Facebook გვერდი “დრო მიდის, კადრები კი რჩება” უკვე მეოთხე წელია სთავაზობს მკითხველს იშვიათ საინტერესო კადრებსა და ისტორიებს. პროექტი ლუკა გვაზავასა და ლელა მოწყობილის ინიციატივით შეიქმნა, მოგვიანებით კი გუნდს ათობით ადამიანი შეუერთდა. არსებობიდან დღემდე, გვერდმა 235 000 გამომწერი დააგროვა და ხალხის განსაკუთრებული სიყვარულიც დაიმსახურა, რის შედეგადაც დაიბადა წიგნის გამოცემის იდეა. “დრო მიდის, კადრები კი რჩება”, წიგნის სახით, 2016 წლის 27 დეკემბრიდან არის გაყიდვაში და უკვე ბესტსელერია. როგორი იყო გზა ქართული ფეისბუქ გვერდიდან ბესტსელერამდე, თავად ავტორმა, ლუკა გვაზავამ გვიამბო.

M: პირველ რიგში, გვიამბე შენზე, ვინ ხარ, რას საქმიანობ, რით “სუნთქავ”…
2013 წელს მივხვდი, რომ უნივერსიტეტს ჩემს ცხოვრებაში არავითარი როლი არ ჰქონდა, ავდექი და მივატოვე. გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა ამას, თან ვმუშაობდი, ძალიან, ძალიან მაგარ ადგილას. მოკლედ, 3-4 წელია რეკლამებში ვარ, Digital Marketing-ი, პარალელურად ვაკეთებ იმას, რაც ყველას ასე ძალიან უყვარს, ვუვლი ჩემს გვერდს, დანარჩენ ადმინებთან ერთად, ასევე ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ვარ პროექტ #ეკვილიბრიუმის მენეჯერი, მეგობრებთან ერთად შევქმენი ჩემი პატარა Digital მარკეტინგული კომპანია და ვარ Inspiration Marketing-ის პარტნიორი, ქალბატონმა ირინა დუმბაძემ მოინდომა ჩვენს გუნდთან თანამშრომლობა და ერთად ვუმკლავდებით სიძნელეებსა და სიახლეებს სოციალურ ქსელში. ვეძებთ ტრენდებს და ვაფუძნებთ მას ქართულ რეალობაში, ვუსადაგებთ ერთმანეთის გამოცდილებასა და იდეებს, მოკლედ ვიწყებთ, დიდი ენთუზიაზმით.
M: საიდან დაიწყო ყველაფერი? როგორ შეიქმნა გვერდი? რა იყო ამ ყველაფრის მიზანი?
ეს გვერდი შეიქმნა 2013 წლის 11 აგვისტოს, გვერდი შევქმენით მე და ლელა მოწყობილმა, რომელიც ნანახიც კი არ მყავს, მეოთხე წელია ონლაინ ვთანამშრომლობთ, მერე ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ ხალხი, ადმინები, ახლა 38-ნი ვართ და ყველას ერთნაირად გვიყვარს, ერთნაირად ვუფრთხილდებით. ამ ყველაფრის მიზანი, პირადად ჩემი მხრიდან, დასაწყისისთვის იყო, რომ ის ფოტოები რომლებიც მომწონდა, ფართო მასებისთვის გამეცნო, არ მაკმაყოფილებდა მარტო ჩემი Friend List-ი, ამიტომაც გადავწყვიტე გვერდის შექმნა, მერე ყველაფერი ისე აეწყო, რომ წიგნამდეც მივედით…
M: როგორ განვითარდა? რა იყო და არის ამ გვერდის განმასხვავებელი “ნიშანი”? როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა გვერდის ასეთი პოპულარობა? მოგვიყევი თავად მკითხველების ინტენსიურ ჩართულობაზეც…
დღიდან დაარსებისა, გადავწყვიტეთ, რომ ეს გვერდი არასოდეს დადებდა ე.წ. პაპსა პოსტს, არასოდეს არ გადავუხვევდით ჩვენს მთავარ ნიშას – ხარისხს, ყველგან, ყველა ინტერვიუში, გაზეთშიც, ჟურნალშიც და ტელევიზიაში, ყველგან ხაზს ვუსვამთ ჩვენი გვერდის ხარისხს, როგორც ინფორმაციის ასევე მისი წერის სტილის, ფოტოს, პასუხის. აკადემიური სტილი, აი, ესაა ჩვენი სტილი, თანაც ცოტა თანამედროვე. ჩვენი წერის სტილი არის ჩვენი ნიშა ასევე.
