ძალიან ცოტა ბრენდი თუ უმადლის მზის სხივებს ისე, როგორც ამას Corona აკეთებს… მექსიკაში დაბადებული ლუდი 100 წლის იუბილეს Made by the Sun-ის კამპანიით აღნიშნავს, რომელიც პირდაპირ მზით არის შექმნილი და სწორედ ეს შთააგონებს მის იდენტობასაც.
ამიტომაც კამპანია ე. წ. Pinhole photography-ით შემოგვთავაზეს, რომელიც გამოსახულებების მიღების ერთ-ერთ უძველეს ფორმას აღნიშნავს — სინათლე ძალიან პატარა აპერტურაში გადის, რათა გამოსახულება პირდაპირ ფირზე აღბეჭდოს, ფილტრების, ციფრული ხრიკებისა და ელექტროენერგიის გარეშე.
ამგვარად, უძველესი ბრენდი ასევე უძველესი ტექნოლოგიით წარსდგა მომხმარებლის წინაშე და ამ საქმეში ფოტოგრაფი, გარემოსდაცვითი აქტივისტი როდრიგო ფარია დაიხმარა. სხვაგვარად რომ გითხრათ, შემოქმედებითი მხარე სრულად ბუნებას გადასცა და შედეგად, ჩილეს სანაპიროზე გადაღებული 100 პორტრეტი მივიღეთ, რომლებზეც ადამიანები, პეიზაჟები და ველური ბუნებაა ასახული. აქ ალვაროს, ფელიპესა და სხვების ამბებს გვიყვებიან:
ციფრული ფოტოგრაფიისგან განსხვავებით, ეს უძველესი ტექნიკა მოთმინებას მოითხოვს, რადგან მყისიერ შედეგს არ გვთავაზობს. ასე კი პროექტის მიზანსაც ეხმიანება, შევჩერდეთ, ყურადღება გავამახვილოთ და ვისწავლოთ გარემოსთან რიტმში ცხოვრება. მეტაფორადაც იქცევა და მაყურებელს შეახსენებს, რომ ისეთი საუკეთესო რაღაცების, როგორებიცაა მზის ჩასვლა ან ცივი ლუდი, აჩქარება არ შეიძლება…
კონცეფცია DAVID Buenos Aires-ის შემოქმედებით სააგენტოს ეკუთვნის და ამას ისინი პოეტურ ექსპერიმენტად აღწერენ. აღსანიშნავია, რომ კამპანიას თან ახლავს წიგნი, რომელშიც მზით შექმნილ სურათებს ჩილეს სანაპირო საზოგადოებების ამბებს უკავშირებენ. ისინი კი, თავის მხრივ, ზუსტად იმას განასახიერებენ, რასაც კორონა The beach state of mind-ს უწოდებს.
საინტერესოა, რომ აქამდე კორონამ ასი წლის იუბილე, ასევე, ასი წლის ადამიანებთან ერთად იზეიმა.











