გალერეებსა და მუზეუმებში სიარულისას, ალბათ, გინახავთ ისეთი რამ, რის მნიშვნელობასაც ვერ ჩაწვდომიხართ ან, უბრალოდ, ისეთი გეგონათ, როგორიც ზედაპირულად ჩანდა და აღარ დაინტერესებულხართ სიღრმეებით. ერთი შეხედვით, გერმანელი დიზაინერის, ლუნა მორერის შემოქმედებაც ასე გამოიყურება, თუმცა, რეალურად, მისი ნებისმიერი პროექტი საკმაოდ სერიოზულ ლოგიკას ექვემდებარება.

ქართულ საზოგადოებას “Ad Black Sea 2018“-ზე ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა ლუნას ნამუშევრებს. იგი რამდენიმეწუთიანი პრეზენტაციით შეეცადა, აეხსნა მისი შემოქმედების მოკლე არსი. სპეციალობით იგი გრაფიკული დიზაინერია, თუმცა, საკუთარ თავს ერთი კონკრეტული სიტყვით – ხელოვანად მოიხსენიებს. ხელოვანი, რომელიც გრაფიკული დიზაინის გარდა თავისუფლად ითავსებს ვებ დიზაინერობას, კინორეჟისორობას და სხვა მრავალ პროფესიას. დღევანდელობაში რითიც კი შეგვიძლია ეს ხელოვანი გამოვარჩიოთ, არის მისი განსაკუთრებული, ორიგინალური სტილი, რომლითაც ცდილობს, საზოგადოებას ყოველდღიურობის სიღრმე დაანახოს.
ლუნა მორერი არის 2012 წელს შექმნილი დიზაინ სტუდიის „მონიკერის“ თანადამფუძნებელი. იგი იკვლევს ტექნოლოგიების თვისებებსა და მახასიათებლებს, მათ გავლენას ადამიანთა ყოველდღიურობაზე. სხვადასხვა უნივერსიტეტში დაგროვებული ცოდნით მორერი ატარებს ვორკშოფებსა და ლექციებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი უძღვება დიზაინის ერთ-ერთ სფეროს, სახელად „Conditional Design“, რომელიც აირეკლავს მედიის და ტექნოლოგიის ზეგავლენას ობიექტებზე, დინამიური საზოგადოების მუდმივ ცვლილებებს. ამგვარი დიზაინის ფოკუსი სწორედ ობიექტების გარემოსთან ადაპტაციის პროცესისკენაა მიმართული, ის, თუ ნელ-ნელა რა ცვლილებებს განიცდიან ისინი. მისი მთავარი ორიენტირი აღებულია „აქ და ახლა“-ზე. ამგვარი პროცესის მთავარი სამიზნეები არის: დრო, ცვლილება და ურთიერთობა.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=9TM2Qnm0BpM[/embedyt]
ლუნა მორერი: „ვცდილობთ შევიმუშაოთ ისეთი გარემო ან „ჩარჩო“, სადაც მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ყურადღება მიპყრობილია უფრო პროცესის დაკვივირვებისკენ, ვიდრე იმ საგანზე, რომელიც განიცდის ამ პროცესს. აქ მთავარი არის ლოგიკა და სიზუსტე, რომელიც ქმნის იდეას და ქმედებას. ჩვენს შემოქმედებაში ფოკუსი ადამიანებისა და ბუნებისკენ გვაქვს მიპყრობილი. ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ კომპიუტერულ პროცესებსა და ციფრებს. ამ ტიპის ხელოვნებაში მთავარი წყარო არის რეალური სამყარო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავრთოთ საზოგადოება და შევქმნათ ისეთი რამ, რაც ჯერ არასდროს შექმნილა.“
აქვე გვსურს, გაგაცნოთ მისი რამდენიმე ნამუშევარი:
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=W3ZjY8YD_NY[/embedyt]
„არ შეეხო“ – ეს არის ვიდეო, რომელშიც ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მონაწილეობა. ვიდეოში მაუსის მაჩვენებლის მოძრაობა იწერება. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ათასობით მაუსის მაჩვენებელი, რომლებსაც ერთი ეკრანი უყრის თავს. 2014 წელს შექმნილ საიტზე სხვადასხვა დავალებას მიიღებთ მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანთან ერთად, რომელთა მაუსის მაჩვენებლებიც განსაზღვრავენ მათ პასუხს ამ დავალებებზე. ფაქტობრივად, მათი საშუალებით, ვებგვერდის მომხმარებლების საშუალო სტატისტიკას ვხედავთ, ასევე ინფორმაციას მათი მიდრეკილებების, ინტერესების შესახებ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ კონკრეტულ პერიოდებში ეს პროგრამა პოპულარული იყო კონკრეტულ ქვეყნებში.
„სოკოების სერია“ – მათი ნახვა სხვადასხვა გალერეებსა და მუზეუმებში შეუძლიათ. პროგრამა თავიდანვე განსაზღვრულია – მნახველები თავდაპირველად იღებენ 4 სტიკერს, რომლებიც გარკვეული წესების მიხედვით უნდა დააწებონ იატაკზე. პროცესი იწყება თავიდან 4 სტიკერით, სამი თვის შემდგომ კი, სრულდება ათასობით დაკრული სტიკერით, რომლითაც ბოლოს იქმნება რაიმე კონკრეტული ფორმის ნიმუში. ამ პროცესში მთავარი არის ხალხის მონაწილეობა და ის შეზღუდვები, რომლებიც მათ ამ ხნის განმავლობაში ხვდებათ. ზოგიერთი მნახველი მიჰყვება იმ გზას, რომელიც წინა მნახველებმა აირჩიეს, ზოგიც კი სრულიად განსხვავებულ ადგილებზე აწებებს სტიკერს. ხშირად ხალხი ერთიანდება, რათა ფორმის დიზაინი ერთიანად განსაზღვრონ, რაც ცალკეულ ადამიანს მხოლოდ 4 სტიკერით არ შეუძლია.

