in

„დაფრენდზონებული“ ლუდის ვიზუალური იდენტობა

როდესაც ერთსა და იმავე ქუჩაზე ერთი ტიპის კომპანიები იყრიან თავს, უმეტესწილად, ერთმანეთის მოსისხლე მტრებად იქცევიან. თუმცა ასე არ მოხდა Port Moody-ისა და British Columbia-ს შემთხვევაში, რომლებმაც კანადაში მიურეის ქუჩაზე დაიდეს ბინა — დაპირისპირების ნაცვლად კი საერთო პროდუქტი, სახალისო ლუდი Friend Zone გამოუშვეს და არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩამოაყალიბეს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.

თუმცა დღევანდელ სტატიაში არა მათ ვრცელ საქმიანობაზე, არამედ ლუდის შეფუთვასა და ბრენდინგზე ვისაუბრებთ. ეს არის კენკრის, გრეიპფრუტისა და მანგოს არომატებით გაჯერებული სასმელი, რომელიც ბრენდისთვის სასიამოვნო, სახალისო გამოცდილებასთან ასოცირდება. რაც შეეხება ვიზუალურ იდენტობას, მასზე ვანკუვერში დაფუძნებულმა სააგენტო Glasfurd & Walker-მა იმუშავა.

„ბრიფად მივიღეთ ეტიკეტის შექმნა, რომელიც ლუდსახარშთანაც იქნებოდა კავშირში, მაგრამ საკუთარ განსხვავებულ და უნიკალურ იდენტობას შეინარჩუნებდა. თითოეულ ლუდსახარშს აქვს თავისი ბრენდი და დიზაინის ენა, ამიტომ გამოწვევა იყო ისეთი რამის შექმნა, რომელიც ყველაფერ ამას გააერთიანებდა და, ამავდროულად, ავთენტურობას შეუნარჩუნებდა“, — განმარტავენ სააგენტოში.

ილუსტრაცია

ქილაზე დატანილ ილუსტრაციას კარგად თუ დააკვირდებით, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ელემენტები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს — ლამაზ, ჯადოსნურ და ერთიან სამყაროში. ეს არის ერთდროულად ველური, ნოსტალგიური და თანამედროვე ელემენტების სინთეზი, რაც, რეალურად, ხილის არომატით გაჯერებული ალკოჰოლური სასმლისთვის სრულიად სახასიათო გადაწყვეტაა.

„ვცდილობდი, ჩემს ნამუშევარში მხიარულება და გრაფიკული შესაძლებლობები დამებალანსებინა. ამ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან სხვადასხვა სამყაროს ელემენტების ერთ ლანდშაფტად გაერთიანება შევძელი“, — აღნიშნავს ილუსტრატორი ქეით დეჰლერი.

ასე მოხვდა ერთ კომპოზიციაში მთები, პარკები, ტელეფონი, ძაღლი და ა. შ. თავის მხრივ, მათ ერთიანობას მრავალფეროვანმა პალიტრამაც შეუწყო ხელი.

„ყველაზე სწრაფი ბილბორდები“ — McDonald’s-ის აბსტრაქტული რეკლამა

ეროვნული ბანკის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე ვიდეოკონკურსი ტარდება