14
Jan
2020

“ჯაზი ნებისმიერი ემოციის გამოხატვაში მეხმარება” – ლუკა თოფურია #თაობა

14 Jan 2020

ლუკა თოფურია 20 წლის მუსიკოსია თბილისიდან. ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ იგი სულით ხორცამდე ჯაზში გადაშვებული მუსიკოსია, რომელიც დღესდღეობით თბილისში არსებულ, ერთ-ერთ ჯაზის სავანეში “Jazz Club Singer-ში” უკრავს. რაც შეეხება განათლებას, ის ამჟამად კონსერვატორიის ჯაზის ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტია. მის მუსიკასთან კავშირზე, ჯაზსა და ზოგადად საქმიანობაზე #თაობა ლუკას გაესაუბრა:

M: შენი და მუსიკის კავშირზე გვესაუბრე, როგორ ფიქრობ, როდის დამყარდა ეს კავშირი (ან იქნებ სულ იყო და შემდეგ აღმოაჩინე..) მოგვიყევი, როდის და როგორ დაიწყე მუსიკასთან ურთიერთობა და როგორ განვითარდა შემდგომ?

ბავშვობიდან ვუსმენ მუსიკას.. ოჯახში ყველა უკრავდა ფორტეპიანოზე და გამუდმებით მუსიკა მესმოდა.. 5 წლიდან მეც ვუკრავ, 6 წლის მუსიკალურ შვიდწლედში შევედი. შემდეგ კი, ამ შუა კლასიკური განათლების დროს, მამამ მომასმენინა oscar peterson, keith jarrett და michael petrucciani და მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი მუსიკა ეს იყო.. მერე უკვე ჩემით ვეძებდი ინტერნეტში სხვადასხვა ჯაზმენს და ვატყობდი, რომ უფრო და უფრო მომწონდა ეს მუსიკა..

შემდეგ კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის წყალობით, რომელიც მამეცადინებდა კლასიკურ მუსიკას, ჯაზს და ყველაფერ იმას, რაც მომწონდა, ოთარ მაღრაძესთან მოვხვდი, 13 წლის ასაკში კი ზურა რამიშვილთან სიარული დავიწყე – მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე დღეს ჯაზს ვუკრავ.

 

M: რატომ ჯაზი, რას გაძლევს ის?

ჯაზი ძალიან ბევრის საშუალებას მაძლევს.. ნებისმიერი ემოციის გამოხატვაში მეხმარება და ძალიან კომფორტულია ეს ჩემთვის..

M: როგორ მოხვდი Jazz Club Singer-ში? რამდენი ხანია, რაც აქ უკრავ და რას ნიშნავს შენთვის ეს ადგილი? 

3-4 წლის წინ მეგობრებთან ერთად წავედი jazz club singer-ში და მას მერე სულ დავდივარ და ვუკრავ.. სინგერი სახლივითაა, ეს ადგილი ერთგვარი თავისუფლებაა.. ყველა მეგობრულად ვართ და ყოველდღიურად ერთად ვუკრავთ. ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში ეს ადგილი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

M: მგონი რომ თბილისში და ზოგადად საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ხარისხიან ჯაზს ცოცხლად მოისმენ, როგორ ფიქრობ, როგორი ნიადაგია ჯაზისთვის საქართველო?

თბილისში, საბედნიეროდ, ადრინდელთან შედარებით, ჯაზს მეტი მსმენელი გამოუჩნდა.. ეს, ჩემი აზრით, განაპირობა ბევრი მაგარი ჯაზ ლეგენდის ჩამოყვანამ და მათ მიერ ჩატარებულმა კონცერტმა და მასტერკლასებმა…

 

M: როგორ ფიქრობ, რა შეიძლება მუსიკოსისთვის ინსპირაცია გახდეს?

მუსიკოსისთვის ინსპირაცია შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთი ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი. წინასწარ ვერ დაგეგმავ, საიდან და როგორ მიიღებ ინსპირაციას.. მუსიკაში და ზოგადად ხელოვნებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა ინსპირაცია, რის გარეშეც დღეს უკვე არსებული შედევრები თავის დროზე ნამდვილად ვერ შეიქმნებოდა და არ გვექნებოდა მათი მოსმენის საშუალება.

M: სამომავლოდ რას გეგმავ?

დაზუსტებით ამჟამად არ ვიცი, თუმცა, სამომავლოდ სწავლის გაგრძელება მინდა პარიზში და შემდეგ კი – ალბათ ამერიკაში.

M: რომ არა მუსიკა..

რომ არა მუსიკა, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან ბევრი რამ დაკარგავდა აზრს და მნიშვნელობას.. პირველ რიგში, რაც ახლა მახსენდება, არის ფილმები, რომლებიც მუსიკის გარეშე ემოციურ ხასიათს დაკარგავდნენ..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა