26
Nov
2019

“ზუგო” – ბიოდეგრადირებადი ცელოფნების მწარმოებელი კომპანია

26 Nov 2019

როგორც ცნობილია, 2019 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საკანონმდებლო მოთხოვნა, რომლის თანახმად საქართველოში იკრძალება პოლიეთილენის პარკების გამოყენება და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, “შპს ზუგომ” 2019 წელს დაიწყო ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ “შპს ზუგო” ამიერკავკასიაში ამ პროფილით მომუშავე ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. კომპანიის წარსული და ამჟამინდელი საქმიანობის, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის დირექტორის მოადგილეს, გოგიტა ტაკიძეს გავესაუბრეთ:

M: მოგვიყევით “შპს ზუგოს” შესახებ – როდიდან დაიწყეთ მოღვაწეობა და რა საქმიანობას ეწეოდით?

“შპს ზუგო” დაარსდა 2010 წლის 20 ოქტომბერს. კომპანიამ დაარსების დღიდან დაიწყო მზა პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. შპს ზუგოს საქმიანობა თავიდან, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემოიფარგლებოდა პოლიეთილენის პარკისა და ერთჯერადი სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტითა და რეალიზაციით.

M: როგორ განვითარდა კომპანიის საქმიანობა დროსთან ერთად?

2012 წელს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეძინა შესაფუთი მასალებისა და პოლიეთილენის პარკების საწარმო. საწარმოს შეძენა აუცილებელი პირობა იყო ჩვენი კომპანიის საქმიანობის გასაგრძელებლად, რადგან ადგილობრივი წარმოებით ჩვენ შევძლებდით პროდუქციის შექმნას კონკურენტუნარიან ფასად და შევძლებდით იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას. 2013 წლის პირველ კვარტალში წარმატებით განვახორციელეთ საწარმოო ხაზის გამართვა და დაიწყო იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლება ბაზარზე. თუ დასაწყისისთვის ჩვენი საწარმოს წარმადობა თვეში მხოლოდ 25-30 ტონა მზა პროდუქციას შეადგენდა, დღესდღეობით, მისი მაჩვენებელი 100 ტონას აჭარბებს. 

M: რა როლი შეასრულა კომპანიის საქმიანობაში პროგრამამ „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში”?

2014 წლიდან დავიწყეთ მეორადი პოლიეთილენის გრანულის იმპორტი, რისგანაც ვამზადებდით პოლიეთილენის პარკებს. ამავე პერიოდში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობდა პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში” (USAID WMTR II program), რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა ორგანიზაცია CENN. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა მეორადი პოლიეთილენის წარმოებასთან, მეორადი ნედლეულის ადგილზე შეგროვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში აღნიშნულ საქმიანობაზე კომპანია სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ საქმე ეხებოდა ფინანსებს, რომლის საშუალებაც იმ ეტაპისათვის შპს ზუგოს არ გააჩნდა. USAID WMTR II პროგრამას ჰქონდა შემოთავაზება, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით გაგვემართა სრული საწარმოო ხაზი მეორადი პოლიეთილენის მიღება/გადამუშავება/მზა პროდუქციის შექმნაზე, რითაც ჩავანაცვლებდით იმპორტირებულ პროდუქტს. ეს შემოთავაზება საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ხელს უწყობდა გარემოს პოლიეთილენის პარკებით დაბინძურების შემცირებას. რა თქმა უნდა, იყო რისკები, მაგრამ ასევე იყო ამბიცია, რომ ვყოფილიყავით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აღნიშნულ დარგში და საბოლოოდ კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პროგრამაში ჩართვა. შპს ზუგომ 2017 წლიდან დაიწყო ადგილობრივი მეორადი რესურსით გადამუშავებული პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია.

M: ამჟამად როგორია “შპს ზუგოს” საქმიანობა?

2017 წელს კომპანიამ მიიღო მონაწილეობა CENN-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, გაიარა კონკურსის წესებით დადგენილი ყველა პროცედურა და მოიპოვა 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები, ამავე წელს სრულად მოხერხდა პოლიეთილენის ნარჩენების გადამამუშებელი ხაზის გამართვა. 2017 წლის მაისიდან დღემდე წარმატებით ვახორციელებთ პოლიეთილენის შეგროვებას (განსაკუთრებით აჭარის რეგიონში), გადამუშავებასა და მზა პროდუქციის შექმნას. დღეისათვის ვახერხებთ თვეში 10-15 ტონა მეორადი პარკის შეგროვებას, გადამუშავებას, წარმოებასა და რეალიზაციას. კომპანიაში წარმოებული მეორადი პოლიეთილენის პარკები გამოიყენება, როგორც ნაგვის ურნებში ჩასაფენად, ასევე სამშენებლო მასალების შესაფუთად. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ USAID WMTR II პროგრამისა და „ზუგოს” გაერთიანებული ძალებით დაწყებულმა საქმემ საკმაო წარმატებას მიაღწია და აღნიშნულ საქმიანობაში კომპანია ზუგოს საწარმო ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში, თავისი მაღალი კონკურენტუნარიანობითა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით. მართალია, კანონმდებლობა შეიცვალა, აიკრძალა პოლიეთილენის პარკის წარმოება, მაგრამ ჩვენ შევძელით საწარმოს გადაიარაღება და ამჟამად საკმაოდ წარმატებით ვაწარმოებთ ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს. ახალი რეგულაციების მოთხოვნების ფონზე, მზარდია ბაზარზე ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე მოთხოვნა, შესაბამისად, კომპანიაში განუწყვეტლივ ხორციელდება რეინვესტირება წარმადობის გაზრდის მიზნით. კომპანიაში ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული.

M: კონკრეტულად, რომელ კომპანიებს აწვდით ბიოდეგრადირებად პროდუქციას?

დღესდღეობით შპს ზუგო ბიო-კომპოსტირებად პროდუქციას აწვდის შემდეგ კომპანიებს: მოდუსი (სამშენებლო/სარემონტო მასალები საქართველო), გორგია (სამშენებლო/სარემონტო მასალები საქართველო), ვილმარტი (სუპერმარკეტის ქსელი ბათუმი), იალჩინ მარკეტი (სუპერმარკეტის ქსელი დასავლეთ საქართველო), საკონდიტრო დონა ბათუმი, გუდვილი საქართველო და ა.შ.

M: სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ..

კომპანია ინტენსიურად მუშაობს სარეალიზაციო ქსელის გაფართოებაზე და 2020 წლის იანვრიდან იწყებს მოღვაწეობას ქალაქ თბილისში, დასაწყისისთვის იგეგმება რამდენიმე სადისტრიბუციო ქსელის გამართვა თბილისსა და მის შემოგარენში.

[R]

განხილვა