in

„თამამად შეგვიძლია, რეგიონში #1 საკონდიტრო – საწარმო გავხდეთ“ – „მადარტი“

როგორ გაუმკლავდა კრიზისს და რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ?!

„[ყველაფერი] რაც დაკავშირებულია ტკბილეულის დამზადებასთან და ტკბილეულით ვაჭრობასთან“ – ასეთია სიტყვა „საკონდიტროს“ განმარტება. თუ უფრო კონკრეტულად დაგაინტერესებთ და „საკონდიტრო მადარტს“ მოძებნით, დაახლოებით, მსგავს განმარტებას იპოვით და იმავეს გეტყვით ამ კომპანიის ფინანსური დირექტორი ბექა ბოსტაშვილი. გარდა ამისა, ამბობს, რომ ბაზარზე 12-წლიანი გამოცდილების შემდეგ, დღეს, „მადარტს“ ყველანაირი რესურსი აქვს, რეგიონში  #1 საკონდიტრო – საწარმო გახდეს. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ კიდეც, მაგრამ პანდემიამ, სხვა ბიზნესების მსგავსად, მათი გეგმებიც შეცვალა – 2020 წელს, საერთოდ გაჩერება მოუწიათ. თუმცა, მაშინ როცა, კომპანიების ნაწილს ბევრად დიდი დრო დასჭირდა უკან დასაბრუნებლად, ნაწილი კი საერთოდ გაქრა ბაზრიდან, მადარტის“ კარი, მომხმარებლებისთვის, 2 თვეში ისევ გაიღო – კრიზისთან გამკლავება მათ, ჯერ კიდევ კრიზისამდე დაწყებული ცვლილებებისა და სიახლეების ხარჯზე მოახერხეს. დეტალურად ამ ყველაფერს თავად ბექა ბოსტაშვილი გვიამბობს, თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით: 

„კომპანია „მადარტი“, ბაზარზე, 2009 წლიდან ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში, შევძელით ერთი მთავარი წარმოებისა და 4 წარმოება – რეალიზაციის ობიექტის გახსნა თბილისში და ჯამში, 700 ადამიანის დასაქმება. ჩვენმა 12-წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ განვითარების არსებული სტრატეგიით, თამამად შეგვიძლია, რეგიონში  #1 საკონდიტრო –  საწარმო გავხდეთ“.

2020 წელი, თითქმის, ყველა ბიზნესისთვის ძალიან რთული იყო. რა ვითარება იყო საკონდიტრო სფეროში?

ბექა ბოსტაშვილი: პანდემია ყველასათვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და ბუნებრივია, არც ჩვენი სფერო ყოფილა გამონაკლისი – შარშან, ზოგადად, საკონდიტრო ნაწარმზე შემცირდა მოთხოვნა, რაც შეეხება, იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც კონკრეტულად ჩვენ, „მადარტი“ დავდექით: 2020 წელს, 2 თვით მოგვიწია წარმოების შეჩერება და როდესაც დავბრუნდით, რა თქმა უნდა, ბაზარი შეცვლილი დაგვხვდა.

როგორ მოახერხეთ ახალ რეალობაზე „გადაწყობა“, რა პროცესები გაიარეთ?

ჯერ კიდევ პანდემიამდე დავისახეთ მიზნად, გემრიელ და ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, მომხმარებლისთვის მათზე მორგებული, გამარტივებული სერვისები შეგვეთავაზებინა. ამიტომ, მეტ-ნაკლებად, ადვილად შევძელით ახალ რეალობაზე „გადაწყობა“. ბუნებრივია, ეს შეუძლებელი იქნებოდა „მადარტის“ თანამშრომლების გუნდური მუშაობის გარეშე. 2018 წლიდან, ჩვენი კომპანია ფლობს საკუთარი მიტანის სერვისს, სადაც დასაქმებულია 120 ადამიანი. გარდა ამისა, მუდმივად ვავითარებთ ციფრულ პლატფორმებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ და მარტივად შეიძინოს პროდუქცია ვებგვერდის საშუალებით.

ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ახალი პროდუქტებისა და სერვისების საჭიროება თუ დაინახეთ? ან როგორ დააკმაყოფილეთ არსებული უკვე მოთხოვნები? 

როგორც უკვე აღვნიშნე, მომსახურების სერვისების კუთხით, მომზადებულები შევხვდით პანდემიას და ფაქტობრივად, ხარისხის ტესტი გავიარეთ, რომელსაც ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი. რაც შეეხება ახალ პროდუქციას და ბაზრის დაკმაყოფილებას, 2020 წელს, ახალი ფილიალი გავხსენით ვაზისუბანში, რომელიც ISO სტანდარტების მიხედვითაა აშენებული. სწორედ აქ შევქმენით ახალი პროდუქციის წარმოების განყოფილება და უახლოეს პერიოდში, ჩვენი მომხმარებელი, ბევრ საინტერესო სიახლეს იხილავს ჩვენს დახლებზე.

კრიზისზე, კომპანიის მხრიდან, ადეკვატური პასუხი, ბუნებრივია, მომხმარებელთა კმაყოფილებაზეც აისახებოდა. როგორია თქვენი გამოცდილება ამ კუთხით?

მომხმარებლის მხრიდან დადებითი შეფასება, დიდი სტიმულია იმისათვის, რომ ვიყოთ მოქნილები და მზად შევხვდეთ ახალ გამოწვევებს. მგონია, რომ განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას აუცილებლად მოაქვს დადებითი შედეგი, როგორც მომხმარებელთან ურთიერთობაში, ისე ბიზნესის წარმატებაში.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით იმ კომპანიებს, რომლებიც გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრობენ?

რჩევა შეიძლება ცოტა უხერხულად ჟღერდეს, მაგრამ ვიტყვი იმას, რაც ყველა ბიზნესისთვის წარმატების გასაღებია, პრობლემებს შეხედონ გლობალურ ჭრილში, იყვნენ მიზანდასახულები, განვითარებაზე ორიენტირებულები და მარტივად შეძლონ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

რაც შეეხება „მადარტის“ სამომავლო გეგმებს?

სამომავლოდ, ვგეგმავთ, გავხსნათ ახალი, მრავალფუნქციური ფილიალი ვაკე-საბურთალოს რაიონში. 2025 წლამდე, გვსურს მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ლოკაციები ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით.

 

[R]

მეცნიერებმა ვარსკვლავების წარმოქმნის ყველაზე რეალური სიმულაცია შექმნეს!

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „DataFest Online – ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ იწყება!