ლუკა მიქაძის სახელი ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით კარგად გაიცნო 2024 წლის გაზაფხულზე, სამოქალაო პროტესტის დროს, როცა მაისურებზე ხელით მოხატული საპროტესტო წარწერები გამოჩნდა. ხატვა დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი ნიშაა – მისი შემოქმედების დიდი ნაწილი სხვადასხვა ნახატს ან წარწერას აერთიანებს და თითოეულ მათგანს ყოველთვის აქვს რაღაც გზავნილი.
ლუკა ბავშვობიდან ხატავს და ტანსაცმლის დიზაინითაც სულ დაინტერესებული იყო. ცდილობდა, ყოველთვის გამორჩეულად ჩაეცვა და არა ისე, როგორც ყველას მოსწონდა, ან როგორც უბრალოდ ტრენდული იყო. ამის მიუხედავად, დიზაინერობაზე მაშინ არ უფიქრია, ტანსაცმლის ბრენდი ოფიციალურად პანდემიის პერიოდში შექმნა, როდესაც ყველანი სახლებში ვიყავით გამოკეტილნი და ჩვენი საყვარელი საქმეების საკეთებლად მეტი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა.
ლუკა მიქაძე, დიზაინერი:
იდეა ექსპრომტად გაჩნდა. თავიდან ჩვეულებრივ, ტილოზე ვხატავდი. ერთხელ ჰუდი მოვხატე, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა და მომეცა მოტივაცია, რომ ამ საქმისთვის ხელი მომეკიდებინა.
ყველაფერი პრაქტიკაში ვისწავლე, რადგან ტანსაცმლის ბრენდის შექმნის კუთხით გამოცდილება არ მქონდა, თუმცა დღითიდღე ვხვეწდი ნამუშევრებს და დღეს უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენი ბრენდი ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე.
M: როგორი იყო საწყისი ნაბიჯები და რა სირთულეებმა იჩინა თავი?
პირველი პერიოდი საკმაოდ რთული იყო, სანამ ბრენდი უფრო ცნობადი გახდებოდა. თავიდან არაფერი იყიდებოდა, მაგრამ ყურები არ ჩამომიყრია. რაღაც რომ გაიყიდებოდა, კურიერიც თავად ვიყავი, ჩემი ფეხით მიმქონდა, რადგან წარმოუდგენელი შეგრძნება იყო ჩემთვის, რომ ჩემი ნამუშევარი იყიდება.
M: როგორც ვიცით, ნაკრებისთვის დაამზადეთ პიჯაკები. მოგვიყევით ამ პროექტზე…
ნაკრებთან კოლაბორაციის იდეა ეკუთვნის თათა ბურდულს. მე და თათა ერთობლივად ვმუშაობდით ამ პროექტზე. ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის ისეთ წარმატებულ ბრენდთან მუშაობა, როგორიც საქართველოს ეროვნული ნაკრებია. საბოლოოდ, ძალიან კარგი ნამუშევრები გამოვიდა.
M: გვახსოვს ისიც, რომ საპროტესტო წარწერებით მაისურებს ხატავდით. რა იყო მაშინ თქვენი მოტივაცია?
ვფიქრობ, ხელოვნება და პოლიტიკა არ იმიჯნება. მაშინ, როდესაც ვხედავ უსამართლობას, ყოველთვის ხმამაღლა გამოვთქვამ პროტესტს, ვგრძნობ დიდ პასუხუსმგებლობას იმ ხალხის მიმართ, რომლისგანაც ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებ ყოველდღე ქუჩაში თუ სოციალურ სივრცეში. მოტივაციაც სწორედ ამან მომცა, რომ ჩემი სათქმელი ამ ფორმით გამომეხატა.
M: რამდენად არის დაინტერესება საზოგადოებისგან, რომ საქართველოში დამზადებული ტანსაცმლით შეიმოსონ?
საზოგადოებისგან უკვე ძალიან დიდი დაინტერსებაა ჩემი კოლექციებისადმი. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. იმის გარდა, რომ მზად არიან, შეიძინონ პროდუქტი, ასევე, ძალიან დიდ სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობ ხალხისგან, რისთვისაც მათ აქედანაც მადლობას ვუხდი.
ამჟამად დიზაინერი ახალ კოლექციაზე მუშაობს, რომლის გამოშვებასაც დაახლოებით მაისში გეგმავს. როგორც თავად ამბობს, მომავალს არასოდეს გეგმავს, ყოველდღიურობის დინებას მიჰყვება და შედეგსაც ასე დებს.
დაინტერესებულ მომხმარებელს კი, ლუკა მიქაძის ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლია ონლაინ, როგორც ფეისბუკის, ისე ინსტაგრამის გვერდებზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი