28
Oct
2019

LVMH ჯგუფი Tiffany-ის ყიდვას აპირებს 

28 Oct 2019

Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის ჯგუფი ტრანსნაციონალური საიუველირო კომპანია Tiffany-ის ყიდვას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse (AFP) წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, Tiffany-ის ხელმძღვანელობა ფრანგული კორპორაციის წინადადებას ოფიციალურად ჯერ არ დათანხმებულა, ამ დრომდე უცნობია გარიგების სავარაუდო ღირებულებაც. მათივე ცნობით, ტრანსნაციონალური საიუველირო კომპანია, ამ ეტაპზე, რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. Tiffany-ში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, გავრცელებულ ინფორმაციას კი „სპეკულაციებსა და ჭორებს“ უწოდებენ.

გასული პარასკევის საფონდო ბირჟის მონაცემებით, Tiffany-ის კაპიტალიზაცია, თითქმის, $11 90 მილიარდია. გასულ ფინანსურ წელში, მისი საბრუნი კაპიტალი, 6, 5% -ით, $4,4 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 14 000-მდე თანამშრომელი მუშაობს.

ასეთი მაჩვენებლების მიუხედავად, AFP-ის ცნობით, ამ ეტაპზე, კომპანიის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: მაგალითად, დოლარის კურსის ზრდა და ტურისტების მიერ დახარჯული თანხის კლება. ასევე, ჩინეთში Tiffany-ის საიუველირო ნაწარმის გაყიდვების შემცირება, რასაც მედია ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს. საიუველირო ბიზნესის გაფართოებისა და განვითარებაზე უარყოფითად აისახება აშშ-სა და ჩინეთს შორის, სავაჭრო სფეროში არსებული დაძაბული სიტუაციაც. ბაზრის განვითარების კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, AFP-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგში არსებული ვითარებაა.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, LVMH, არსებობის ისტორიაში, ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდება. ამასთან, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მისი პოზიციები საიუველირო სექტორში. ეს კი როგორც ჩანს, ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია – 2011 წელს LVMH-მა, ცნობილი იტალიური ბრენდი Bulgari $5,2 მილიარდად შეიძინა.

განხილვა