არქიტექტურა არა მხოლოდ შენობის კონსტრუირება, არამედ მისი ხელოვნებად ქცევაა. ნებისმიერი არქიტექტურული ძეგლი ამა თუ იმ ადგილის ნაწილად გარდაიქმნება და მასთან ერთად საერთო ესთეტიკას ქმნის. ამ უკანასკნელის თვალსაზრისით, მსოფლიოში გამორჩეულია იაპონური არქიტექტურა, რომელიც დიდი ხანია, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურია, აღიარებული მდგრადობითა და უსაზღვრო კრეატიულობით, რომლის დასტურსაც შვიდი პრიცკერის პრემიის მქონე არქიტექტორი წარმოადგენს იაპონიიდან. მათ შეიმუშავეს ახალი მიმართულებები არქიტექტურაში, ბუნებასთან ჰარმონიული კავშირისა და ტრადიციული ხაზის შენარჩუნებით, არქიტექტურული ფორმებისა და სამშენებლო მასალების გაუთავებელი ძიების პროცესში.
იაპონელებს აქვთ სიტყვა „მა“ იმ ინტერვალისთვის, რომელიც ფორმას აძლევს მთლიანობას. მისი კონცეფცია აღწერილია, როგორც დროში პაუზა, ინტერვალი ან სიცარიელე სივრცეში. „მა“ არის დრო და სივრცე, რომელიც სიცოცხლეს სჭირდება სუნთქვისთვის, გრძნობისთვის და კავშირისთვის. „მა“, გამაერთიანებელი კონცეფციის მეშვეობით, გვხვდება ფერწერაში, ფოტოგრაფიაში, თეატრში, სპექტაკლში, მუსიკაში, ქანდაკებაში, არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ცხადყოფს წესრიგისა და ორიენტაციის ცნებას დროისა და სივრცის ერთდროულობაში.
სწორედ ამ აღმოსავლურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, 2022 წელს ქუთაისში შეიქმნა კომპანია „მა არქიტექტს”. მისი დამფუძნებლები ადგილობრივი არქიტექტორები არიან, რომლებსაც, ერთი მხრივ, მშობლიური ქალაქის, მეორე მხრივ კი, ღრმა ესთეტიკური ფასეულობები აკავშირებთ. ასეთი თანამოაზრეობის გამო გადაწყვიტეს, რომ საერთო საქმე წამოეწყოთ და კომპანიაც დააფუძნეს, რომელიც უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, თუმცა მისი ოფიციალური გახსნა 2024 წლის 29 თებერვალს იგეგმება. ეს თარიღიც არაა შემთხვევით შერჩეული. ერთ-ერთი დამფუძნებელი გვიხსნის, რომ ნაკიანი წელიწადი გუნდს საშუალებას მისცემს, ორგანიზაციის ასაკი დააპაუზოს.
კომპანიას მრავალი საინტერესო მიმართულება აქვს, რომლებიც ერთი იდეის გარშემო იყრის თავს – სრული არქიტექტორული მომსახურება და ამ მიმართულებით ქუთაისში ინტელექტუალური რესურსის კონცენტრირება. კომპანია იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი გუნდი არ აღიარებს იერარქიულ მმართველობას, აქ ყველა თანასწორია და ჰორიზონტალური პრინციპით მუშაობს. ის „ცოცხალი ორგანიზმია”, საინტერესო არქიტექტურული ორიენტირებით, სამომავლო გეგმებითა და დიადი მიზნებით.
თანადამფუძნებელი:
„მა არქიტექტსის დამფუძნებლების სურვილი იყო, ქუთაისში შეგვეკრა ისეთი საპროექტო კომპანია, რომლიც გახდებოდა კატალიზატორი ბეტონის ქალაქების გარდაქმნისა და მაგალითი ტრადიციული არქიტექტურის ინოვაციური მიდგომებით ინტეგრირებისა. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს სრულ არქიტექტურულ მომსახურებაზე, პროექტის მომზადებიდან – მშენებლობამდე. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ მენაშენეს დამატებით არ მოუწიოს სხვა სპეციალისტების ძიება, ამისთვის მას ვაძლევთ ისეთ შეკრულ პროექტს, რომელსაც გადამუშავება აღარ ესაჭიროება“.
ჩვენი სერვისებია: არქიტექტურული პროექტი, ინტერიერის დიზაინი, ლანდშაფტური არქიტექტურა, დენდროლოგიური პროექტი, ფოტო და ვიდეოვიზუალიზაცია. როდესაც ამ ჩამონათვალს ვაკეთებთ, არ ვსაუბრობთ მხოლოდ არქიტექტურასა და კონსტრუქციაზე, არამედ ფილოსოფიურ ხაზსაც ვქმნით მარკეტინგისათვის შესაფუთი პაკეტის საორიენტაციოდ”.
