in

Mac 40 წლის გახდა: როგორ შეცვალა რევოლუციურმა მიდგომამ კომპიუტერები?

ტექნოლოგიური ინოვაცია რთული ტექნიკური პრობლემების გადაჭრას საჭიროებს, რაც მომხმარებლის გამოცდილებაზე ფოკუსირების გარეშე ვერ შედგება. ახლა კი, როცა Apple Macintosh 40 წლის გახდა, მის ინოვაციურ ტენდენციებზე უნდა ვისაუბროთ. პირველად 1984 წელს გამოჩნდა ბაზარზე — ეფექტურობის, ხელმისაწვდომობის, ელეგანტურობისა და სიამოვნებისთვის შექმნილი პროდუქტის სახით.

ამჟამად Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2,8 ტრილიონ დოლარზე მეტია და მისი ბრენდი თითქმის ყოველთვის ტერმინ „დიზაინთან“ ასოცირდება. ასე ვთქვათ, ეფლმა ტექნოლოგია მოდად აქცია, რასაც მომხმარებლის გამოცდილებაზე ფოკუსირებით მიაღწია.

ყველაფერი მაკინტოშით დაიწყო

როცა ეფლმა 1984 წლის 22 იანვარს Super Bowl XVIII-ის სატელევიზიო რეკლამით პერსონალური კომპიუტერი წარადგინა, ეს ბრენდის პრემიერას უფრო ჰგავდა. რიდლი სკოტის რეჟისორობით გადაღებული ვიდეორგოლი არა მხოლოდ გამოთვლითი ძალის, მეხსიერების ან ტექნიკური მონაცემების გაყიდვისკენ იყო მიმართული, არამედ ადამიანურ ემოციებზე აკეთებდა მთელ აქცენტს. რეალურად, სტივ ჯობსი პროდუქტის მთელ არსს ჩვენს რეალურ ცხოვრებას უკავშირებდა.

მარტივად რომ ვთქვათ, „თამაში“ აღარ ეხებოდა გამოთვლებს. IBM, Commodore და Tandy-იც ქმნიდნენ კომპიუტერებს. უბრალოდ, მაკინტოშის შემთხვევაში, ყველა „კომპიუტერული მასალა“ — სქემები და მავთულები, ცალკეული დედაპლატები და მონიტორები — კარგად იყო შეფუთული, ერთ გლუვ ინტეგრირებულ ყუთში დამალული.

მსგავსმა მიდგომამ კი ამგვარი აღქმა დანერგა: მომხმარებლებს არ სჭირდებოდათ „ყუთის“ შიგთავსზე ფიქრი. ამის ნაცვლად, იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, თუ როგორ აგრძნობინებდათ ეს მოწყობილობა თავს.

მაუსისა და დესკტოპის მეტაფორის მიღმა

რა თქმა უნდა, მაკინტოშს თავისი ინოვაციურობა ჰქონდა — თუმცა ეს რაიმე კონკრეტულ ტექნიკურ გამოთვლას არ უკავშირდებოდა. ის არ ყოფილა პირველი კომპიუტერი, რომელსაც გრაფიკული ინტერფეისი გააჩნდა ან აიკონები, ფაილები, საქაღალდეები და ა. შ. არც პირველი პერსონალური კომპიუტერი ყოფილა, რომელიც განკუთვნილი იყო სახლის, ოფისის ან საგანმანათლებლო გამოყენებისთვის. არც მაუსის გამოყენება ყოფილა პრეცედენტი. ეფლისთვისაც კი არ ყოფილა პირველი კომპიუტერი, ვინაიდან ერთი წლით ადრე Apple Lisa გამოუშვა.

უბრალოდ, მაკინტოშმა მრავალი წინსვლა ერთად შეკრიბა — არა გიკებისთვის და მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ თითოეული ინდივიდისთვის. მისით სარგებლობა შეეძლოთ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე დასაქმებულებს, მოთამაშეებს და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ წინა სისტემებს პრიორიტეტად ენიჭებოდა ტექნიკური შესაძლებლობები, Macintosh განკუთვნილი იყო არასპეციალისტი მომხმარებლებისთვის — სამსახურში, სკოლაში ან სახლში. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ ეფლმა გამარტივებულ გამოცდილებაზე გააკეთა აქცენტი.

თუკი სხვა კომპიუტერებში რთული ბრძანებები იყო შესაყვანი ან მრავალღილაკიან მაუსებს მიმართავდნენ, მაკინტოშმა დესკტოპის მეტაფორა გამოიყენა. აქ კომპიუტერის ეკრანი სამუშაო მაგიდის ფიზიკურ ზედაპირს წარმოადგენდა — მომხმარებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მარტივად დაეწკაპუნებინათ ფაილებისთვის. ასევე, ერთღილაკიანი მაუსიც დანერგა ეფლმა.

მთლიანობაში, მაკინტოშმა გაამარტივა კომპიუტერის მუშაობისთვის საჭირო ურთიერთქმედების ტექნიკა. კლავიატურის რთული ბრძანებები და გამოყოფილი კლავიშები შეიცვალა „წერტილით-და-დაწკაპუნების“ ოპერაციებით, ჩამოსაშლელი მენიუებით, გადასატანი ფანჯრებით და აიკონებით.

აუტიზმი ქალებსა და კაცებში შეიძლება თანაბრად გამოვლინდეს — კვლევა

Nightshade-ის ხელსაწყო AI ნამუშევრების ქურდობისგან დაგიცავთ