Lürzer’s Grand Slam-მა მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. განაცხადების მიღება დაწყებულია და 31 იანვრამდე გაგრძელდება. Lürzer’s Grand Slam საერთაშორისო გამოცემა Lürzer’s Archive-ის პროექტია. შეგახსენებთ, 2017 წელს, Lürzer’s Archiv-მა, წლის საუკეთესო სტუდენტად არტ-დირექტორი მერი გიორგობიანი დაასახელა. Lürzer’s Grand Slam 2019-ზე განაცხადის შეტანა შემდეგ კატეგორიებშია შესაძლებელი: Film, Print & Outdoor, Digital, Promotion & Activation, Audio & Sound, Photography, Campaign. კონკურსზე მიიღება ის ნამუშევრები, რომლებიც 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოქვეყნდა. ასევე ის, ვინც განაცხადს 18 იანვრამდე შეიტანს, 450 ევროს ნაცვლად, 390 ევროს გადაიხდის.
აღსანიშნავია, რომ განაცხადებიდან მიღებული თანხის 60%-ს Lürzer’s Grand Slam გამარჯვებულებს გაუნაწილებს. ვერცხლის მფლობელები ორჯერ მეტ ფულად ჯილდოს მიიღებენ, ბრინჯაოს მფლობელებთან შედარებით, ხოლო ოქროს მფლობელების პრიზი სამჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულთა ჯილდოს.
Lürzer’s Grand Slam-ის ჟიურის პრეზიდენტია ვაშინგტონ ოლივეტო – კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომელსაც 50-ზე მეტი “კანის ლომი” აქვს მოგებული, მხოლოდ Film კატეგორიაში. Clio-ს დაჯილდოებაზე, მას მოგებული აქვს Grand Clio. British Magazine Media International-მა ის მსოფლიოს 25 საუკეთესო სარეკლამო პროფესიონალს შორის დაასახელა. ოლივეტო, ასევე, McCann Europe-ის კრეატიული კონსულტანტია.
ვაშინგტონ ოლივეტოს გარდა, ჟიურის წევრები არიან: იულიანა პარასენსიო (Memac Ogilvy Dubai), სტეფან გეშკე (Grabarz & Partner), კრეიგ მაკინტოში (Cossette, Canada), ადრიან ბოტანი (McCann Worldgroup), ტიმ ჰაუკი (Area 23), რემი ლასკო (La Chose), ტოლგა ბუიუკდოგანაი და იულია ულმერი (Jung von Matt), რაფაელ გილი (Y&R Brazil), ჯან კარლო ლანფრანკო (L&C New York-Lima), ბენ გოუ (Above+Beyond), ნიკოლას კაპანეარი (GSW New York), ანტონიო ბეხტლი (Bechtle & Milzarajs) და მარიუს იან დემნერი (Demner, Merlicek & Bergmann).
Lürzer’s Archive მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა. პლატფორმის მიზანი სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების შთაგონება და დახმარებაა. Lürzer’s Archive კოპირაიტერმა და სააგენტოს მფლობელმა უოლტერ ლურცერმა დააფუძნა. დღესდღეობით, Lürzer’s Archive-ს, მსოფლიოს მასშტაბით, 150.000 მკითხველი ჰყავს.