M: დღეს ძალიან რთულია, გადავდოთ გვერდით სმარტფონები და ფურცლებიდან ვიკითხოთ, რატომ გადაწყვიტეთ წიგნის გამოცემა? საიდან გაჩნდა იდეა და რა იყო წიგნის გამოცემის მიზანი?
წიგნის იდეა თანდათანობით გაჩნდა, ხალხიც ითხოვდა, პირდაპირ თუ ირიბად, ვგრძნობდით, რომ გვერდის ფორმატი აღარ იყო საკმარისი და როგორც თავის დროზე ჩემი “ფრენდ ლისტიდან” ფართო მასებზე გავედი გვერდის საშუალებით, ახლაც მსგავსი სტილის გადაწყვეტილება მივიღეთ, მოგვინდა ჩვენი პროდუქტი არა მარტო ეკრანებზე, არამედ ფურცლებზე, წიგნის თაროებზე ყოფილიყო. არ ვიქნები თავმდაბალი და არ ვიტყვი, რომ არ ველოდით ასეთ შედეგს, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდით. მთელი ცხოვრებაა მეგობრებთან კამათისას ვიძახი, რომ ლიტერატურაში ჩვენ ისეთი ხალხი გვყავდა, ნებისმიერი ქვეყანა გამოვიდეს და გვეკამათოს, მაგრები ვიყავით ამ საქმეში და მაგრები ვართ და ამ ქვეყანაში ეს წიგნი ბესტსელერი გახდა, ამის გამო გვცხვენია, გვეშინია და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. შეიძლება ეს წიგნი ლიტერატურული თვალსაზრისით დიდ სიმაღლეებს არ იპყრობს, მაგრამ ავანტიურამ და კრეატივმა შედეგი გამოიღო, ამ წიგნს ყველა წერს, ვინც კითხულობს, ადამიანს შეუძლია თავისი აზრები ჩაწეროს და ის რაშიც არ მეთანხმება ავტორს, მეკამათოს, დიალოგია, მონოლოგიც, კამათიც, ჩხუბიც და ჰარმონიაც, ყველაფერი შეგიძლიათ ამ წიგნში ნახოთ. რაც შეეხება სმარტფონებს, თანამედროვე ტექნოლოგიის მსუბუქი და ირიბი ინტეგრაციით მარკეტინგულ მხარეს შევუტიეთ. წიგნში ხომ კომენტარების ჩაწერა შეუძლიათ ადამიანებს, ეს ნიშნავს იმას რომ ცოტა ფეისბუქიც არის წიგნში.
M: რა საკომუნიკაციო არხებს იყენებდით მკითხველთან ურთიერთობისთვის?
