8
Oct
2019

როგორია მთვარეზე ამოსული მცენარე?

8 Oct 2019

Alta
Alta


მათგან აღარაფერია გასაკვირი – ჩინელებმა მთვარეზე ბამბა დარგეს და მცენარეს უკვე ფოთლებიც აქვს. ვიზუალი, რომელსაც გაჩვენებთ, 3D რეკონსტრუქციითაა შექმნილი. მოგეხსენებათ, ჩინური კოსმოსური ხომალდი მთვარის შორეულ მხარეს 2019 წლის იანვარში დაეშვა. მთვარემავალი Chang’e-4 მოიცავდა მცირე ბიოსფეროს, რომელშიც სხვა ხუთ სიცოცხლის ფორმასთან ერთად, იყო ბამბის თესლიც. ბიოსფეროს ექსპერიმენტის მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა აღადგინეს ციფრული სურათი, თუ როგორ გამოიყურებოდა ორფოთოლიანი ბამბის მცენარე სიცივისგან დაღუპვამდე.

მისია ასევე წარმოადგენდა ექსპერიმენტსაც, რომლის ფარგლებშიც, უნდა ეცადათ მცენარეების გახარება, ერთი შეხედვით უკაცრიელ თანამგზავრზე. მთვარეზე გაგზავნილი მცირე ბიოსფერი, რომელსაც LME უწოდეს (Lunar Micro Ecosystem), ბამბის გარდა, მოიცავდა კარტოფილის, ცერეცოს, საფუარის თესლს, ბუზის კვერცხებსა და ბალახს.

უმეტესობა მათგანი, ბამბის გარდა, მალევე დაიღუპა. სამგანზომილებიანი ვიზუალი გვიჩვენებს, რომ დაღუპვამდე, მცენარემ არამხოლოდ ორი კვირა იცოცხლა, არამედ, ორი ფოთოლიც გამოისხა. ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, ქსაი გენგხინი, რომელიც ჩონგქინგის უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს, არ გეგმავს კვლევის დეტალების გამოქვეყნებას. თუმცა, იმედოვნებს ძიების გაგრძელებას და ფიქრობს, რომ შესაძლოა სიცოცხლის სხვა ფორმებმა შეძლონ მთვარის მკაცრ პირობებთან გამკლავება.

რატომ ინტერესდება NASA კოსმოსური მებაღეობით? NASA-ს გრძელვადიან მისიებში შედის, გაიგოს, რამდენად საჭიროა მცენარეების კოსმოსში მოყვანა.

ორგანიზაციაში თვლიან, რომ მულტივიტამინების კომპლექსი ასტრონავტების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არასაკმარისია და კოსმოსი უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. რატომ? მიზეზთა ნაწილი ლოჯისტიკასთან არის კავშირში. მაგალითად, ვიტამინებში არსებული ნუტრიენტები და მზა საკვები, დროთა განმავლობაში, შეიძლება გაფუჭდეს ან რადიაციის მავნე ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. ამდენად, ახალი პროდუქტი კოსმოსური მოგზაურებისთვის კარგი ალტერნატივა იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ უკეთეს გემოზე. ამას გარდა, თუკი ასტრონავტები შეძლებდნენ მცენარეების ხომალდზევე მოყვანას, მათ მზა საკვების უფრო ნაკლების წაღება დასჭირდებოდათ. თუმცა, ზემოხსენებულის გარდა, არსებობს ამ იდეის ფსიქოლოგიური უპირატესობაც.

ახალი ყვავილები და ბაღი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და საშუალებას აძლევს ასტრონავტებს, დედამიწა შეიგრძნონ ყველაზე შორეულ მოგზაურობებშიც კი. ეს მათს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

NASA დაინტერესებულია იმითაც, რომ ასტრონავტებისთვის საკვების მიღების პროცესი უფრო კომფორტულად აქციოს. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლოდროინდელ მისიაზე ასტრონავტებს სადღესასწაულო კერძები გაატანეს და დააკვირდნენ, რა პირობებში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ისინი – ერთად სადილობა ურჩევნიათ თუ მარტო? ან იქნებ, თავად სურთ საკვების მომზადება? იკვლევენ იმასაც, რა დაუკმაყოფილებთ ასტრონავტებს ემოციურ საჭიროებებს, რომ შეუნარჩუნონ გემოსა და სუნის შეგრძნება და მოგზაურობას უფრო მეტი კომფორტი შემატონ.

განხილვა