2021 წლის 19 მაისიდან 30 ივნისამდე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ აშშ-ში მოღვაწე ქართველი არტისტის Luca lazar (ლუკა ლასარეიშვილი) პერსონალურ გამოფენას. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს მუზეუმისა და Life N Style-ის კოლაბორაციას, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ის ქართველი აბსტრაქციონისტი მხატვრების მეორე უმნიშვნელოვანესი ტალღის წარმომადგენელია. 1989 წლიდან ხელოვანი უცხოეთში მოღვაწეობს. ჯერ საფრანგეთი, შემდეგ გერმანია და აშშ. მისი შემოქმედება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, მხატვრული ობიექტები. მათგან ფერწერულ ნამუშევრებში ავტორი უპირატესობას მუდმივად ვიზიონერულ ძიებებს, სამყაროს ყოვლისმომცველი მარადიული წრებრუნვის სრულიად განსხვავებული, ახლებური რაკურსით დანახვის მცდელობას ანიჭებს.
მის მულტიმედიურ ნაწარმოებებში კი მკაფიო სოციო-პოლიტიკური პრობლემატიკა, კატეგორიული ტონი, სათქმელის მთელი სიმძაფრით ჩვენება-წარმოჩენა, გროტესკი და ირონია მოდის წინა პლანზე.
გამოფენა „81/21“ მართალია 1981 და 2021 წლებს შორის მონაკვეთს მოიცავს, თუმცა ძნელია მას რეტროსპექტული უწოდო. ეს უფრო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდია ლუკა ლასარეიშვილის შემოქმედებიდან. რაც, საუკუნეთა მიჯნაზე, ეროვნული მხატვრული სკოლისა და ევროპულ-ამერიკული მხატვრული სააზროვნო არეალის ურთიერთმიმართების კონტექსტში, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როგორც საკუთრივ მხატვრის, ასევე მთლიანად თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიისათვის.
კურატორი: თათა ქსოვრელი, ნანა ყირმელაშვილი
ხელოვნებათმცოდნე: თამარ ბელაშვილი
გამოფენის ოფიციალური გახსნის დრო: 19 მაისი – 16:00 საათიდან 19:00 საათამდე.
[პარტნიორის კონტენტი[