ძვირფასი ბრენდების ფრანგულმა კომპანიამ LVMH გამოაცხადა, რომ სუნამოების სამ საწარმოში, სადაც ისეთი ბრენდები მზადდება, როგორიცაა: კრისტიან დიორი (Christian Dior), ჟივანში (Givenchy) და გერლეინი (Guerlain), ხელის სადეზინფექციო საშუალების წარმოებას დაიწყებდნენ. ახალი პროდუქტის პირველი მოწოდება 16 მარტს დაიწყო და პირველი კვირის ბოლოსთვის, კომპანია ვარაუდობს, რომ 12 ტონამდე ჰიდროალკოჰოლურ გელს დაამზადებს. პროდუქტი, უსასყიდლოდ, გადაეცემა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ევროპის უმსხვილეს საავადმყოფოების ქსელს.
ამ ნაბიჯით, LVMH რამდენიმე მიზანს აღწევს: რა თქმა უნდა, ის პასუხობს სადეზინფექციო ნივთიერებების დეფიციტს ბაზარზე, მაგრამ გარდა ამისა, აჩვენებს მომხმარებლებსა და თანამშრომლებს, რომ იგი ყველა მოქმედებით პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს. ის, ასევე, ამართლებს ფაქტს, რომ საწარმოები კვლავ ღიაა და თანამშრომლებს შეუძლიათ მუშაობა. ამ ნაბიჯით კომპანია ადასტურებს, რომ ის უფრო დიდ მიზანს ემსახურება და კომერციული სარგებელი მეორეხარისხოვანი ხდება.
LVMH-ს შემთხვევაში საინტერესოა, თუ რამდენად სწრაფად გაიაზრა კომპანიამ, რა გახდა „ფუფუნების“ საგანი დღეს. თუ აქამდე ფუფუნება იყო უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიწოდება – ახლა ეს იმავეს და მეტსაც ნიშნავს. ნამდვილად, „ფუფუნების ბიზნესი“ უნდა ემსახურებოდეს მომხმარებელთა საჭიროებებს მაღალ დონეზე და ხელის სადეზინფექციო საშუალებების წარმოება სწორედ ამის მაგალითია. უნიკალური მომენტია; ნებისმიერ სხვა დროს ასეთი კომპანიისთვის მსგავსი პროდუქტის წარმოება უაზრობა იქნებოდა. მაგრამ ასეთ მომენტში, შეიძლება მხოლოდ ერთი კვირით ან თვით, ამგვარ ქმედებას აქვს აზრი და სავალდებულოც კი არის რომ კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე „არამდიდრული“, „არაპომპეზური“ პროდუქტი აწარმოოს, LVMH-ს ესმის და აცნობიერებს ამ მდგომარეობას. LVMH-ის მსგავსი ქმედებები განაპირობებს მათ ლიდერობას ძვირფასი ნივთების წარმოების ინდუსტრიაში.
ასევე, საინტერესოა, რომ LVMH-ის მიერ წარმოებული ხელის სადეზინფექციო საშუალებები კომპანიის არცერთი ბრენდის სახელით არ იქნება წარმოებული, ისინი საერთოდ არ იქნებიან ბრენდირებული. ეს ეწინააღმდეგება იდეას, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ყველა ბრენდი მხოლოდ მაღლშემოსავლიანი ადამიანებისთვის არის წარმოებული. მოქნილი აზროვნება აძლევს კომპანიას მსგავსი გადაწყვეტილებები მიღების გამბედაობას.
ახლა ისეთი დროა, როდესაც კომპანიების დახურვა შეამცირებს მოგებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადამიანებს კი, ცვლილებებთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ. ასეთ მომენტში ბრენდებმა დაკარგული მოგების მიღმა უნდა გაიხედონ და იფიქრონ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, ყველასთვის მძიმე დროს, არსებული პოზიციების შესანარჩუნებლად. LVMH სწორედ ამას აკეთებს.
LVMH არის კომპანია რომელიც აერთიანებს რამდენიმე ფუფუნების საგნების მწარმოებელ კომპანიას, მათ შორისაა ისეთი პროდუქტების მწარმოებელი სახლები როგორიცაა:
- ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები
- მოდისა და ტყავის ნივთები
- პარფიუმერია და კოსმეტიკა
- საათები და ძვირფასეულობა
- არჩევითი საცალო ვაჭრობა
- სხვადასხვა აქტივობები
ავტორი: რიჩარდ კასტენბაუმი
თარგმანი: ნინო სურმავა









