Spotlight დაბრუნდა! პანდემიური წლები დიდხანს გაიწელა, თუმცა დადგა დრო, კვლავაც შევიკრიბოთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ დღესასწაულზე. 27 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში 700-მდე სტუმარი შეიკრიბება და მარკეტინგულ თავგადასავალში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე იქნება მასტერკლასები, ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები და პანელური დისკუსიები. Spotlight-ის სცენიდან აუდიტორიას 30 სპიკერი მიმართავს. ჩვენ კი, სანამ გულმხურვალე შეხვედრის დროს მოვა, Spotlight 2022-ის მხარდამჭერებზე გიყვებით. სფოთლაითთან მეგობრობაზე m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა დუმბაძე გვესაუბრა.
M: თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში? რა შეცვალა სფეროში, ამ დროის მანძილზე?
ქართული მარკეტინგის სამყარო მუდმივ განვითარებას და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებას საჭიროებს. ეს მიმართულება, ფინანსებთან ერთად, წამყვანი სტრუქტურაა ბიზნესებში და ის არა მხოლოდ ბიზნესის ფუნქციონირებასა და მომგებიანობაზეა პასუხისმგებელი, არამედ თანამედროვე ცხოვრების ეფექტურობაზეც, რადგან ის ამ ცხოვრებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ანვითარებს სხვადასხვა სახით – გააჩნია, რა სფეროში მოღვაწეობს.
მარკეტინგი თავისი მოწყობით ძალიან კომპლექსური მიმართულებაა, რომელიც მოქმედებას იწყებს მომხმარებლისთვის შესათავაზებელი „იდეის“ მოძიებიდან ან უკვე არსებულის ფორმირებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობიდან და მიჰყვება ამ „იდეის“ მიმღებს ბოლომდე, არამხოლოდ ყიდვის მომენტამდე, არამედ უფრო შორს – პროდუქტის ან სერვისის გამოყენების მთელს გზაზე და ბრენდთან/ბიზნესთან აკავშირებს ამ გამოყენებით მიღებულ ყველა ემოციას. თუ ეს ემოცია პოზიტიურია, იწყება ხელმეორე შესყიდვა ან რეკომენდაციები, რომლებიც სხვა შესყიდვებს განაპირობებენ.
თუ ჩვენ რეალურად კარგად გავაცნობიერებთ მარკეტინგის მნიშვნელობას, მივხვდებით რამხელა მისია და დანიშნულება აქვს ყველა იმ მოვლენასა და პლატფორმას, რომელიც ამ დარგის გაძლიერებას, გათანამედროვებას, გლობალურ ტენდენციებთან ჰარმონიაში მოყვანას უწყობს ხელს.
ვფიქრობ, სფოთლაითის ძირითადი იდეა სფეროს პოპულარიზაცია და დარგის სპეციალისტების მოტივაციაა განვითარებისკენ სწრაფვაში. ეს გამოცდილების, ტენდენციების გაზიარების პლატფორმაა, რომელიც პროფესიონალებისა და ბრენდების საქმიანობის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.
M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
ასეთი ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. მას ესწრებიან და უნდა ესწრებოდნენ მომიჯნავე დარგების სპეციალისტები და კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები. ამასთან ერთად, სფოთლაითის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ (1) ვაჩვენოთ ჩვენი ჩართულობა გლობალური მარკეტინგის რთულ და ცვალებად სტრუქტურაში; (2) ყოველთვის ვიყოთ მონიშნულები მარკეტინგის სპეციალისტებისა და ექსპერტების რუკაზე; (3) ჩვენი სპეციალისტები და კონსულტანტები მიმზიდველ რესურსებად იქცნენ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესებისა თუ პროექტებისთვის, (4) ლოკალურმა ბიზნესმა კარგად აღიქვას დარგის მნიშვნელობა და საქმიანობა.
ჩემთვის, ეს პლატფორმა საინტერესოა ადამიანების/პროფესიონალების აღმოსაჩენად, ახალი პროექტების, გადაწყვეტების გაცნობისთვის, სფეროს წარმომადგენლების ერთად შეკრებისა და კომუნიკაციისთვის.
Spotlight-ის წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.