მორერი ხშირად ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს იმ ხალხისთვის, რომლებიც არ არიან ხელოვანები, თუმცა, აქვთ უნარი, მიჰყვნენ კონცეფციას და თავადვე შექმნან რაიმე ახალი და განსხვავებული. იგი არის თანაავტორი ნაშრომის, სახელად „პირობითი დიზაინის სამუშაო წიგნი“, რომელიც საზოგადოებას აწვდის გარკვეულ ინსტრუქციებსა და პირობებს, იმისთვის რომ დიზაინის არსი და გამოყენება ისწავლოს. ამ წიგნს ხშირად იყენებენ უნივერსიტეტში და ხანდახან მისი საშუალებით სტუდენტებს სხვადასხვა ალგორითმს უხსნიან. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ჰქონია შემოთავაზება, გაძღოლოდა სხვადასხვა კურსს უნივერსიტეტებში, არჩია, რომ ამ ყველაფრის სწავლის მაგივრად, პრაქტიკულად, არასასწავლო გარემოში ეჩვენებინა ხალხისთვის თავისი შემოქმედება, რომელშიც აუდიტორია თავისთავად ჩაერთვებოდა.
მისი უახლესი ნაშრომი www.clickclickclick.click , სადაც ხმოვანი შეტყობინებები მოგდის და აღწერს შენს „ონლაინ ქცევებს“, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ საით არის ონლაინში შენი ყურადღება მიპყრობილი.

შემდგარ ხელოვანს ყოველგვარი პირობა აქვს საიმისოდ, რომ მარტო იმუშაოს, თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სხვებთან ერთად მუშაობას უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს, რადგანაც, ხშირად, თავად ვერ ვხედავთ იმას, რაც საჭიროა, რომ დავინახოთ. სხვა ადამიანს აქვს თავისებური ხედვა და აღქმა, რომელმაც ხელოვნების ნიმუშის შექმნისას, შესაძლოა, ძალიან დიდი ზეგავლენა იქონიოს. იგი ასევე ამბობს, რომ არა ხალხი და მათი ჩართულობა მუდმივად მოძრავ და განვითარებად პროექტებში, ვერაფერს შეძლებდა.
ლუნა მორერი: „როდესაც ხალხი მოქმედებს რაიმე გარემოში, შენ გჭირდება წესები. ამ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი წესები და ინსტრუქციები. ჩვენ ვისწავლეთ, რომ ეს წესები ზუსტად და ყურადღებით უნდა გამოვთქვათ. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, სხვები როგორ აღიქვამენ რაიმეს, მას შემდეგ, რაც ინსტრუქციას მისცემ.“
მორერი სხვადასხვა იდეას ხორცს ასხამს როგორც ონლაინში, ისე მის გარეთაც. მაგალითად, მისი ერთ-ერთი პროექტია „Red Follows Yellow Follows Blue“. მასში მონაწილეებმა უნდა მოირგონ ყურსასმენები, ამ გზით ისინი მოისმენენ, თუ რომელი ფერი რა დავალებას იძლევა. ერთი კონკრეტული ფერი იზიდავს რომელიმეს, ზოგიერთი – განიზიდავს. სწორედ ასე იქმნება ფორმები.

ცნობილი ფაქტია, რომ ლუნას თავისი ორიგინალური იდეები სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ ებადება. მორერის ნავსაყუდელი ხშირად გამხდარა დისკუსიების მომსწრე. იგი თავის გუნდთან ერთად სწორედ ამ მაგიდაზე ქმნის ხელოვნების ნიმუშებს ყოველ სამშაბათს. ჯგუფის ერთი მონაწილე, ყოველ კვირას, ახალ ინსტრუქციას იგონებს, რის მიხედვითაც, მთელი გუნდი იწყებს მუშაობას.


შემოქმედება, რომელიც არასდროს სრულდება – სწორედ ასეთია ის, რასაც ლუნა მორერი ქმნის. თითოეულ ნამუშევარს თავისი ალგორითმი და ლოგიკა აქვს, შესაბამისად, მათი მრავალმხრივი აღქმა შეიძლება, თუ რომელია სწორი, თავად განსაზღვრეთ. ლუნას ხელოვნება ბევრჯერ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. ალბათ, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მორერის შემოქმედებაში ადამიანები თავად არიან შემოქმედები.










