8
Jul
2019

“მუსიკაზე დიდ უსასრულობას ვერსად იპოვი..” – Lua #თაობა

8 Jul 2019

სიმშვიდე და დიდი დოზით იმედი.. შეგრძნებების კორიანტელი და მივიწყებული მომენტების მომენტალური დაბრუნება.. ზუსტად ისეთი ემოცია, რომელიც აქამდე არც ერთი მუსიკისგან გიგრძვნია – ჩემთვის Lua-ს მუსიკა ყველაფერ ამასთან ასოცირდება. სიმღერებს 14 წლიდან წერს, თუმცა, შემოქმედების საზოგადოებისთვის ჩვენება, სულ რამდენიმე წელია, დაიწყო. მისი და მუსიკის კავშირისა და ზოგადად საქმიანობის შესახებ Lua-ს გავესაუბრეთ:

M: ცოტა რამ Lua-ს შესახებ..

პირველი სიტყვა მთვარე ვთქვი და ჩემი სასცენო სახელი – Lua, სიმბოლურად ამის მატარებელია. სინამდვილეში, ქეთათო ნერგაძე მქვია და სიმღერების წერა 14 წლიდან დავიწყე.

M: როდის გქონდათ პირველი შეხება მუსიკასთან და როგორ გახსენდებათ ეს მომენტი?

როცა „საბურთალოს სახლში“ ვცხოვრობდი (ასე ვეძახი სახლს, სადაც ბავშვობა გავატარე), იქ პიანინო გვქონდა, საკმაოდ დანჯღრეული და შეუხედავი, მაგრამ ის ჩემი ბავშვობის საყვარელი სათამაშო იყო. მასზე ვკითხულობდი, ვჭამდი, ვმეცადინეობდი, ვიმალებოდი და ხანდახან მეძინა კიდეც. ისე არც არის გასაკვირი, რატომაც გამოიყურებოდა ცუდად.. მაგრამ, რაც მთავარია, მასზე დამახსოვრებულ მელოდიებს სმენით ვუკრავდი და ჩემს ოჯახის წევრებს ვასმენინებდი. განსაკუთრებით ჩემს ძმას, საბას უყვარდა ჩემი მოსმენა და, როდესაც სახლში უამრავ ძმაკაცს ამოყრიდა, ჩემს თავს თავმომწონედ წარუდგენდა. მეც დიდი ენთუზიაზმით ვუკრავდი საპატიო პუბლიკის წინაშე და თან თვალს ვაპარებდი საბასკენ ,რომელსაც სიამაყის ღიმილი ერთი ყურიდან მეორემდე გადასჭიმვოდა. ასეთი იყო ჩემი პირველი შეხება მუსიკასთან და ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე ღირებული პერიოდიც.

M: შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი მუსიკალური საქმიანობა?

სწორედ ამ დანჯღრეულ პიანინოზე დავწერე პირველი სიმღერა და ეს გახდა ჩემი მუსიკალური საქმიანობა. არ დამავიწყდება ის ორი შემთხვევით აღმოჩენილი აკორდი, რომელიც ამ არეულ პიანინოზეც საოცრად ლამაზად ჟღერდა. გავიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ამ აკორდების ასე დატოვება და სიმღერის დაწერა გადავწყვიტე. დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მსმენელი სამეგობრო წრე იყო. პირველი ნაბიჯი კი 18 წლის ასაკში გადავდგი, როდესაც JAKO FM-ზე საავტორო სიმღერა I’ll be loving you ჩავწერე. ამას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სწორედ აქედან აღმოვჩნდი Sofar Sound Tbilisi-ზე. ეს კი მაშინ ჩემნაირი დამწყები მუსიკოსისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.

M: რა მიმართულების მუსიკას ქმნით და რატომ მაინც და მაინც ეს ჟანრი/ჟანრები?

