1
Mar
2018

“ლუტეციას” მარკეტინგიდან WWF-ში! – მარიამ რობიტაშვილის ტრანსფერი

1 Mar 2018

World Wildlife Fund-ის (WWF) კავკასიის გუნდს ახალი წევრი შეემატა. მარიამ რობიტაშვილი, რომელიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ “ლუტეციას” მარკეტინგს ხელმძღვანელობდა, ახლა WWF-ის რეგიონალურ კომუნიკაციას გაუძღვება. რამ განაპირობა მარკეტინგის სპეციალისტის ეს ტრანსფერი და როგორია მოლოდინი ახალ პოზიციაზე, მარიამის ინტერვიუში გიამბობთ.

 

M: პარფიუმერიიდან ცხოველთა დასაცავად? რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?

„ლუტეციაში“ მუშაობის დრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ლუტეციაში პროფესიულად (და არა მხოლოდ) გავიზარდე, ეს ის ადგილია სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი შემხვდა, რომლებმაც ბევრი საინტერესო რამის გაკეთების საშუალება მომცეს. ლუტეციაში მივიღე გამოცდილება მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობის, მათი მარკეტინგული აქტივობებისა და კომუნიკაციების კოორდინირების. იყო სხვადასხვა პერიოდები, თუმცა კარგად ვიყავი აწყობილი ლუტეციას გუნდთან და ბევრს ვახერხებდით ერთად. მინდა აქედანაც გადავუხადო მადლობა ლუტეციას შესანიშნავი გუნდის თითოეულ წევრს და ვუსურვო უდიდესი წარმატებები საქართველოს #1 პარფიუმერულ ქსელს.

ზოგადად, ადამიანები ყოველთვის ახლის ძიებაში ვართ, სულ ვსწავლობთ და ყოველთვის გულის სიღრმეში გინდა, რომ  სხვა სფეროშიც მოსინჯო თავი. ამჯერად, ეს შესაძლებლობა მომეცა ძალიან მოულოდნელად და ძალიან დაემთხვა ჩემი დიდი ხნის ოცნებას (მემუშავა ისეთი ორგანიზაციისთვის, ვინც გარემოზე ზრუნავს). ერთი სიტყვით, როგორც კი WWF-ის ვაკანსია დავინახე და მათი ლოგო – პანდა, ჩემი ერთ ერთი მეგობრის feed-ში მაშინვე დავსქრინე, დავფიქრდი, ჩემს ქმარსაც კი გავუგზავნე, მოკლედ მივხვდი, რომ არ უნდა გამეშვა ეს შესაძლებლობა და მეცადა ბედი.

ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რადგან საუბარია არა მხოლოდ ცხოველებზე, ბუნებაზე, – ზოგადად ყველაფერზე, რის სიყვარულსაც დედაჩემი მასწავლიდა და რომლის მიმართაც თავად ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, ამიტომ როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ მივიღე შეთავაზება WWF კავკასიისგან, ყველა მიხვდა, რომ ჩემი საოცნებო ადგილი ვიპოვე.

M: რას ელი WWF-სგან? რას მოგცემს ახალი თანამშრომლობა?

WWF – ბუნების დაცვის საერთაშორისო ფონდის ლოგო ყველა მარკეტერს უნახავს და ასე თუ ისე მეხსიერებაში ჩაბეჭდილი აქვთ კეთილი პანდა. WWF არის ორგანიზაცია, რომელიც საშვილიშვილო საქმეებს აკეთებს. ეს ადამიანების დიდი გუნდია რომლებიც უკეთესი მომავლისთვის მუშაობენ. გაოცებული ვარ პროექტებით, რომლებსაც WWF კავკასია საქართველოში ახორციელებს. მიხარია, რომ ძალიან მალე ბევრ ადამიანს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ და შეიტანოს საკუთარი წვლილი, რადგან თითეულ ჩვენგანს გვაქვს საშუალება, შევამციროთ ჩვენს მიერვე გამოწვეული ზიანი და ვიზრუნოთ უკეთესი მომავლისთვის. ვფიქრობ, ახალი თანამშრომლობა ყოველთვის გამოწვევებით სავსეა და საინტერესო. მივიღებ მეტ გამოცდილებას ახალი მიმართლებით. მიხარია, რომ ჩემს წვლილს შევიტან საქმეში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და WWF-ის გუნდთან ერთად ვიმუშავებთ არსებულ გამოწვევებზე.

M: რა შევა შენს ფუნქციებში?

ჩემი მიზანი WWF-ის და საზოგადოების დაახლოება და დამეგობრება. მევალება ასევე კავკასიის რეგიონულ ოფისებთან თანამშრომლობა, სხვადასხვა  პროექტის საზოგადოებამდე მიტანა, რომელსაც ჩვენი დაუღალავი თანამშრომლები ახორცილებენ. ასევე, საინტერესო კამპანიების წარმოება და ბევრი სხვა სამუშაო, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს შეუწყობს ხელს.

განხილვა