„ჩემს ღვინოზე ბევრს უკითხავს, „აუ კარგი ვიზუალი აქვს, კარგი მარკეტერი გყავს, ალბათ, ხომ?“ — ძალიან მეცინება ხოლმე. ხშირად ადამიანებს მეღვინეობა ოჯახებიდან მოსდევთ, ზოგს ვენახები აქვს და მერე ლეიბლის შექმნაზე მუშაობს, მოჰყავს მარკეტერი…. ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, მეღვინეობა ჩემთვის არც საოჯახო ტრადიცია იყო და არც გენეტიკური კავშირი მქონდა მასთან, უბრალოდ მე ეს მომწონდა… “, — გვეუბნება ბექა კოკაია, „მ7 ღვინოს“ დამფუძნებელი და მარკეტერი.
დიახ, იგი მარკეტერია და არა, მეღვინე… ხოლო, რახან ყველაფერი პირიქით მოხდა, მან მეღვინე დაიქირავა და არა, მარკეტერი — მ7 ღვინოს მთავარი ტექნოლოგი კი მეღვინე თემურ ბერიანიძეა. ამასთან, პირველად ბრენდი შექმნა და შემდეგ ღვინო… დღეს კი მარკეტერი და მეღვინე „მ7“ ღვინოს ყვარელში ამზადებენ. მართალია, ბექა ჯერ თავადვე ამ პროცესის დამოუკიდებლად მართვას ვერ ბედავს, მაგრამ ღვინის დამზადების ტექნიკების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობს. თუმცა ყველაფერი არც ასეთი მარტივი ყოფილა, „მ7“-ის წარმოებიდან 1 კვირაში ლოკდაუნი გამოცხადდა და აქაც ყველაფერი პირიქით მოხდა, ბექა კოკაიამ თავის ცოლთან ერთად პანდემია შესაძლებლობად ჩათვალა — ჯერ იყო 500 ბოთლი, მერე 2000, მერე 4500, ახლა კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 20%-ით მატულობს.
ამბავი ძალიან საინტერესოა… ამიტომ, მოდით, უფრო მეტი გავიგოთ „მ7 ღვინოს“ შესახებ:
M: ბექა, როგორ გაჩნდა „მშვიდის“ შექმნის იდეა?
ძალიან მიყვარს ღვინო, ოღონდ ამ შემთხვევაში არა, როგორც უბრალოდ ალკოჰოლური სასმელი, არამედ როგორც კულტურა, თან ძალიან დაინტერესებული ვიყავი ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ტრადიციით, ძალიან ბევრი უნიკალური ჯიშის ყურძნითა და, ზოგადად, ამ სფეროთი. ჩემი თავისთვის კი არ მქონდა კონკრეტული დრო დაწესებული, ფიქრებით რაღაცისკენ მივდიოდი და რაღაც დროს იმასაც მივხვდი, რომ, უპირველესად, ბრენდი უნდა შემექმნა და თუ ეს ბრენდი მომეწონებოდა, მერე გავაგრძელებდი საქმიანობას. იმის გამო, რომ ჩემი პროფესიაც ეგ არის და არა, მეღვინეობა. ამ ბრენდის კონცეფციაზე მუშაობა დავიწყე. როცა შაბლონურად პირველი ეტიკეტი გაჩნდა, მივხვდი, რომ ეს გამოვიდოდა, მე არ მომწონდა ის, რომ ქართული ღვინოების ეტიკეტები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, ხმლები, ხანჯლები, ლომები, ბოდიში ყველასთან… და გადავწყვიტე მინიმალიზმისკენ წავსულიყავი, ისეთი ეტიკეტი შემექმნა, რომელიც მომხმარებელს თაროდან დაუძახებდა… შემდეგ კი იშვიათი ღვინოების წარმოება გადავწყვიტე — ჩვენი პირველი ჩამოსხმა მუსკატი იყო, იტალიური, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი ფრანგული ჯიში, რომლის წარმოებაშიც კონკურენცია თითქმის არ გვაქვს.
M: ღვინის პირველი ბოთლების ჩამოსხმიდან 1 კვირაში ლოკდაუნი გამოცხადდა… როგორ მოახერხეთ მასთან ასე წარმატებით გამკლავება?
