„ლანჩობა“, ანუ სახლის ოფისების მზა საკვებით უზრუნველყოფის (სახლური-საოფისე ლანჩის) კომპანია უკვე GLOVO-სა და WOLT-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ამ აპლიკაციების საძიებო სისტემაში “Lunchoba-ს” ჩაწერით, კერძის სახლში მოტანის სერვისით ისარგებლებთ. ამჟამად, მხოლოდ თბილისში. გარდა ამისა, შეგიძლიათ, დაურეკოთ ნიკოს – კომპანიის CEO ნიკო რეხვიაშვილს, რომლის საკონტაქტო ნომერსაც ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ნახავთ.
Lunchoba-ზე – ციფრულ კაფეტერიაზე მთელი ოფისისთვის, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ გიყვებოდით, თუმცა მსოფლიოში, ვირუსის გამო განვითარებულმა მოვლენებმა, დისტანციური მუშაობის მოდელზე გადასვლასთან ერთად, „ლანჩობის“ ბიზნესმოდელის ცვლილებაც გარდაუვალი გახადა. კომპანიას სიტუაციასთან ადაპტაცია მოუწია და მიმდინარე კამპანიაც: „იგრძენი თავი, როგორც საკუთარ ოფისში“ – ამ ტრანსფორმაციის პასუხია:
იმის გამო, რომ თბილისის ოფისები დაიკეტა, ამ დროს კი, ალტერნატიულად, 80 000 სახლის ოფისი იმ ადამიანების სახლში „გაიხსნა“, ვინც დისტანციურად მუშაობს, ცვლილებები საჭირო გახდა. მოკლედ, ჩვენი პროდუქტი ცოტათი შევცვალეთ, პროცესები სამზარეულოში გადავაწყვეთ და Wolt-ისა და Glovo-ს საჭიროებებს მოვერგეთ. შედეგად, ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომები ვართ, – განმარტავს ნიკო რეხვიაშვილი.
როგორც ნიკო გვიყვება, კამპანიის კრეატივი, კრიზისის დროს, შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით აიწყო. სურდათ, კომპანიის ცვლილებებზე ისტორია საინტერესო ფორმატით მოეყოლათ და ისე გამოვიდა, რომ ვიდეორგოლის მოსამზადებლად საჭირო გადაღების ლოკაცია, რეკვიზიტები, მსახიობები, ყველაფერი Lunchoba-სა და სააგენტო „რედბერის“ არსებული, შიდა რესურსებით უზრუნველყვეს.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩობა“ Redberry-ს სტარტაპ სტუდიაში შექმნილი პირველი პროდუქტია. საწყისი იდეის ავტორი ნიკო რეხვიაშვილია.