13
Dec
2019

„ლუკა პოლარეს“ დათვისგან თავიღა დარჩა!

13 Dec 2019

კაფე-სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარე“ ბრენდის კონცეფციასთან ერთად, მთავარი დაპირება – „საუკეთესო ნაყინი და ბევრი სხვა აღმოჩენა“, ლოგო და კომუნიკაციის სტანდარტებიც განაახლა.
ცვლილებები ბრენდის ახალ საფეხურზე გადასვლის გეგმებს უკავშირდება – „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო ბაზრის ასათვისებლად ემზადება და გარდა ამისა, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბრენდის წინა დაპირებამ თავი ამოწურა და მიმდინარე პრიორიტეტებთან თანხვედრაში შეუსაბამობის გამო, მოდიფიკაციას საჭიროებდა: „11 წლის განმავლობაში, ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ და ყველაზე უკეთ ამას ჩვენი მომხმარებელი გრძნობს“, – გვიყვება ანი ციცქიშვილი, „ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

რებრენდინგზე მარკეტინგულმა სააგენტო Red Monkeys-მა იმუშავა, რომელიც თავად იყო ავტორი ბრენდის თავდაპირველი კონცეფციისა თუ ვიზუალური იდენტობისა. ამჯერად კი, მას თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, ლოგოსთვის მინიმალისტური ხასიათის მიცემა და მისი უფრო მობილურ ვიზუალად გარდაქმნა მოუწია.

დღეს, ბრენდის მთავარი იდეა მთლიანად ემოციებს, ინსპირაციასა და სასიამოვნო მომენტების შექმნას ეთმობა. „ლუკაზე“ ამბობენ, რომ აქ იქმნება გარემო, სადაც ადამიანებმა თავი ბედნიერად უნდა იგრძნონ. ადრე ბრენდი თუ მეტწილად, პროდუქტზე ფოკუსირებული იყო, ახლა მისთვის მთავარი ემოციები და ადამიანური ურთიერთობები გახდა პრიორიტეტული.

„ლუკა“ მომხმარებლებთან კიდევ უფრო უშუალო, ძალიან მეგობრული, გახსნილი და ტოლერანტი გახდება. ისეთი, ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნებას რომ იღებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა, ჩვენი ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ნათელი გახდება და უკუკავშირსაც შესაბამისს მივიღებთ, – ანი ციცქიშვილი.

ბრენდის პოზიტიური ცვლილებები დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, მხოლოდ მომხმარებლებთან ურთიერთობაში არ გამოიხატება. „ლუკა პოლარემ“ გადაწყვიტა, საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული პლასტმასა ხის აქსესუარებითა და ნივთებით ჩაენაცვლებინა და ამით კიდევ ერთხელ, ხაზი იმისთვის გაესვა, რომ აქ ყველაფერი ნატურალურია. კომპანია კი ზუსტად ასეთივე პროდუქტს აწარმოებს.

„ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 60-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 11 წელია, საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 3 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 10 ფილიალით, ბათუმში – 4 და ქობულეთში – 1.

განხილვა