თავდაპირველად 500 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, ერთ კვირაში კი ლოკდაუნი გამოცხადდა. მე და ჩემი მთავარი პარტნიორი საქმეში, ანუ ჩემი ცოლი ნათია, სერიოზულად ვფიქრობდით იმაზე, რომ ეს ღვინო მეგობრებისთვის დაგვერიგებინა და ამ საქმისთვის თავი დაგვენებებინა… ძალიან მეშინია წარუმატებლობის, ეს ყველას ცხოვრებაში ყოფილა და ყველაზე დიდი მასწავლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ საჯარო წარუმატებლობა მაინც რთულია. როცა უკვე ჩამოასხი ეს ღვინო ან მეგობრებს უნდა ჩამოურიგო ჩუმად ან Facebook-ზე უნდა დაპოსტო და ყველას გააგებინო, რომ ბიზნესი დაიწყე. ოღონდ, ამან თუ არ გაამართლა შენი ფიასკოა და რეპუტაციულად არ არის კარგი, მითუმეტეს, როცა სპეციალობით მარკეტერი ხარ. ამაზე ცხადია, ვღელავდი, მაგრამ მივხვდი, რომ, როცა პანდემიის პირველმა შოკმა გაიარა, ეს შესაძლებლობა უნდა გამომეყენებინა და წავიდა და წავიდა — მანქანაში რამდენიმე ყუთი ღვინო ჩავდე, მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის მაღაზიებსა თუ რესტორნებს შევთავაზე, დამფუძნებლებს, შეფებს, სომელიებს პირადად ვეცნობოდი და უბრალოდ ვჩუქნიდი რამდენიმე ბოთლ ღვინოს ან სულაც, ერთად ვსინჯავდით. თან, ამ დროს ყველაფერი დაკეტილი იყო და თავისუფალი დროც ყველას ჰქონდა. მაღაზიებში ღვინის შეტანაზე უკვე ნაკლები კონკურენცია და მეტი დროც იყო. შედეგად, მშვიდი ღვინო ექსპორტზეც მალევე გავიტანეთ დიდ ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ავსტრიაში.
M: რა ღვინოებს აწარმოებთ?
პირველი ერთი წელი მშვიდი ღვინოს სავიზიტო ბარათი მუსკატი იყო. მერე თეთრი ღვინოების დამატება გადავწყვიტეთ და ავიღეთ, მცვივანი, ხიხვი და კახური მწვანე. ორი წელი 4 სახეობის ღვინო გვქონდა, ბოლოს მეხუთე პოზიცია ნახევრად მშრალი შარდონე გამოვუშვით. ჩვენი მიზანი კი წელიწადში ან ორ წელში ერთხელ ერთი ახალი სახეობის ღვინის დამატებაა ისე, რომ მ7 ღვინოს 7 სახეობა გვქონდეს.
M: რატომ სახელი მ7?
საბჭოთა კავშირმა ისევე, როგორც ბევრ სხვა კულტურას, ქართულ ღვინოსაც დაასვა თავისი დაღი. ქართველ მეღვინეს ღვინის მასიური ფალსიფიცირება ასწავლა. ღვინოს გემო გაუფუჭდა და შესაბამისად, თითქმის ტრადიციად იქცა ღვინის არა ნება-ნება წრუპვა, არამედ გადაკვრით და მალ-მალე დალევა. იმიტომ, რომ ღვინოს, რომელსაც ცუდი გემო აქვს, ნელა ვერ დალევ, ვერ დააგემოვნებ, უნდა გადაკრა… დღეს ქართული ღვინო სულ სხვა სიმაღლეზეა — კარგი ღვინის დაყენებასთან ერთად კი ღვინის გასინჯვის კულტურაც მკვიდრდება — ბოკალში რომ უნდა ჩაასხა, შეანჯღრიო, დაყნოსო და შეიგრძნო. აი, ხშირად ხომ ამბობენ ვიღაცაზე, ამას არ დაალევინოთ ცუდი სიმთვრალე აქვსო, ჩვენ კი ვამბობთ, რომ კარგი და ხარისხიანი ღვინო ამშვიდებს, კარგ და მშვიდ ხასიათზე მოჰყავს ადამიანი და ამ დროს იგი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური გართობისკენ არის მიდრეკილი. დიახ, ჩვენი კონცეფციის მიხედვით, კარგი სახეობის ღვინო ამშვიდებს და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ჩვენს ბოთლებში ყოველთვის მაღალი ხარისხის ღვინო იქნება ჩამოსხმული.
მართალია, ახალი დაარსებულები ვიყავით, მაგრამ მხოლოდ სახელით უკვე რაღაც ისტორია გვქონდა, რაღაც მოსაყოლი, რაც ადამიანებს დააინტერესებდათ და ეს ჩვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
M: რომელია თქვენთვის ყველაზე „მშვიდი“ გემო?
ცალსახად მუსკატი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგიურად მშრალი ღვინოა, ძალიან მსუბუქ ტონებს შეიცავს და ეს კონტრასტი არაჩვეულებრივია — როგორც წესი, ეს ტონები უფრო ნახევრად მშრალ ან ნახევრად ტკბილ ღვინოებში გვხვდება, 6 თვე ჭაჭაზე გაჩერებულ ღვინოში კი ასეთი სიმსუბუქე დიდ და სასიამოვნო კონტრასტს ქმნის.
ისე კი, მინდა, როცა ადამიანი ჩემს ღვინოს გასინჯავს, თქვას, რომ თავისი იდენტობა აქვს — აი, რომ დალევს, მიხვდეს, რომ მშვიდი ღვინოა და სხვებისგან განსხვავდება. ცხადია, პოზიტიური კუთხით.
M: რა ისწავლეთ ამ პროცესში ისეთი, რაც სხვებსაც შეიძლება რჩევის სახით მივცეთ?
როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენი პროდუქტი არის კარგი, არავითარ შემთხვევაში უნდა დაიხიო უკან. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე შეფმა გასინჯა ღვინო და მითხრა, „იცი? ჩემი აზრით, ეს არომატი რაღაცას არ უხდება..” და იქ ვხვდებოდი, რომ უბრალოდ ჩვეულებრივი გემოს მოლოდინი ჰქონდათ. აქ ან ხელი უნდა ჩამექნია, ან გავბრაზებულიყავი, ან ამეხსნა და რადგან დრო ბევრი იყო, ვხსნიდი თუ რა მაგარი იყო ეს განსხვავებულობა და ამან 90%-ში გაამართლა. ამიტომ, როცა აწარმოებთ პროდუქტს, რაც არ უნდა იყოს ეს, სუფთა უნდა იყოთ, აბსოლუტური სიმართლე უნდა ილაპარაკოთ და უკან არ დაიხიოთ, ნებისმიერ წინაღობას დაუთმოთ იმდენი დრო, სანამ არ მიზანს არ მიაღწევთ. ოღონდ მთავარი პირობა ისაა, რომ მართალი იყოთ…
M: რას არ გააკეთებდით არასდროს?
ზოგადად, არასოდეს თქვა არასოდეს დევიზი მომწონს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არასდროს ჩამოვასხამ ტკბილ ღვინოს, იმიტომ, რომ მე თვითონ არ მიყვარს. თუმცა, რა იცი, რა ხდება… აი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ რუსეთში ექსპორტზე ჩემს ღვინოს არასდროს გავიტან, როგორი სარფიანი შემოთავაზებაც არ უნდა იყოს.
M: შესაძლებელია თუ არა დღეს საქართველოში მხოლოდ ამ ბიზნესით არსებობა?
კი ნამდვილად შეიძლება, თუ სწორად აკეთებ რაღაცებს, თუ არ დახარბდები მომენტალურ შემოსავალს და პირველივე მოგებისთანავე დამატებით სწორ ინვესტიციებს გააკეთებ, ნამდვილად შესაძლებელი გახდება, ოღონდ ამას დრო სჭირდება. ღვინო არ არის ის პროდუქტი, რომელიც 1 წელიწადში გაგამდიდრებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მეორე რთველის წინ უკვე მცირე, მაგრამ მაინც მოგებაზე გავედით… მნიშვნელოვანია, პირველი ან მეორე მოგება ეგრევე არ „ჩაიჯიბოთ“, ნაწილი მაინც უნდა ჩადოთ თქვენი მეღვინეობის კაპიტალში, რაღაც დააგროვოთ, გააფართოოთ ვენახი, ახალი ჯიში დაამატოთ… მსგავსად, პროგრესირებადი ბიზნესი და სიახლეების კეთების მუღამიც ყოველთვის გექნებათ, 7-10 წლის პერსპექტივაში კი ეს გაცილებით დიდ მოგებას მოგცემთ. ისეთს, რომ თქვენი ოჯახი მთლიანად ამ ბიზნესზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ ეს გათვლა გვაქვს, მშვიდად მივყვებით ამ გეგმას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე დავგეგმეთ.
M: რას გეგმავთ მომავალში?
სულ 7 სახეობის ღვინის წარმოების გარდა, ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში სადემონსტრაციო მარანი გვინდა გავაკეთოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ლამაზად მოწყობილ სივრცეში ტურისტებს მივიღებთ, გვექნება თონე, სადემონსტრაციო ქვევრები, ტურისტი იქვე გასინჯავს ღვინოს, მიიღებს მონაწილეობას რთველში, გავაკეთებთ ქართულ ფურშეტს, ყველაზე მარტივი, მაგრამ საინტერესო დეტალებით — კახური ტრადიციული გუდის ყველი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, მწვადი… შევთავაზებთ კოტეჯებს. საბოლოოდ გვინდა, რომ შვიდივე სახეობის ვენახი ჩვენვე მოვიყვანოთ, ახლა კი ნაწილს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბიოღირებულებების მქონე ვენახებიდან ვყიდულობთ, თუმცა ყველა მათგანი საქართველოში მოდის. მართალია, ეს არ არის 1 და 2 წლის საქმე, შეიძლება 5 წელიც კი დასჭირდეს, მაგრამ არ მოვისვენებთ იქამდე, სანამ ჩვენივე ღვინით საქართველოში ბევრ ტურისტს არ „შემოვიტყუებთ“. 2-3 წლის წინ რომ გეკითხათ ამ 500 ბოთლის გაყიდვა ყველაზე დიდი მიღწევა იქნებოდა, თუმცა ეგ ეტაპი დიდი ხნის წინ დავძლიეთ. მაგრამ მადა ჭამაში მოდისო ამბობენ — ამიტომ, ჩვენც დავიჯერეთ, რომ სწორად ვმუშაობთ და ჩვენი ამბიციური გეგმების სისრულეში მოყვანის უკვე აღარ გვეშინია.
ავტორი მაკუნა ჯუღელი