23
Oct
2019

შუშის გადამამუშავებელ ქარხანას “შპს კერე” ახალი დანადგარები გადაეცა

23 Oct 2019

ნარჩენების პრობლემა მსოფლიოსთვის იმდენად აქტუალური გახდა, რომ ქვეყნები ცდილობენ აქტიურად გადაამუშაონ ნარჩენები, სხვადასხვა მასალისგან აწარმოონ მეორადი ნედლეული და მაქსიმალურად შეამცირონ იმ ნარჩენების რაოდენობა, რომელიც ნაგავსაყრელებზე განთავსდება. ამ პროცესებში ნელ-ნელა საქართველოც ერთვება, რასაც გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა და ოპერირება ადასტურებს. მათ შორისაა “შპს კერე”, რომელიც ტექნიკური შუშისგან მეორად პროდუქტს ამზადებს და შემდეგ კვლავწარმოებაში უშვებს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც “შპს კერე” ამ საქმიანობას ეწევა. როგორც კომპანიის დირექტორი, რომან დალაქიშვილი გვიყვება, სხვადასხვა რეგიონიდან მოწოდებული შუშის ნარჩენების გადასამუშავებლად საჭიროა მისი წინასწარი დამუშავება, დამსხვრევა, გარეცხვა და არასასურველი ნივთიერებებისგან განცალკევება. შპს “კერე” ახორცილებს შუშის ნარჩენის წინასწარ დამუშავებას და შემდეგ დამუშავებული ნედლეულის სახით პროდუქციას შუშის მწარმოებელ კომპანიას აწვდის, სადაც მიწოდებული ნედლეულისგან – დამუშავებული შუშის ნარჩენისგან ახალი პროდუქტი იწარმოება.

სულ ახლახან კი, შპს “კერეს” ახალი დანადგარები გადაეცა. დანადგარების შესყიდვა განხორციელდა USAID-ის პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN.

აღნიშნული დანადგარები დაეხმარება კომპანიას გააუმჯობესოს კომპანიის ოპერირება, გაზარდოს წარმადობა და წარმოებული პროდუქციის ხარისხი.

“დანადგარები კომპანიას საშუალებას მისცემს, 8 000 ტონამდე ნარჩენი დაამუშავოს ყოველწლიურად, რაც დაახლოებით 8-ჯერ მეტია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. ამასთანავე, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხიც, რადგან, ახალი დანადგარების საშუალებით, შუშის ნარჩენებისგან  უფრო ეფექტიანად გამოცალკევდება არასასურველი ნივთიერებები,”რონი კვაჭაძე, USAID WMTR II კერძო სექტორის განვითარების სპეციალისტი.

[R]

განხილვა