„ჩვენ დავინახეთ ახალი შესაძლებლობა, ინოვაციურები და თან მოთხოვნადები ვყოფილიყავით იმით, რომ შეგვექმნა ქართული ფურშეტი, რომელიც იქნებოდა მხოლოდ ქართული და სრულიად უნიკალური შეთავაზება“, – სალომე გულორდავა, „სასტუმრო მუზეუმის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.
ქართული ფურშეტი „ერთი ლუკმა“ ღვინის რესტორან „სირაჯხანას“ დამოუკიდებელი პროექტია. მისი შექმნის მიზეზი კი ერთია – „ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა საინტერესო პროდუქტი, სრულიად ქართული ფურშეტი“. პროექტის დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს სალომე გულორდავამ უპასუხა:
M: სალომე, გვიამბეთ, როგორ შეიქმნა „ერთი ლუკმა“…
2016 წელს, ქართული გასტრონომიის რუკას ღვინის რესტორანი, „სირაჯხანაც“ შეემატა და მას შემდეგ, ბევრი აღიარება და მოწონება დაიმსახურა. რესტორანი „სასტუმრო მუზეუმში“, ორბელიანების ყოფილი სასახლის სარდაფში მდებარეობს. აქ კი, სასახლის მფლობელებს ღვინის მარანი ჰქონდათ მოწყობილი. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა და მოგვცა სტიმული, შეგვექმნა რაიმე ფასეული. დავიწყეთ ძველი გემოების ძიება და ვეცადეთ, მე-19 საუკუნისეული გასტრონომია ახლებურად გადმოგვეცა. ამით კი, უფრო სასიამოვნო და მისაღები გაგვეხადა ქართული სამზარეულო ჩვენი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრებისთვის.
M: ვინ წარმოადგენს თქვენს აუდიტორიას?
ქართულ ბიზნესსექტორში ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ და ზუსტად იციან, თავიანთ სტუმრებს როგორ უნდა გაუმასპინძლდნენ, როგორი ღონისძიება უნდა მოაწყონ იმისთვის, რომ საკუთარი ბრენდი თუ პროდუქტი სწორად წარადგინონ. ჩვენც, ამ ხალხს ვეხმარებით თავის წარმოჩენაში.
M: ვინ და როგორ შეფუთა ბრენდი „ერთი ლუკმა“?
„ერთი ლუკმის“ იდეაც და შესრულებაც გვეკუთვნის მე და ჩემს გუნდს. მას მივუდექით, როგორც ცალკეულ პროექტს, ბრენდს. შევქმენით 60 სახეობისგან შემდგარი მენიუ, სპეციალურად მისთვის დაიხატა და ხელით დამზადდა ჭურჭელი, შეიქმნა ლოგო და მომზადდა დეკორაციის კონცეფცია.
რაც შეეხება სახელს, „ერთი ლუკმა“ თავის თავში ხსნის პროდუქტის არსს. ფურშეტი შედგება სრულიად ტრადიციული კერძებისგან, რომლის ზომაც არ აღემატება ერთ ლუკმას. ეს ის ერთი ლუკმაა, აუცილებლად რომ უნდა გეჭამათ ბავშვობაში.
M: ბრენდის შექმნიდან დღემდე, როგორია აუდიტორიის უკუკავშირი?
„ერთი ლუკმის“ პრეზენტაცია მოეწყო პირველ ოქტომბერს და მას შემდეგ, უკვე რამდენიმე ღონისძიება გაიმართა ჩვენთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრების მხრიდან, სიახლემ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.
M: რას მოიცავს ერთი ლუკმის სრული სერვისი:
რესტორან „სირაჯხანაში“ 40-300 ადამიანის, ან სასურველ მისამართზე მომსახურებას, ფურშეტს, დეკორაციას, მუსიკა გახმოვანებას, განათებასა და ფოტო-ვიდეოგადაღება.
M: როგორ ხედავთ „ერთი ლუკმის“ განვითარების პერსპექტივებს?
ჩვენ, ყოველდღიურად, ვმუშაობთ და ვხვეწთ მენიუსა თუ მის ცალკეულ დეტალებს იმისთვის, რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტი მიუახლოვდეს იმ იდეალურს, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვხედავთ. ძალიან ბევრი სიახლე შეგვიქმნია და შეგვითავაზებია ქართული ბაზრისთვის. ხშირად, მას გადაკოპირებულსაც ვხვდებით, ავად თუ კარგად, თუმცა ვიაზრებთ იმას, რომ ესე იგი, რაღაცას საინტერესოდ ვაკეთებთ და მიმდევრები გვყავს.
[R]