არავითარს, მხოლოდ ჩვენი გვერდის საშუალებით ვახდენდით კომუნიკაციას, არ გამოგვიყენებია არაფერი. ჩვენს თავს დავუმტკიცეთ, რომ ძალიან მაგარი საკომუნიკაციო არხი ვართ, ჩვენ – ადამიანები რომლებიც ამ გვერდზე ვმუშაობთ, ძალიან კარგი მასა ვართ, ვიცი რომ წაიკითხავენ ამ ინტერვიუს სხვადასხვა კომპანიები, მე რეკლამებში ვარ, მოწინავე კომპანიებში ვმუშაობდი და ვმუშაობ, ზოგი ექიმია ჩვენთან, ზოგი იურისტი, ზოგიც ჟურნალისტი – გამოიყენეთ ეს ხალხი, უკიდეგანო ზოგადი განათლება აქვთ. 27 დეკემბერს იყო პრეზენტაცია, 1 იანვარს ჩემი გადაცემა გავიდა იმედზე, “ცოდნა ფულია”, სადაც ავტომობილი და ფულადი პრიზი მოვიგე, რამაც ცოტა წინ წაწია წიგნის გაყიდვის ამბავი და ქრონიკის სიუჟეტიც ძალიან დამეხმარა, კიდევ მინდა ტელეკომპანია იმედს მადლობა ვუთხრა აქედან. თუმცა, ძირითადად, როგორც გითხარით, ჩვენი გვერდის საშუალებით ვახორციელებდით რეკლამირებას, პირდაპირი და ირიბი მარკეტინგი, აი, თუნდაც რომელიმე მომხარებლის მიერ გამოგზავნილი ქება-დიდების “დასქრინვა” და გვერდზე დადება, ირიბი მარკეტინგით ამატებდა გაყიდვებს, მოკლედ, მთელი სტრატეგია იყო, რომელიც არ დაგვიწერია, უბრალოდ ჩვენში იყო, ვაკეთებდით და გამოდიოდა, ინერციით და ახლაც გრძელდება.
M: წიგნი მოხვდა ქართულ “ბესტსელერებში”. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი წარმატება?
უანგარო შრომა, არასოდეს დაგვიდია რეკლამა ჩვენს გვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კომერციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და კაპიტალისტურ ეპოქაში ვცხოვრობთ, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არავითარი რეკლამა ამ გვერდზე. არადა, ამ სფეროში ვარ, ბევრი ნაცნობი მყავს, შემიძლია გვერდზე დადებულ ვიდეოებს პრეროლები გავუკეთო და კარგი მოგება ვნახოთ, მაგრამ მონალიზა არ იყიდება, ჩვენთვის ეს გვერდი მონალიზაა, იმდენად ძვირფასია, რომ მასში შეუფასებელ ნივთს ვხედავთ, ამიტომ შვილივით ვუვლით და აი, შედეგი – იქ, სადაც ვაჟა და აკაკი იბადებოდნენ, სადაც კინგები და დოსტოევსკები შემოდიან და თავის წიგნებს ყიდიან, 38-მა ავანტიურისტმა ვმართეთ გვერდი, გამოვუშვით წიგნი და ბესტსელერია და ეს ყველაფერი ერთ რამეს ნიშნავს.. ხალხს ძალიან ვუყვარვართ და ჩვენი შრომა დააფასეს, თორემ, ჩვენ და მწერლები ცოტა სასაცილო სიტყვათა შეხამებაა, ეს იყო გვერდის განვითარების საფეხური, და ლიტერატურული თვალსაზრისით პრენტეზია არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მოსწონს, ჩვენთვის მთავარი იყო ჩვენი შრომა დაფასებულიყო, გვეგრძნო ეს და გამოვიდა, მარკეტინგი გამოგვივიდა და არც აქედან გვინდა კომერცია, მთელ ჰონორარს ბავშვების განათლებას მოვახმართ, იმიტომ, რომ მომავალია მნიშვნელოვანი და “ლონგთერმზე” გვინდა გავთვალოთ რაღაცები. ამ მთელ ჩემს ინტერვიუს ერთი ლოგიკური დასასრული აქვს, ამ ყველაფერს მე არ ვლაპარაკობ, ამ ყველაფერს ვლაპარაკობ 235 000 სახელით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველა მკითხველი მეთანხმება და აქედანაც ვპირდები მათ – ეს გვერდი არასოდეს გაფუჭდება, ეს გვერდი ჩვენია, თქვენია, ყველასია.