Lua, იგივე ქეთათო ნერგაძე ის შემსრულებელია, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. იმის გარდა, რომ ის საავტორო მუსიკას ქმნის და პერსონალურ ალბომებზე მუშაობს, მისი შემოქმედება სარეკლამო მიმართულებითაც გვინახავს, როცა ლუას მუსიკა და ხმის ტემბრი „ეშლი ჰოუმსთორის” ვიდეორგოლში მოვისმინეთ. ეს ის არტისტია, რომელმაც ყოველთვის იცის, როგორ იყოს გამორჩეული და როგორ შესთავაზოს მსმენელს გემოვნებიანი რეპერტუარი. სიმღერების უმეტესობა ინგლისურენოვანია, თუმცა მის შემოქმედებაში ქართულსაც იხილავთ.
რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ მომავალ არტისტს კარგი მუსიკალური სმენა ჰქონდა, ოჯახის წევრებმა ადრეულ ასაკშივე შეამჩნიეს. 6 წლის იყო, როცა მუსიკაზე, ფორტეპიანოზე შეიყვანეს, ხოლო 14 წლის ასაკში პირველი სიმღერა დაწერა. ლუა სცენაზე გამოსვლას არ ჩქარობდა, საკუთარი მუსიკალური სტილის ძიებას დიდი დრო დაუთმო. თუმცა იმ დღიდან, როცა პირველად წარდგა მსმენელის წინაშე, პაუზა აღარ ჰქონია და ბევრი გუშემატკივარიც გაიჩინა.
ლუა, ქეთათო ნერგაძე:
14 წლის ასაკში ინგლისურად დავწერე პირველი სიმღერა, თუმცა ცოტა გამიჭირდა, რადგან მაშინ არ მქონდა არანაირი გამოცდილება, თან არც ინგლისური ვიცოდი სრულფასოვნად. ამის მიუხედავად, მაინც ვთვლი, რომ ეს იყო გარდამტეხი ნაბიჯი, რის შემდეგაც სერიოზულად მოვკიდე ხელი მუსიკას. რა თქმა უნდა, მანამდე ვუკრავდი, ვმღეროდი, მაგრამ ამას უფრო გართობის დანიშნულება ჰქონდა. ჩემი თავი მაშინ აღმოვაჩინე, როცა სიმღერა დავწერე. პირველს მოჰყვა მეორე, მესამე და ასე ჩამოვყალიბდი, როგორც საავტორო შემსრულებელი.
პირველი გამზიარებლები ძირითადად მეგობრები იყვნენ და ყველას ძალიან მოსწონდა, თუმცა 18 წლამდე არ გამჩენია სურვილი, სადმე ლაივში დამეკრა ან, თუნდაც, სოციალურ ქსელში გამეზიარებინა ჩემი ნამუშევარი.
M: ლუა, ვიცით, რომ თვითნასწავლი ხართ, თუმცა მუსიკალური განათლებაც გაქვთ მიღებული. მოგვიყევით, რა როლი ითამაშა მან თქვენს ცხოვრებაში?
6 წლის ვიყავი, ფორტეპიანოზე რომ შემიყვანეს და ეს იყო ყველაზე სტრესული წლები ჩემს ცხოვრებაში, რადგან ძალიან არ მიყვარდა ნოტები, განსაკუთრებით კი ბანის გასაღები. მერჩივნა, სმენით გამერჩია. მასწავლებელი რომ უკრავდა, ხელებზე ვუყურებდი და ისე მამახსოვრდებოდა თანმიმდევრობა. ისეც მოხდა, რომ ერთ კონცერტზე საერთოდ დამავიწყდა, როგორ უნდა დამეკრა და მასწავლებელს მოვატყუე, ხელი მოვიტეხე-მეთქი. სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, რადგან ამ დროს მიყურებდა და ხელზე პრობლემა არ მქონდა. მოკლედ, ასეთი ისტორია მაქვს მუსიკაზე სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ნოტების არცოდნას ჩემთვის ხელი შეუშლია, რადგან დღეს პარტიტურებსაც ჩვეულებრივ ვწერ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემი მუსიკისთვის მჭირდება.
სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა დადგა უნივერსიტეტში ჩაბარების საკითხი, ავირჩიე კონსერვატორია, რასაც ოჯახის წევრები ცოტა კრიტიკულად უყურებდნენ, რადგან მათ სურდათ, შემოსავლის კუთხით უფრო პერსპექტიული პროფესია ამერჩია, მაგრამ მაინც ის ავირჩიე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. კონსერვატორიაში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც დღემდე ვკონტაქტობ და ზოგადად, კარგად მახსენდება იქ მიღებული გამოცდილება.
M: როდის გადაწყვიტეთ, რომ უკვე მზად იყავით თქვენი შემოქმედების გასაჯაროებისთვის?
