1938 წლიდან, ანუ LSD-ს აღმოჩენიდან დღემდე, მეცნიერები ცდილობენ ზუსტად დაადგინონ, თუ როგორ მოქმედებს ის ტვინზე. ცნობილი იყო, რომ მას ღრმა ეფექტი აქვს ადამიანის ცნობიერზე, იწვევს ჰალუცინაციებსა და გვთავაზობს ერთგვარ ალტერნატიულ რეალობას, თუმცა, მთავარი კითხვა იყო – როგორ?
University Hospital of Psychiatry Zurich-ის მკვლევართა გუნდი მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტის შედეგად ამ კითხვას პასუხი გასცა და ამ პასუხს, სამომავლოდ, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ფსიქიკური აშლილობების კვლევის/მკურნალობის საკითხში. კვლევაში, რომელიც ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტი 25 მოხალისეზე ჩაატარეს. მათი ასაკი 20-დან 34 წლამდე იყო. ცდისპირებს უნდა მიეღოთ LSD, რის შემდეგაც მეცნიერები მათი ტვინის აქტივობას დააკვირდებოდნენ. ცდისპირთა ერთმა ჯგუფმა LSD-სთან ერთად მიიღო კეტანსერინი – ნარკოტიკი, რომელიც სერატონინის რეცეპტორებს ბლოკავს. სერატონინი ნეირომედიატორია (ნეიროტრანსმიტერი), რომელსაც, კვლევის წინასწარი ვარაუდის თანახმად, საკმაო როლი ეკისრებოდა LSD-ს მოქმედებისას. როცა მეცნიერები აკვირდებოდნენ LSD-ს მოქმედებას ტვინზე, აღმოჩნდა, რომ ცდისპირთა ჯგუფზე, რომელსაც კეტანსერინი ჰქონდა მიღებული, ის არ მოქმედებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სერატონინს გადამწყვეტი როლი აქვს LSD-ს მოქმედებისას.
კვლევის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ მოქმედებისას LSD არღვევს მთავარ ჯაჭვს ტვინის ოთხ ნაწილს შორის, მათ შორის, მოქმედებს თალამუსზე (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც სენსორულ ინფორმაციას გადასცემს დიდი ტვინის ქერქს). მარტივად რომ ვთქვათ, ნარკოტიკი თალამუსის დახმარებით ვრცელდება ტვინის ძირითად ნაწილში. LSD მოქმედებს ტვინზე ინფორმაციის დამუშავების ციკლისთვის (cortico-striato-thalamo-cortical – CSTC) ხელის შეშლის ხარჯზე.
„ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით იმის მთლიანად ამოხსნას, თუ რა ხდება LSD-ის მიღებისას ტვინში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ახალი მედიკამენტების შექმნის საჭიროებას გავითვალისწინებთ“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი – კატრინ პრელერი The Guardian-თან საუბრისას.
ახლა, როცა გვაქვს მეტი ინფორმაცია ტვინზე LSD-ს მოქმედების შესახებ, მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს დაგვეხმარება იმ დაავადებებთან ბრძოლაში, რომლებიც LSD-ს მსგავს ეფექტს ახდენენ ტვინზე. მაგალითად – დეპრესია, შიზოფრენია.