in

Luggage Storage Tbilisi – ბარგის შესანახი საკანი – ორი ქართველი მეგობრის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

თბილისში, ბარგის შენახვაზე ორიენტირებული, ცალკეული მომსახურებების სიმცირეა. მსგავსი სერვისით სარგებლობა ტურისტებს აეროპორტში, ვაგზალზე და სხვადასხვა სასტუმროებში შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ამ სასტუმროების სხვა მომსახურებებით უკვე ისარგებლეს, რა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ, ორმა ქართველმა მეგობარმა საბა ოდიშარიამ და ავთანდილ გეგენავამ, თბილისში ბარგის შესანახი საკანი Luggage Storage Tbilisi გახსნა, რომელიც ტურისტებისთვის ბარგის განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ახალბედა ბიზნესს ტურისტულად საინტერესო და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს შერჩეული. რა საჭიროებებია ბარგის შესანახი სივრცეების მხრივ თბილისში, რა სპეციფიკა ახასიათებს ამ სახის ბიზნესს საქართველოში და როგორ ავრცელებს Luggage Storage Tbilisi ინფორმაციას მისი მომსახურების შესახებ. ამ საკითხებზე კომპანიის თანადამფუძნებელს – ავთანდილ გეგენავას ვესაუბრეთ:

M: როგორ შექმენით ბარგის შენახვაზე ორიენტირებული მომსახურება?
იდეა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაგვებადა, როდესაც 10 დღის განმავლობაში, დაახლოებით, 7-ჯერ გამოვიყენეთ მსგავსი მომსახურება, იტალიის სხვადასხვა ქალაქში. შემდგომ, თბილისში ჩავატარეთ მცირე კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ, კლასიკურად, მხოლოდ ბარგზე ორიენტირებული მომსახურება ქალაქში არ გვაქვს (მხოლოდ აეროპორტში, ვაგზალზე და რამდენიმე სასტუმროს „რესეფშენში”) შესაბამისად, ცდის მეტი არაფერი გვქონდა დარჩენილი და ვცადეთ კიდეც.

M: რამდენად სტრატეგიულია თქვენ მიერ შერჩეული ადგილი ამ საქმისთვის და ვისთვის შეიქმნა თბილისში ეს მომსახურება?
სტრატეგიული ადგილი არის იმდენად, რამდენადაც ქალაქის ცენტრშია. ეს მომსახურება მიმართულია იმ ადამიანებისაკენ, რომელთაც აქვთ Check out დილის საათებში და ფრენა აქვს გვიან ღამე, რეალურად, ცენტრიდან და ტურისტული ადგილიდან აეროპორტში რომ წავიდეს და შეინახოს თავისი ბარგი, მერე უკან წამოვიდეს და ფრენისას ისევ იქით, ცოტა რთულია. ლოგიკურად, ტურისტული ადგილი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ამ საქმისთვის. ჩვენი ადგილმდებარეობაა ლაღიძის 2 (ოპერის თეატრის გვერდით). ადამიანი, რომელსაც აქვს Check out, შეინახავს ბარგს ტურისტულ ადგილებთან ახლოს, მოივლის სასურველ ტერიტორიას, რის შემდეგაც, შესაბამის დროს, ბარგს აიღებს და გაემართება აეროპორტში. გარდა ამისა, არიან ტურისტები, რომლებიც არ ჩერდებიან ერთ ადგილას და უნდათ სხვა ქალაქების მონახულებაც, ამ შემთხვევაში, მათ აქვთ საშუალება ჩვენთან დატოვონ ძირითადი, დიდი მოცულობის ბარგი და თან წაიღონ შედარებით მცირე ჩანთა.

M: როგორ იგებენ ტურისტები თქვენ შესახებ? ინფორმაციას როგორ ავრცელებთ?
ინფორმაცია ვავრცელებთ facebook გვერდის მეშვეობით, ასევე, ჩვენი ბიზნესი მოვნიშნეთ Google Map-ზე. tripadvisor-ზე გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა. ვისაც დასჭირდება ეს მომსახურება და ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას, აუცილებლად გვიპოვნის.

M: როგორც ვიცით, თბილისში ვაგზლის ტერიტორიაზე და აეროპორტში არის შესანახი საკნები. რა განგასხვავებთ მათგან?
როგორც გავიგე იქ მხოლოდ საკანში დებ, კოდს კრეფ და მერე აკითხავ ამ ბარგს, ჩვენთან კი ფიზიკურად აბარებ ადამიანს და სპეციალური სივრცეა ამისთვის შექმნილი.

M: თუ იზღუდება ბარგის დატოვების ვადა, დრო ან რაოდენობა და რა ფასებშია თქვენი მომსახურების მიღება შესაძლებელი?
არა, შეზღუდვა არ გვაქვს, შესაბამისი ტარიფებია განსაზღვრული. 4 კატეგორიის ბარგი არის: S,M,L,XL შესაბამისად 4,6,8 და 10 ლარი ღირს მათი დატოვება, 24 საათის განმავლობაში. Storege მუშაობს 10-დან 19 საათამდე, ვისაც უნდა სამუშაო საათების გარეთ ბარგის დატოვება, დამატებითი თანხაა განსაზღვრული, რომელიც უნდა გადაიხადოს და ნებისმიერ დროს, თუნდაც დილის 5 საათზე მივიღებთ ან გავატანთ ბარგს.

M: ბარგის უსაფრთხოების მხრივ, რა სისტემა გაქვთ შემუშავებული?
გამოყოფილია ანტრესოლის ტიპის დახურული ადგილი, ჩვენი მენეჯერი იბარებს ბარგს, გამოწერს ბარგის ჩაბარების აქტს, ერთს დააკრავს ჩანთას ხოლო მეორეს მისცემს პატრონს და ჩანთას აიტანს უსაფრთხო ადგილას.

19 ივნისს საქართველოში მამის დღე, წელს, მეორედ აღინიშნება!

•აიისა • – ქართული პრეზერვატივის ახალი ბრენდი