25
Sep
2018

თბილისი ბრაზილიური ტრიო Azymuth-ის რენესანსს ელოდება! პრომოუტერული კომპანია Lyra Entertainment-ის პირველი ღონისძიება – #თაობა

25 Sep 2018

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუსიკალური აღორძინება უკვე აღარავის უკვირს, დღემდე, ასათვისებლად მაინც რჩება გარკვეული მუსიკალური ტერიტორიები. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიზნებით, ნიუ-იორკში შეიქმნა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა და მელომანთა პრომოუტერული კომპანია – Lyra Entertainment, რომლის ორგანიზებითაც თბილისს, 28 სექტემბერს ლეგენდარული ბრაზილიური ტრიო –  Azymuth ეწვევა. მარკეტერი ღონისძიების დეტალების შესახებ Lyra Entertainment-ის თანადამფუძნებელს – ლუკა ბარამაშვილს ესაუბრა:

M: პირველ რიგში, რას წარმოადგენს და ვის აერთიანებს Lyra Entertainment?
Lyra Entertaiment წარმოადგენს რამდენიმე მეგობრის მიერ დაარსებულ პრომოუტერულ კომპანიას, რომელთაც მუსიკისა და მისი გაზიარების სიყვარული აერთიანებს. ჩვენი გუნდი ეძებს და პოულობს ნიჭიერ მუსიკალურ ჯგუფებს და მუსიკოსებს, მხარს უჭერს და ხელსაყრელ პირობებს უქმნის მათ, რეკლამას უწევს და ამაღლებს მათ ცნობადობას მთელ მსოფლიოში. ჩვენ სულ ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და ვთავაზობთ სხვა კომპანიებს თანამშრომლობას. Lyra Entertaiment ცდილობს დააკავშიროს სახელგანთქმული მუსიკოსები მსმენელებთან და შექმნას ურთიერთგაცვლის შესაძლებლობები. ამ მიზნით, ჩვენ ყოველ კონცერტს მოჰყვება ვორკშოპები და მასტერკლასები, სადაც მუსიკოსები მელომანებსა და სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

M: ამ ეტაპისთვის რა შემოქმედებითი მუსიკალური ისტორია გააჩნია გაერთიანების წევრებს?
Lyra Entertaiment-ის დამფუძნებლები არიან როგორც პროფესიონალი მუსიკოსები ასევე მუსიკის მოყვარულები და მელომანები. კომპანია დაარსდა ნიუ-იორკში და უკვე 2 წარმატებული პროექტი განახორციელა. ეს გახლდათ ნინო ქათამაძის კონცერტი ლინკოლ ცენტრში, რომელიც წარმოადგენს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნველოვან ჯაზის ინსტიტუტუციას და კონცერტი ნიუ იორკის ლეგენდარულ ჯაზკლუბ Birdland Jazz Club-ში, სადაც ცნობილი ჯაზმენის და ბერკლის მუსიკალური სკოლის პროფესორის Darren Barrett-ის ბენდმა დაუკრა.

ლუკა ბარამაშვილი – Lyra Entertaiment-ის თანადამფუძნებელი

M: საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე პროექტი, რომელიც ადამიანებს კონკრეტულად, გარკვეული სტილის მუსიკის ირგვლივ აერთიანებს. რა იყო თქვენი პრომოუტერული კომპანიის დაარსების მიზეზი და რა კონცეფცია უდევს მას საფუძვლად?
ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრზე. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვეძებთ ჩვენთვის საინტერესო მუსიკოსებს, რომელთა მუსიკალური სპექტრიც ძალიან ვრცელია და შეიძლება მოიცავდეს როგორც აფროამერიკული მუსიკის ტრადიციას, ასევე ეგრეთ წოდებულ ეთნიკურ ჟღერადობას. ჩვენ ვცდილობთ, შევარჩიოთ მუსიკოსები, რომელთა მოსმენაც არამარტო მუსიკალურ სიამოვნებას მიანიჭებს მსმენელს, არამედ ასევე, სხვა კულტურის გაცნობის საშუალებასაც მისცემს. გარდა ამისა, ჩვენი კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ, მაგრამ ჯერ უცნობ მუსიკოსებს და მივცეთ მათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ იმ ახალგაზრდა მუსიკოსთა უმრავლესობა, რომელთაც ახლა ვაკვირდებით და რომელიც გვინდა, რომ ქართველ მსმენელს გავაცნოთ, მალე მდიდარი მუსიკალური ისტორიის ნაწილი გახდება.

ბაჩა მძინარაშვილი – Lyra Entertaiment-ის თანადამფუძნებელი

M: პირველი ღონისძიება 28 სექტემბერს არის დაგეგმილი, სადაც ბრაზილიური ტრიო Azymuth წარდგება. რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს მუსიკალური აქტი პირველი კონცერტისთვის?
ამ ღონისძიების იდეა Brooklyn-ში ისევე სპონტანურად გაჩნდა, როგორი სპონტანურობითაც თავად მუსიკა იქმნება ხოლმე. კომპანიის დამაარსებლებს, დიდი ხანია, სურვილი გვქონდა მათ კონცერტზე მოვხვედრილიყავით და საქართველოში ჩვენი პირველი პროექტის განხორციელებაზე როდესაც დავფიქრდით, მაშინვე გადავწყვიტეთ ჩამოგვეყვანა ისეთი მუსიკალური აქტი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენდა ჩვენს კონცეფციასა და მუსიკალურ ღირებულებებს.

