in

ციფრული კაფეტერია მთელი ოფისისთვის – „ლანჩობა“

Startauperi
Startauperi

ლანჩობა“ ციფრული კაფეტერიაა, რომელიც სმარტფონებში ეტევა და თან სულ რაღაც 22.89 მეგაბაიტს იკავებს. „ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელი კვება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და გვინდა, ჯანსაღი საკვები მხოლოდ მშობლებთან ვიზიტისას არ გახსენდებოდეს“, – ვკითხულობთ აპლიკაციის აღწერისას, რომელიც ბოლოს გვეუბნება: „ლანჩობა“ ​საუკეთესო გზაა ოფისში სრულფასოვანი ლანჩის მისართმევად“.

„ლანჩობა“ Redberry-ს ახლად შექმნილ სტარტაპ სტუდიაში შექმნილი პირველი პროდუქტია. საწყისი იდეის ავტორი ნიკო რეხვიაშვილია, რომელსაც მსგავსი სერვისის არსებობის საჭიროება პირადმა გამოცდილებამ დაანახა:

დღის განმავლობაში, სპეციფიკური დიეტის დაცვა მჭირდებოდა და მივხვდი, რომ ჯანსაღი, გემრიელი ლანჩის ჭამა, ყოველდღიურად, ძაააალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ, დაკვირვება თვითონ „რედბერიშიც“ დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ვისაც გადატვირთული დღის გრაფიკი ჰქონდა, იმ ადამიანებისთვის ლანჩი სასიამოვნო პროცესის ნაცვლად, დიდი თავისტკივილი იყო, – ნიკო რეხვიაშვილი.

შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევა იყო, შემთხვევით, ამ პრობლემის წინაშე, სხვებიც ხომ არ იდგნენ?!  აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებად, ეს პრობლემა ისეთი კომპანიების თანამშრომლებს აწუხებდათ, სადაც სამსახურშივე ჰქონდათ კორპორატიული კაფეტერია და ამოცანის ამოხსნის სწორ ხერხამდე ასე მივიდნენ:

გაჩნდა იდეა, რომ კორპორატიული კაფეტერიის გაციფრულებაზე დაგვეწყო მუშაობა, რათა მარტო კორპორაციებისთვის არ ყოფილიყო შესაძლებელი საკუთარი თანამშრომლებისთვის კაფეტერიის შეთავაზება და მსგავსი ფუფუნება პატარა კომპანიებსაც ჰქონოდათ, – გვიყვება ნიკო.

როგორც ნიკო ამბობს, „ლანჩობა“ ოფისში დასაქმებულ ადამიანებს ეხმარება, ყოველდღე, „კარგი ლანჩის“ ჭამაზე ბევრი აღარ იფიქრონ და ინერვიულონ. „კარგი ლანჩის“ კონცეფცია კი შემდეგი პარამეტრების მიხედვით განსაზღვრეს: ჯანსაღი, გემრიელი, ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი და მარტივი.

M: ნიკო, აპლიკაცია როგორ მუშაობს? და ვის შეუძლია მისით სარგებლობა?
აპლიკაციის გამოყენება ჩვენი კლიენტი კომპანიების თანამშრომლებს შეუძლიათ. ამჟამად, ორიენტირებულები ვართ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, რომლებიც თავიანთი გუნდის წევრებს ლანჩს ნაწილობრივ ან მთლიანად უფინანსებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, დაფინანსების არარსებობის შემთხვევაშიც ვიწყებთ კომპანიებთან ურთიერთობას.

მუშაობის პრინციპი ასეთია: ყოველდღე, 16:00-ზე შემდეგი დღის მენიუ იდება, რომელიც 6 მთავარი კერძისა და 10-მდე მცირე წასახემსებელი საკვებისგან შედგება.

მომხმარებლებმა შეკვეთა მომდევნო დღეს, დილის 10:30-მდე უნდა გააკეთონ და ყოველდღე, 13:30-ზე ჩვენი კურიერი შეკვეთილ ლანჩბოქსს ოფისში მიიტანს.

მომხმარებელს არასდროს სჭირდება ადგილისა და დროის მითითება, არც კურიერთან დარეკვა და შეხვედრა. მხოლოდ კერძი უნდა აირჩიოს წინასწარ და შემდეგ შეკვეთა, ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილზე დახვდება.

M: თქვენს კონკურენტულ უპირატესობად რას მიიჩნევთ?
ამჟამად, ჩვენი უპირატესობა სერვისისა და გადაწყვეტილების მიღების სიმარტივე, საჭმლის ხარისხი და ფასებია.

სერვისის სიმარტივეში იგულისხმება დიზაინი და აპლიკაციის ინტერფეისი და ისიც, რომ დღეში მხოლოდ 6 კერძის ჩვენება მომხმარებელს არჩევანს ბევრად უმარტივებს. მენიუ, ყოველდღიურად, იცვლება და ეს მიდგომა პოზიტიურია იმ კუთხით, რომ ჩვენს მომხმარებლებს საჭმელი არ მობეზრდებათ და გარდა ამისა, აპლიკაციის შემოწმებას, დამატებით, სიურპრიზის ეფექტიც ექნება.

M: ციფრული კაფეტერია, ამჟამად, რა გამოწვევების წინაშეა?და როგორ ხედავთ განვითარების პერსპექტივებს? როგორია უახლოესი მომავლის გეგმები?
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა პროდუქტის განვითარებაა. სტარტაპი სამი მთავარი მიმართულებისგან შედგება: სამზარეულო, ციფრული პროდუქტი (აპლიკაცია) და მიტანის სერვისი. ყველა მიმართულებაზე ვცდილობთ, უკეთესი შედეგი გვქონდეს და ამაში მომხმარებლების უკუკავშირი ძალიან გვეხმარება.

ჩვენი მიზანია, საწყის ეტაპზე, თბილისში ლანჩის ბაზრის დიდი ნაწილი დავიკავოთ. ამჟამად, 20 კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრია, რომელსაც ძალიან ახლო პერიოდში დავიმატებთ.

საქართველოში მიღებული გამოცდილებითა და ექსპერტიზით, უნიკალური ბიზნესმოდელით, ვგეგმავთ, ჩვენი სერვისი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

ნუ გაუთამამდები ჰელოუინს! დალიე ზომიერად! – Budweiser-ის კამპანია

ყავა ქარიშხლიანი პუერტო რიკოდან – Nespresso-ს კამპანია