მახსოვს, რადიო „ჯაკო FM-ზე” ლაივსესიები იმართებოდა. 18 წლის ვიყავი, ჩემს კურსელებს ვთხოვე და უცებ შევკარით პატარა ბენდი: აკუსტიკურ გიტარაზე ვუკრავდი, ასევე, სამი ბექვოკალისტი გვყავდა და ერთიც კლავიშზე უკრავდა. გავედით და ცოცხლად ჩავწერეთ ერთი სიმღერა, რომელმაც საკმაო ყურადღება მიიქცია. ამის შემდეგ მალევე „სოფარმა” შემომთავაზა დაკვრა თავისი პროექტის ფარგლებში.
2018 წელს გავაკეთე ბენდი და გავედი Newcomers-ზე, სადაც გავიმარჯვეთ და გავედით Tbilisi Open Air-ზე, მთავარ სცენაზე.
M: ერთი მუსიკოსის დასახელება რომ გთხოვოთ, ვინც თქვენს გემოვნებაზე გავლენა იქონია, ვის დაასახელებდით?
ბავშვობიდან ვუსმენდი ჯეფ ბაკლის. ჩემთვის უცვლელი მუსიკოსია, რომელსაც სულ მოვუსმენ და მის მიმართ ინტერესი არ იწურება. რაც უფრო ვიზრდები მუსიკალურად, მის შემოქმედებასაც უფრო ვწვდები. მისგან წამომივიდა ცოცხლად შესრულების ინსპირაციაც. ბავშვობიდან ბევრ ჟანრს ვედებოდი, თავიდან უფრო ქანთრის სტილის გოგო ვიყავი გიტარით ხელში, მერე იყო ჯაზი, ელექტრონული მუსიკაც კი. ეს მოგზაურობა საინტერესო იყო საკუთარი თავის ძიებისთვის.
M: თქვენ მუსიკალურ არანჟირებასაც თავად აკეთებთ. როგორ მიხვედით ამ ეტაპამდე და რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოგიტანათ მან?
ბოლო 2-3 წელიწადია, რაც თვითონ დავიწყე არანჟირების კეთება, ჩაწერა და აქ ყველაზე მეტად ვიპოვე ჩემი თავი, რადგან ამ ფორმატში მუშაობით უფრო მეტად შევიგრძენი საკუთარი მუსიკა. მანამდე პროდიუსერებთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად ვაკეთებდი, რაც ასევე ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ სიმღერებს მაინც სხვისი ხელი ეტყობოდა. თავიდან ძალიან მეშინოდა და მეგონა, რომ არ გამომივიდოდა არანჟირება, მაგრამ მოვახერხე და პატარა ალბომიც, ე.წ. EP ჩავწერე, რომელსაც ახლა რომ ვუსმენ, ვხვდები, რომ შეიძლება რაღაცები დღეს სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან მომწონს, იმ მომენტისთვის ნამდვილია და გულწრფელი.
ზოგადად, მინდა ისიც დავამატო, რომ ჩემი შემოქმედების მთავარი გზავნილი სწორედ გულწრფელობაა – ყველაფერი, რაც გამოცდილებით მიმიღია, განმიცდია, ჩატეულია ჩემს მუსიკაში და ემოციურად ყოველთვის ნამდვილია.
M: რაზე მუშაობთ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად ვმუშაობ ახალი ალბომის ჩაწერაზე, რომელიც ჯერ არ ვიცი ზუსტად, როდის გამოვა, სავარაუდოდ 2025 წლის გაზაფხულზე. მინდა ვთქვა, რომ არ ვჩქარობ, მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე, სანამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ დალაგდება.
თუმცა უახლოეს დღეებში, 5 იანვარს ვმართავ ცოცხალ კონცერტს, რომელსაც ექნება საქველმოქმედო სახე და დაეხმარება აქციებზე დაზარებულ ადამიანებს. ვუკრავ სიმებიან კამერულ ორკესტრთან ერთად, სადაც შევასრულებ იმ სიმღერებს, რომლებზეც ვფიქრობ, რომ არის ძალიან „ჩემი” – ჩატეულია მთელი ჩემი მუსიკალური თავგადასავალი, ამიტომ კონცერტს ერთგვარი პრეზენტაციის სახეც ექნება.
M: რუბრიკის ტრადიციული კითხვა: რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
დავუტოვებ ჯონი მიტჩელის Both Sides Now-ს, ოღონდ 2022 წლის ლაივვერსიას, რადგან ყველაზე მეტად მომწონს. მართალია, მიტჩელი 23 წლის იყო, როცა ეს სიმღერა დაწერა, მაგრამ ამ კონცერტზე ის უკვე ასაკშია და გასაოცარია როგორც მისი ტემბრი, ისე შესრულების მანერა.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი