24
Jan
2020

როცა მშობლები ჩვენს პროფესიულ არჩევანში ერევიან – ამბავი ვეტერინარულ კლინიკა LuckyPaw-ზე

24 Jan 2020

Startauperi
Startauperi


წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გინდათ, მაგალითად, მსახიობობა. მღერით, უკრავთ, ქორეოგრაფიული შესაძლებლობების გამო, ბევრ ქვეყანაში მოგზაურობთ. ერთ-ერთი ასეთი გასტროლი კი, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებასა და ფაკულტეტების ჩაწერის პერიოდს ემთხვევა. შენს საქართველოში არყოფნის პრობლემას მშობელი ჭრის – აუცილებელ ველებს შენ მაგივრად ავსებს და წყვეტს, რომ ვეტერინარი უნდა გამოხვიდე.

ზუსტად ასე იყო 29 წლის ირაკლი ნარჩემაშვილის შემთხვევაში.ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ ცხოველები ბავშვობიდან გიყვართ. ვეტერინარობა გინდათ, მაგრამ მშობლების დაჟინებით, ბუღალტერია-აუდიტის ფაკულტეტზე ჩაბარება გიწევთ. მერე ხვდებით, რომ საყვარელი საქმის კეთებაში ხელს ვეღარავინ შეგიშლით და მესამე კურსიდან, საბუთები ვეტერინარიის ფაკულტეტზე გადაგაქვთ.

ეს 26 წლის მაშო შუბლაძე გამოცდილებაა.

მაშო და ირაკლი ერთ-ერთი კერძო ვეტერინარული კლინიკის კოლეგები იყვნენ, ერთადვე გადაწყვიტეს იქიდან წამოსვლა და საერთო საქმის ნულიდან დაწყება – ნაჩუქარი მაგიდებით, თაროებით, ინვენტარით… და ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერის შედეგად, „ლაქიფოუს“ ვეტერინარულმა კლინიკამ ფეთქვა დაიწყო.

კლინიკა აღმაშენებელზე გაიხსნა იმიტომ, რომ როგორც მაშო გვიყვება, ამ ტერიტორიაზე ისეთი ვეტერინარული კლინიკა არ იყო, საჭიროების შემთხვევაში, ცხოველებისთვის ნებისმიერი მომსახურების გაწევას რომ შეძლებდა: ქირურგიას, თერაპიას, ვაქცინაციას, სისხლის ანალიზს, რენტგენს, ექოსკოპიას, კასტროსკოპიას, ბრონქოსკოპიას და სხვა.

ზოგადად, ვეტერინარები ცოტანი ვართ. არადა, ჩვენზე მოთხოვნა დიდია. ეს პროფესია არც ისეთი პოპულარულია და ამიტომ, თანამშრომლებს ვერ ვპოულობთ ხოლმე, კლინიკაში რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ, – მაშო შუბლაძე.

„ლაქიფოუში“ ვეტერინარული მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ფეისბუკის მეშვეობით ან ტელეფონით წინასწარ ჩაწერით, ისე ცოცხალ რიგში ჩადგომით. თუმცა, არსებობს სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, რომლის დროსაც „კლინიკას ვაღებთ და პაციენტებს დახმარებას შუაღამეს ვუწევთ“.

M: მაშო, შეგიძლიათ, ზოგადად, თქვენს სფეროში არსებულ გამოწვევებზე გვესაუბროთ?
ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს ის, რომ კლინიკაში მოსვლა აუცილებელია. ძალიან ხშირად, ადამიანები სახლის პირობებში მკურნალობენ ხოლმე ცხოველებს ნივრით, შაბიამანით, მანქანის დამწვარი ზეთით, რაც სავალალო შედეგებით მთავრდება.

ძალიან ბევრი ზარი შემოდის ხოლმე, დაახლოებით, ასეთი: „ცხოველი კლინიკამდე ვერ მომყავს და იქნებ, კონსულტაცია დისტანციურად გამიწიოთ“ – ეს არის წარმოუდგენლი. ხანდახან ჰგონიათ ხოლმე, რომ ჩვენი პირადი ინტერესია ცხოველის კლინიკაში მოყვანა. აქეთ ვეხვეწებით ხოლმე, რომ ოღონდაც მოიყვანონ, დისტანციურად რომ არასწორი დიაგნოზი არ დავსვათ და ფულს არ გადავახდევინებთ. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა.ასევე, ირაკლი, მემგონი, ერთადერთია, ვისთანაც ფრინველებსა და მღრღნელებს აგზავნიან. სხვებთან შედარებით, ბევრად უკეთ ერკვევა, რადგან სპეციალურად შეისწავლა ეს სფეროც.

გარდა ამისა, სამწუხაროდ, არ არსებობს სასწავლო პროგრამა, რომლითაც ვეტერინარები კვალიფიკაციის ამაღლებას შევძლებთ და ამიტომ ჩვენით ან ჩვენი უფროსი კოლეგების დახმარებით გვიწევს ბევრ რამეში გარკვევა.

როგორც მაშო ამბობს, კლინიკა სტარტაპსესხის დახმარებით ფუნქციონირებს. მისივე თქმით, საკუთარი კლინიკის ქონა და მისი შენახვა ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა კი,  ფიქრობს, რომ „ლაქიფოუს“ პოტენციალი აქვს, წარმატებულ ბიზნესად იქცეს და ამისთვის, უფრო კი, ცხოველების სიყვარულის გამო, თავდაუზოგავად შრომობს.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა