24
Jul
2019

Lua – ინოვაციური ქოთანი, რომლის დახმარებითაც მცენარე „გესაუბრებათ“

24 Jul 2019

veon
veon


თქვენს მცენარეს აქვს საჭიროებები, თუმცა, არ შეუძლია გიამბოთ მათ შესახებ. Lua შექმნილია იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი მცენარე ვირტუალურ შინაურ ცხოველად იქცეს. ამაზე ლუქსემბურგელმა სტარტაპერებმა იზრუნეს. სპეციალური სენსორებისა და აპლიკაციის დახმარებით, Lua 15 განსხვავებულ ემოციასა და საჭიროებას გადმოსცემს. მაგალითად, გეტყვით, როდის უნდა მორწყათ, რამდენად შესაბამისი და მისთვის სასარგებლო განათება თუ ტემპერატურაა ოთახში. გარდა საბაზისო საჭიროებებისა, ის ემოციებსაც გამოხატავს. მაგალითად, გაჩვენებთ, როდისაა ბედნიერი, მოწყენილი, შეწუხებული და ა.შ.

Lua-ს დახმარებით მცენარე იქცევა კომპანიონად, რომელიც სხვადასხვა გარემოებებზე რეაქციას ავლენს. სპეციალური ანიმაციის დახმარებით, გადმოსცემს, რომ ვამპირად იქცევა, თუ კიდევ რამდენიმე საათი დატოვებთ სიბნელეში, ან გეტყვით, რომ ავადაა და ამდენი წყალიც არ უნდა დაგესხათ მისთვის.

ლუას ხუთი გრძნობა აქვს: ტემპერატურა, წყურვილი, განათება, მოძრაობა და QR კოდის წაკითხვა. მისი 15 ანიმაციიდან 6 მცენარის ჯანმრთელობას ეხება, ხოლო დანარჩენი 9 მას განწყობის გამოხატვის საშუალებას აძლევს. ასევე, აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლიათ ფუნქციები მოარგოთ კონკრეტული მცენარის ტიპს, რადგან, თითოეული ჯიშის მცენარეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული საჭიროებები აქვს. მაგალითად, მორწყვის სიხშირე, ან ტემპერატურა.

 

„ლუას“ გაყიდვას კომპანია 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყებს და მისი ფასი 99 ევრო იქნება. შესაძლებელია მისი წინასწარი შეკვეთაც. თუმცა, სანამ „ლუა“ თქვენამდე მოვა, მის განვითარების გზას, Indiegogo-ზე გადახედეთ. სტატიის წერის მომენტისთვის პროდუქტს 643 მხარდამჭერი ჰყავს და მიღებული აქვს 79,622 ევროს ინვესტიცია, რაც „ლუას“ წარმოების დასაწყებად განსაზღვრული თანხის (30 000 ევრო) 265%-ია.

განხილვა