M: ბოლო პერიოდში Azymuth-ის შემოქმედება გარკვეულ რენესანს განიცდის, ბენდი კვლავ აქტუალურია, მათი ალბომებიც თავიდან ხშირად იპრესება. როგორ ფიქრობთ რამდენად აქტიურად ადევნებს თვალს ამ ყველაფერს ქართველი მომხმარებელი?
Azymuth-ის მუსიკა პირველად გაჟღერდა 1970-იან წლებში და ამიტომ, მათ მელომანები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, უკვე დიდი ხანია კარგად იცნობენ. ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდა მსმენელს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო წლების მუსიკალურმა განვითარებამ საქართველოში გააჩინა უამრავი დაინტერესებული მსმენელი, რომელიც ღიაა ახალი და უჩვეულო ჟღერადობებისთვის. გარდა ამისა, Azymuth-ის მუსიკის რენესანსის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ მათ მუსიკას დიჯეები ელექტრონულ კლუბებშიც უკრავენ, ისინი წარდგნენ ისეთ პროექტებში როგორიცაა Boiler Room და Dekmantel ფესტივალი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბევრი მსმენელისთვის მათი მუსიკა უკვე ნაცნობი იქნება.

M: 2012 წელს ბენდის ლიდერი და ალბათ მთავარი songwriter, Jose Roberto Bertrami გარდაიცვალა, ვინ შეცვლის მას მომავალი კონცერტისთვის და როგორ ფიქრობ რამდენად დაეტყობა ღონისძიებას დიდი მაესტროს დანაკლისი?
კიკო კონტინენტინო, რომელიც Azymuth-ში ბერტრამის ნაცვლად უკრავს, გარდა იმისა, რომ საოცრად ვირტუოზი მუსიკოსი გახლავთ, იყო ბერტრამის საუკეთესო მოსწავლე და იგი თავად ბერტრამის მიერ იქნა არჩეული მისივე მემკვიდრედ. კიკომ თავისი ინდივიდუალიზმითა და ოსტატობით „აზიმუტს“ კიდევ მეტი ენერგია შესძინა და შეიძლება, ესეც მივიჩნიოთ ბენდის დღევანდელი რენესანსის მიზეზად. ამის რეალური მაგალითია უკვე კიკოსთან ერთად შექმნილი ალბომი, რომელიც Fenix-ის სახელით, ლონდონურ ლეიბლ Far Out Records-ზე გამოიცა და რომელმაც როგორც კრიტიკოსთა, ასევე ახალგაზრდა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

M: უამრავი თანამედროვე DJ ბრაზილიური მუსიკისადმი დიდი სიყვარულის გამო საკმაოდ პოპულარული გახდა, მათმა ამ ინტერესმა სრულიად ახალი ინტერესი გააჩინა ახალგაზრდა თაობაში მივიწყებული მუსიკოსების მიმართ. როგორ ფიქრობ, არის, თუ არა ამის დამსახურება, რომ დღეისთვის საკმაოდ მოთხოვნა გაჩნდა და თქვენც გარისკეთ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა?
მუსიკალური ტრენდები, როგორც წესი მეორდებიან ხოლმე, სწორედ ასეთ დროში ვცხოვრობთ ახლაც. უამრავი დიჯეის გარდა, არსებობს ძალიან ბევრი ლეიბლი, რომელიც მხოლოდ ძველი და უცნობი მუსიკოსების შემოქმედების გაზიარებითაა დაკავებული, რამაც მსმენელშიც აქამდე უცნობი მუსიკის აღმოჩენის სურვილი გააჩინა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ამიტომ გადავწყვიტეთ „აზიმუტის“ ჩამოყვანა. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ჩვენი მუსიკალური ოცნების ახდენა და სხვებისთვის გაზიარება გვინდოდა.

M: რაც შეეხება განვითარებას, რას უნდა ელოდოს მსმენელი 28 სექტემბერს და არის თუ არა დაგეგმილი უკვე მომავალი ღონისძიებებიც?
28 სექტემბერს მსმენელი, პირველ რიგში, უნდა ელოდოს ძალიან მაგარ კონცერტს. ბრაზილიური „სამბა დაიდოსა“ (“Crazy Samba”) და ვირტუოზული შესრულების ნამდვილ დღესასწაულს. კონცერტის შემდეგ გაიმართება After Party, სადაც ერთის მხრივ ჯემ სეიშენი ჩატარდება, სადაც ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობა მიეცემათ Azymuth-ის წევრებთან ერთად დაუკრან და ასევე, მსმენელის წინაშე წარდგება „ვოდკასტ რექორდსის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ზურკინი, რომლის დიჯეი სეტიც საშუალებას მისცემს მსმენელს Azymuth-ის და მსგავსი ჟღერადობის მუსიკა ელექტრონული მუსიკის კონტექსტშიც გაიცნოს. ხოლო 29 სექტემბერს რუსთაველის თეატრში ჩატარდება ვორქშოპი, რომელზედაც დასწრება იქნება უფასო და სადაც „აზიმუტის“ წევრები საკუთარ მუსიკალურ გამოცდილებასა და ცოდნას ყველა მსურველს გაუზიარებენ.

რაც შეეხება სამომავლო კონცერტებს, Lyra Entertainment მალე დააანონსებს ახალ პროექტს, რომელიც დარწმუნებულები ვართ, იქნება როგორც ძალიან გასახარი ქართველი მსმენელისთვის, ისე საინტერესო და საგანმანათლებლო.



განხილვა