in

ზეტ თაობას „იღბლიანი გოგოს სინდრომი“ აქვს — რას ნიშნავს ეს?

M2
M2

თითოეულ თაობას ოპტიმიზმისა და საკუთარი თავის რწმენის თავისებური ფორმა აქვს — მაგალითად, „ბეიბი ბუმერებს“ პოზიტიური აზროვნების ძალა ჰქონდათ; მილენიალებს თავმოყვარეობა გამოარჩევთ, ხოლო ზეტ თაობას „იღბლიანი გოგოს სინდრომი“ აქვს. ეს უკანასკნელი არის რწმენა, რომ დადებითი მანტრები და პოზიტიური ხედვა ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენებს პიროვნების სასიკეთოდ შეცვლის.

TikTok-ის აქტიურ მომხმარებლებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ეს „იღბლიანი გოგოს სინდრომია“ მათი წარმატების მიზეზი — ამის გამო ახერხებენ პირველი სახლის ყიდვას, კარიერულ წინსვლას და შემოსავლის გაზრდას. ასტროლოგები ამ სინდრომს ნატალური სქემების კონტენტით ავსებენ, სხვები კი პოზიტიურ მანტრებს აზიარებენ, რითაც ბედნიერი დღეების ქონის იდეით შთაგვაგონებენ.

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, იღბლიანი გოგოს სინდრომის ბოლოდროინდელი პოპულარობა ლორა გალებას, 22 წლის კრეატორს მიეწერება. მან დაახლოებით ერთი თვის წინ ვიდეო გამოაქვეყნა TikTok-ზე, თავის მომაჯადოებელ ცხოვრებაზე, წარწერით „მოდით, ვისაუბროთ იღბლიანი გოგონების სინდრომზე“. ლორას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატება, კრეატორობით დაწყებული, ნიუ-იორკში ცხოვრებით დამთავრებული, სწორედ პოზიტიური აზროვნების ძალის დამსახურებაა.

„უბრალოდ, ეცადეთ, იყოთ რაც შეიძლება დელუზიური და გჯეროდეთ, რომ ის, რაც გინდათ, თქვენამდე რეალურად მოვა“, — ამბობს ლორა.

იღბლიანი გოგოს სინდრომი, თავის არსში, ეფუძნება ეგრეთ წოდებულ მიზიდულობის კანონს — ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი აზრების ენერგია იზიდავს და განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში განვიცდით. ეს კონცეფცია დაახლოებით 1800-იანი წლებით თარიღდება და მას ფსევდომეცნიერებასაც უწოდებენ, თუმცა არსებობს გარკვეული ახსნაც, რატომ მიიჩნევენ ადამიანები პოზიტიური აზროვნების ეფექტს რეალურად.

ოპტიმიზმი და მანტრები დაგეხმარებათ, მაგრამ ყველა პრობლემას არ გადაჭრის

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კეროლ დუიკმა აღმოაჩინა, რომ იმას, თუ როგორ აღიქვამენ სტუდენტები თავიანთ შესაძლებლობებს, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მათ მოტივაციასა და მიღწევებზე. დვეკის აზრით, მათ, ვისაც აქვს „ზრდის“ აზროვნება, ანუ რწმენა იმისა, რომ ინტელექტი შეიძლება განვითარდეს, აჯობებს მათ, ვისაც მიაჩნია, რომ მათი ინტელექტი უცვლელია.

ნაჩვენებია, რომ ოპტიმიზმის პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ყველა ასპექტს. და მანტრები, რომლებიც შინაგან სიმშვიდესა და თავდაჯერებულობის გამოწვევაზეა ორიენტირებული, კეთილდღეობას ზრდის. „ამის საფუძველი ფსიქოლოგიური მიკერძოებაა, სახელწოდებით „ილუზიური კორელაცია“, სადაც ყველაფერს ერთმანეთთან  ვაკავშირებთ, თუნდაც უბრალოდ დამთხვევები ან შემთხვევითი მოვლენები ყოფილიყო. ამის შესანიშნავი მაგალითია მანტრის ან აფრიმაციის გამეორება, როდესაც რაღაც კარგი ხდება“, — განმარტავს კრისტოფერ ჩაბრისი, კოგნიტიური მეცნიერი.

აქვს თუ არა „იღბლიანი გოგონას სინდრომს“ უარყოფითი მხარე?

TikTok-ზე ყველა არ ეთანხმება იღბლიანი გოგონას სინდრომის პრინციპებს. მელოდი უოკერი, 37 წლის მომღერალი, ამ ტენდენციას „შხამიან სულიერებას“ უწოდებს, რომელიც ადამიანებს აიძულებს, თავი დაიდანაშაულონ ყველაფერში, როცა ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის.

ადამიანების მისწრაფებები და ოცნებები ასახავს იმას, რაც მათ სურთ ცხოვრებისგან და მნიშვნელოვანია ამის დაფასება, ამბობს გაბრიელ ოტინგენი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. მომავალზე ოცნებამ შეიძლება გაგახაროთ და გარკვეული პერიოდითაც დაგაკმაყოფილოთ, მაგრამ ოტინგენის კვლევის მიხედვით, ეს ფანტაზიები საკმარის ენერგიას არ მოგცემთ მიზნების მისაღწევად.

„პოზიტიური ფანტაზიები და ოცნებები კარგია ჩვენი ამჟამინდელი განწყობისთვის, მაგრამ ისინი პრობლემურია, თუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ოცნება დაგვეხმარება სურვილების ასრულებაში. პირიქით, ასეთი აზრები ენერგიას გვპარავს, რაც იმის ალბათობას ამცირებს, რომ რეალურად განვახორციელებთ ჩვენს მიზნებს“, — ამბობს ოტინგენი.

მთლიანობაში, ფსიქოლოგები პოზიტიურ აზროვნებას ემხრობიან, უბრალოდ ერთ მითითებას გვაძლევენ: მომავლის რომანტიზაციის და იმის რწმენის ნაცვლად, რომ ყველაფერი მხოლოდ სწორი ფიქრით გამოვა, პოზიტიური აზროვნება რეალური ქმედებებით უნდა გავაჯეროთ.

რა გავლენა აქვს ფასების ცვლილებას მომხმარებელთა ყიდვის გადაწყვეტილებაზე? — კვლევა

ChatGPT სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი გახდა