სადებიუტო სიმღერები, რომლებიც 14 წლის ასაკში შევქმენი, ჯაზ/ფანკის, პოპ-როკის, ეისიდ-ჯაზის და გოსპელის მიმართულებით იყო. მოგვიანებით გიტარა შევიძინე, რის შედეგადაც წამოვიდა ფოლკის, ინდი-როკის, პოპ როკისა და სხვა უამრავი საინტერესო მიმართულების ელემენტები. დღეს ჩემი რეპერტუარი მოიცავს უამრავ მიმართულებას და ალბათ იმიტომ, რომ წერა ადრეული ასაკიდან დავიწყე. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც მუსიკაზე ისე ლირიკაზე.

M: დღეს რას მოიცავს თქვენი საქმიანობა? 

დღეს ვაკეთებ კოლაბორაციებსა და ექსპერიმენტებს, ასევე ვწერ ახალ სიმღერებს.. მქონდა კოლაბორაცია სიმებიან კვარტეთთან ‘JustQuartet’, რომლისთვისაც ჩემი სიმღერების პარტიები პირველად დავწერე. არაერთ ადგილას დავუკარით და დავუკრავთ. ახლა გავაკეთე ბექვოკალების აკუსტიკური შემადგენლობა, რომლებთანაც ჩემი სახსრებით ლაივ სესიებს ვაკეთებ. მარტოც ვუკრავ და ბენდიც მყოლია ერთჯერადი პროექტებისთვის. სტუდიურ ჩაწერებთან ჯერ ფრთხილად ვარ, არ მინდა, უხარისხო ჩანაწერით გავაფუჭო სიმღერა, თუმცა ახლა ერთ დემოზე ვმუშაობ.

M: მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღიათ.. 

ორჯერ ვიყავი Sofar Sound Tbilisi-ზე, ასევე, შარშან დავუკარი Open Air-ზეც. Soft Eject-ის კონცერტი გავხსენი დედაენის ბაღში. 2017 წელს Alpfest-ზეც დავუკარი. გადაცემა აკუსტიკაში გავაკეთე რამდენიმე ჩანაწერი. მქონდა ორი აკუსტიკური სოლო კონცერტი ჩემს მეგობარ თორნიკე ივანიშვილთან ერთად, რომელიც ასევე აკუსტიკური გიტარით მიფორმებდა სიმღერებს. პირველი ახალ მზიურში ჩატარდა, სადაც ბილეთის ფასი სიმბოლურად 20 თეთრი იყო, ხოლო თვითონ ბილეთი – ფერადი გემრიელი კამფეტები. ეს კონცერტი მივუძღვენი ჩემს ბავშვობას, რადგან, როდესაც 5-6 წლის ქეთათო, ბებიაჩემთან ფოსტაში დავდიოდი, სწორედ იქ ვატარებდი 20 თეთრიან კონცერტებს ფოსტის თანამშრომლებისთვის. მეორე აკუსტიკური სოლო , საიდუმლო იყო – ჩემი მეგობრის პატარა სახლში ჩატარდა, სადაც მხოლოდ ერთი პატარა ოთახია, რის გამოც ზოგი ფეხზე იდგა,ზოგი იატაკზე იჯდა, ზოგი კი ერთმანეთს კალთაში ეჯდა. ამან საღამო თბილი და შინაურული გახადა და ასეც იყო ჩაფიქრებული.

M: რა არის ის, რასაც მუსიკის გარდა, სხვაში ვერაფერში პოულობთ?

ყველაფერს აქვს თავისი მუსიკა. ეს სიტყვები ადრე თითქოს სპონტანურად ვთქვი, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ვაანალიზებ ამ ფაქტს, ვხვდები, რომ მუსიკაზე დიდ უსასრულობას ვერსად ვიპოვი.

M: რომ არა მუსიკა…

რომ არა მუსიკა, იმედია ვინმე გამოიგონებდა მუსიკას..

M: და ბოლოს, დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

 

და ასევე ჩემი აღმოჩენილი არტისტი, რომელიც ისეთივე დაუფასებელია, როგორც Sixto Rodriguez იყო თავიდან. ამიტომ, მინდა, ბევრმა იცოდეს..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა