრული სამზარეულოს ტრადიციებს, თუმცა სწრაფი კვების კონცეფციამ მოითხოვა ზოგიერთ კერძში გარკვეული ინოვაციური კორექტივების შეტანა. ასევე, მენიუში მრავალფეროვნების შეტანის მიზნით, მოვახდინეთ  სხვა კუთხის გარკვეული კერძების მეგრულ გემოზე ადაპტირება. ასე წარმოიშვა, მაგალითად, ლობიანი მეგრულად, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს.

აქვე გაგანდობთ სიახლეებს, რომელსაც სულ მალე შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენს მენიუს ემატება: მეგრული ფრთები, კარტოფილი მეგრულად, წიცა (პიცა), ჭვიშგერი (ბურგერი), კუპდოგი (ჰოთდოგი), სულგუნის ჩხირები, ელარჯის ჩხირები.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

გემრიელი სამზარეულოს მოყვარული და დროის დეფიციტის მქონე ადამიანები.

M: როგორია თქვენი მუშაობის მექანიზმი?

ობიექტი მუშაობს ყოველდღიურად, დილის 11 საათიდან ღამის 3 საათამდე. შეკვეთების უდიდესი ნაწილი მოდის მიწოდების კომპანიებიებიდან, როგორიცაა ვოლტი, გლოვო, ირისი და მენიუ.ჯი. კერძები თავსდება ერთჯერად ხარისხიან ჭურჭელში, მეტწილად ქაღალდის ან (ცხელი კერძების გატანის შემთხვევაში) ფოლგის კონტეინერებში. ჩვენ თითქმის უარი ვთქვით პლასტიკის და ცელოფნის პარკების გამოყენებაზე. კერძები მზადაა შეკვეთიდან 4-7 წუთის განმავლობაში.

M: როგორ ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ?

შენი საქმის სიყვარული, მონდომება და დაუღალავი შრომა. მთავარია, არასდროს არ მოდუნდე, მუდამ იყო სრულყოფის მცდელობაში და სიახლის ძიებაში.

განხილვა