in ,

McCann Tbilisi-ს პირველი ოქრო Cannes Lions 2017-ის შესარჩევ ფესტივალზე – Young Lions Georgia 2017

სააგენტო MacCann Erickson – „მაკკენ თბილისი“ პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა  PRINT-ის კატეგორიაში, 19 აპრილს გამართულ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის – Young Lions Georgia 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. გამარჯვება – დავით (დანტე) მჭედლიშვილმა და ხატია არველაძემ მოიპოვეს, შედეგად კი ივნისში, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“, საქართველოს სახელით გაემგზავრებიან და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions 2017-ის“ ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი თბილისში, I აპრილს დაიწო და 5 კატეგორიაში – PRINT, CYBER, YOUNG MARKETERS, DESIGN, FILM – ჩატარდა. მარკეტერი ესაუბრა გამარჯვებულებს, მხატვარ დავით მჭედლიშვილს, რომელიც მე-4 წელია, MacCann-ში გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს და ხატია არველაძეს, რომელიც 1 წლის წინ შეუერთდა გუნდს, ამავე პოზიციაზე.

 M: პირველ რიგში, ერთად მუშაობის რა გამოცდილება გქონდათ კონკურსში მონაწილეობამდე და როგორ შეარჩიეთ ერთმანეთი?
დავით: მემგონი, ასეთ კონკურსში პარტნიორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხატიასთან ერთად, დაახლოებით, 1 წელია, ვმუშაობ და შემიძლია, ვთქვა, რომ რაღაც მომენტებში, უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს.

ხატია: ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვისთან ერთად მიწევს მუშაობა. ფორმატიდან გამომდინარე, კონკურსი მოიაზრებს გარკვეულ სტრესსა და დაძაბულობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ერთმანეთს, რა სისუსტეები და ძლიერი მხარეები გვაქვს. მე და დანტეს, სამსახურშიც გვაქვს ერთად მუშაობის გამოცდილება და რადგან კომფორტულად ვგრძნობთ მუშაობისას თავს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ერთად გავსულიყავით კონკურსზე.

M: როგორ შეაფასებდით ბრიფს – დავალებას, რომელიც უნდა შეგესრულებინათ?

დავით: ბრიფი იყო ძალიან ზუსტი და ნათელი, ასევე, ძალიან აქტუალური დღევანდელ დღეს. მემგონი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა აწუხებდეს დაბინძურებული გარემო და ეცადოს მის გამოსწორებასა და გაუმჯობესებას. მოკლედ, ბრიფით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხატია: ბრიფს რაც შეეხება, ძალიან კარგი და საინტერესო იყო, კონკრეტული, მარტივად მისახვედრი, თუ რა იყო მთავარი ამოცანა და რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. ასევე, საინტერესო იყო ის, რომ აქტუალურ პრობლემას ეხებოდა, იმას, რასაც  ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით.

PRINT -ის კატეგორიაში, კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ სოციალური თემატიკის ბეჭდური რეკლამა, რომლითაც, ერთგვარად, მოუწოდებდნენ კორპუსების მცხოვრებლებს, გაფრთხილებოდნენ იმ საერთო სივრცეებს, რომლებსაც იზიარებენ თანაკორპუსელებთან.

M: მუშაობის პროცესზე მოგვიყევით, რა დრო დაგჭირდათ იდეის მოსაფიქრებლად და რამდენად კომფორტული იყო 24 საათიანი სამუშაო დრო?
დავით:
უმეტესი დრო იდეის მოფიქრებას მოვანდომეთ, საერთო ჯამში, 20 საათი დაგვჭირდა დავალების შესასრულებლად.
ხატია: მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, 24 საათიანი სამუშაო დრო კი ძალიან კარგია, რადგან არ ნერვიულობ იმაზე, თუ როგორ უნდა მოასწრო მოფიქრება და შესრულება.

M: თავად თუ იყავით კმაყოფილი თქვენი ნამუშევრით ?
დავით: არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენი ნამუშევარი ძალიან მომწონს და იმასაც არ დაგიმალავთ, რომ გამარჯვების იმედიც მქონდა.
ხატია: სიმართლე რომ ვთქვა, თავიდანვე იმდენად მჯეროდა ჩვენი იდეის, რომ მუშაობის პროცესიდანვე მქონდა კარგი შედეგის მოლოდინი. თუმცა, რა თქმა უნდა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელი იყო. M: რას გულისხმობს თქვენთვის, საქართველოს სახელით, „კანის კრეატიულ ფესტივალზე“ ასპარეზობა?
დავით: ქვეყნის სახელით ასპარეზობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, იმედი მაქვს, საქართველოს ღირსეულად წარმოვაჩენთ.
ხატია: რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველო ნელ-ნელა ვითარდება ამ სფეროში და მსოფლიო მასშტაბებზეც იწყებს გასვლას, ამიტომ ჩვენზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ გავაცნობთ თავსა და ქვეყანას თვით დიდ მსოფლიო ლომებს.

M: თავად კონკურსი რომ შეაფასოთ, რა გამოცდილება მოგცათ ამ ფესტივალმა?
დავით: გარდა იმისა, რომ ამ ფესტივალზე იღებ დიდ პროფესიულ გამოცდილებას, ამასთანავე, იღებ ცოდნას, რაც განვითარების საშუალებას გაძლევს. კარგი გარემო, ახალი ურთიერთობები, პოზიტიური ემოციები, მოკლედ, ძალიან მაგარია! კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს.

M: რას ურჩევდით იმ მონაწილეებს, რომლებიც მომავალში მიიღებენ „კანის ლომების“ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას, როგორ უნდა გაიმარჯვონ?
ხატია: რთულია რაიმე რჩევის მიცემა, ყველას ინდივიდუალური სტილი აქვს მუშაობის, თავად უკეთ იციან, რა და როგორ ურჩევნიათ, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან, მხოლოდ ის შემიძლია მათ გავუზიარო, რომ შექმნან ის, რისიც თვითონ სჯერათ.

 

ავტორი: ლუკა ეჯიბია

რას გულისხმობს კამპანია “50 000 000 ელჩი საქართველოდან”?

თათია კარიაული – #პირველისამსახური