M: რატომ გადაწყვიტეთ აქცენტის გაკეთება მაინცდამაინც იაპონურ კულტურაზე?
თანამედროვე იაპონურ არქიტექტურაში აქცენტი კეთდება ჭეშმარიტად მდგრადი მიდგომების შემუშავებაზე, ტრადიციული ოსტატობისა და თანამედროვე სამშენებლო მასალების სინთეზზე. ეს მიდგომა ძალიან ტენდენციურია დღეს მსოფლიოში, თუმცა „მა“ მხოლოდ აღმოსავლეთშია, მოჩარჩოვებული სიცარიელე დასავლეთში სხვაგვარად გაიგება. როგორც ფილოსოფიური კონცეფცია, ის უკავშირდება ჩვენს შინაგან მოთხოვნილებას, რათა სწორი იდენტიფიცირება გაკეთდეს მიზანთან, მისწრაფება და ჩვენი ცხოვრების პერსონიფიკაცია. „მა“ არის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, სივრცე, საიდანაც მოვდივართ.
ჩვენი მიზანია, პატივი ვცეთ იმ ადგილსა და კულტურას, სადაც პროექტირებას ვიწყებთ, გავაცოცხლოთ ისტორიული ხაზი და ემოციური, ცოცხალი გავხადოთ შენობა. ამისთვის იაპონური კონცეფცია „მა” გახდა ჩვენი ამოსავალი და ორიენტირი ავიღეთ ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის სინთენზზე. როგორც მათ გადაწყვიტეს, თანამედროვე მასალებით თავიანთი ტრადიციები ეჩვენებინათ, ისე ჩვენ გვაქვს სურვილი, არ დავარღვიოთ ტრადიციული ხაზი და მისი გამოძახილი თანამედროვე არქიტექტურაში გადმოვიტანოთ. ეს სინკრეტიზმი მარტივი არ არის და საკმაოდ ბევრი მუშაობაა საჭირო. განსაკუთრებით, როცა კულტურულ ძეგლზე ვმუშაობთ, რამდენიმე პერიოდის არქიტექტურის გაერთიანებაც კი გვჭირდება ხოლმე.
M: რაზე აკეთებს კომპანია მთავარ აქცენტს?
პირველ რიგში, ჩვენს თავს გვინდა შევუქმნათ ის ფუფუნება, რომ ჯერ შევიყვაროთ მიწის ნაკვეთები და შემდეგ დავიწყოთ მათი პროექტირება. ჩვენი მიზნები მხოლოდ კომერციაზე არ არის გათვლილი, არ ვმუშაობთ პრინციპით: „ოღონდ გავაკეთოთ და მნიშვნელობა არ აქვს, სად რა შენობას გავაჩენთ”. ვცდილობთ, ვაკეთოთ ის, რაც კარგი და საჭირო იქნება ქალაქისთვის. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მართალია, ქუთაისზე ვართ აქცენტირებული, მაგრამ ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით ვაპროექტებთ. ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც ქალაქზე იქნებოდა ორიენტირებული და არა კონკრეტული დაკვეთების შესრულებაზე, „მა არქიტექტს“ სწორედ ასეთი ორგანიზმია.
გარდა პროექტირებისა, გუნდმა სოციალური პასუხისმგებლობაც აიღო და დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „არქიტექტურა სოციალური პასუხისმგებლობისთვის”, რომელიც ორიენტირებულია სოციუმის ცნობიერების ამაღლებაზე არქიტექტურულ კონტექსტში. ორგანიზაციის მიზანია, დამწყები და მომავალი არქიტექტორების პროფესიული ზრდა, კანონთან დაახლოება, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად გაზიარება. ამას გარდა, კომპანია მიზნად ისახავს, მოსახლეობას სიახლეები მიაწოდოს ქალაქში დაგეგმილი არქიტექტურული თუ ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების შესახებ.
„ქუთაისში და, ზოგადად, რეგიონებში ნაკლებად შესაძლებელია არქიტექტურული განათლების მიღება, რომლის პრევენციაც ჩვენი ორგანიზაციის სამოქმედო გეგმებშია გაწერილი. ვფიქრობთ, რომ ორგანიზებას გავუწევთ დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული ტრენინგ-სემინარების ჩატარებას, რომლითაც სარგებლობას შეძლებენ, როგორც ამ პროფესიით დაინტერესებული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ისე მოქმედი არქიტექტორები. ვზრუნავთ იმაზე, რომ ქუთაისში ინტელექტუალური რესურსი გავზაროთ. ამისთვის ვქმნით ისეთ გარემოს, რომელიც არა მხოლოდ სამუშაოდ იქნება კომფორტული, არამედ არქიტექტორებისა და მათი მონათესავე პროფესიებისთვისაც საინტერესო“, – გვეუბნებიან მა არქიტექსტსის თანადამფუძნებლები.
[R]