ალბათ, ყველას გვსურს ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც კოლეგები თავაზიანები, ყურადღებიანები და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ცხადია, ეს ყველაფერი მადლიერების გამოხატვაშიც ვლინდება. თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად? რა არის მადლიერების გამოხატვის საუკეთესო საშუალება? და რა სარგებელი მოაქვს მადლიერების გამოხატვას სამსახურში?
რატომ უნდა გამოხატოთ მადლიერება?
კვლევა ნათელია: მადლიერება სასარგებლოა. ის აუმჯობესებს კეთილდღეობას, ამცირებს სტრესს და ზრდის გამძლეობას. ამან, შესაძლოა, უფრო მომთმენიც კი გაგხადოთ. როგორც კვლევები ცხადყოფს, როდესაც ადამიანები მადლიერებას გრძნობენ ისინი მზად არიან, მეტი ძალისხმევა გაიღონ სხვების დასახმარებლად, იყვნენ ლოიალურები — თუნდაც ფინანსების კუთხით და მოგება თანაბრად გაუზიარონ პარტნიორებს.
როდესაც თანამშრომელს ეუბნებით, რომ მისი მადლიერი ხართ, იგი თავს ღირებულად გრძნობს… შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება მისი მხრიდან თქვენდამი დახმარების გაწევის მზაობა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეები სტუდენტების სამოტივაციო წერილებს არედაქტირებდნენ. სტუდენტების ნაწილმა დახმარების სანაცვლოდ მადლიერება გამოხატა, ნაწილს კი არანაირი უკუკავშირი არ მიუცია მონაწილეებისთვის. გარკვეული დროის შემდეგ მათი ერთობლივი ჩართულობა კვლავ საჭირო აღმოჩნდა — რა თქმა უნდა, მონაწილეებს მათი დახმარების სურვილი გაუჩნდა, ვინც წინა შემთხვევაში მადლიერება გამოხატა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ვინმეს მადლობას არ უხდით, სამომავლოდ ხელახლა დახმარების შანსები ნახევრდება.
ამასთანავე, მადლიერების გრძნობამ, შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს სამუშაო კულტურაზე. როგორც მორიგი ექსპერიმენტი ცხადყოფს, მისი გამოხატვის ფონზე საგრძნობლად მცირდება ძალადობის ტენდენცია. როდესაც თანამშრომლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, თუ ვის და რის გამო არიან სამსახურში მადლიერები, მათი თვითკონტროლი და კეთილგანწყობა გაცილებით მაღალ დონეზეა.
როდესაც ადამიანები სტრესის ქვეშ არიან, ისინი უფრო ცუდად ექცევიან სხვებს… ამიტომაც, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დროა არა მხოლოდ მადლიერების გრძნობისთვის, არამედ მისი გამოხატვისთვის. ბოლო პერიოდის არეულობამ და დაუცველობამ ბევრი ჩვენგანი გამოფიტულ, გადატვირთულ და დაბნეულ მდგომარეობამდე მიიყვანა — გაჩნდა კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ვაკეთებთ?
დროა დაანახოთ თქვენს კოლეგებს, რომ აფასებთ მათ, მაგრამ როგორ?
როგორ გამოვხატოთ მადლიერება?
ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას და როგორ ამბობთ. უბრალო “მადლობა” კარგი დასაწყისია,მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გაუფასურდა ეს სიტყვა, ხშირი და ზედაპირული გამოყენებით, მისი გავლენა შემცირდა. ამის ნაცვლად, უმჯობესია, კონკრეტულად დაასახელოთ, რატომ და რისთვის ხართ მადლიერი, ახსნათ, რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი.
როდის უნდა გამოხატოთ ვინმესადმი მადლიერება? პასუხი მარტივი და ლაკონიურია — ახლა. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, ნუ გააკეთებთ ამას იმდენად ხშირად, რომ სიტყვები მოსალოდნელი და აზრგამოცლილი გახდეს. ამასთან, იმისდა მიუხედავად, რომელი მედიის გამოყენებას გადაწყვეტთ მადლობის გადასახდელად, აუცილებლად გამოყავით რამდენიმე წუთი. დაფიქრდით, კონკრეტულად რისთვის ხართ მადლიერი და როგორი გავლენა იქონია მათმა ქმედებებმა თქვენზე.
კრისტოფერ ლიტლფილდი, თანამშრომლების დაფასების ექსპერტი, რამდენიმე გზას გთავაზობთ თქვენი გზავნილის დასაწყებად:
- შაბათ-კვირას ჩვენს უახლეს პროექტზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ მადლობა არასდროს მითქვამს.
- ამ ბოლოს იმდენად დატვირთულები ვიყავით, რომ მივხვდი, თქვენი გაწეული შრომისთვის სათანადო მადლიერება არ გამომიხატავს.
- ვიცი, რამდენად დიდი გამბედაობა დაგჭირდათ გულწრფელი უკუკავშირის მოსაცემად. მინდა იცოდეთ, რომ ნამდვილად ვაფასებ ამას.
შემდეგ კი ხაზი გაუსვით იმას, თუ რატომ აფასებთ და რის გამო ხართ მადლიერი. მაგალითად, “ხალხი იშვიათად ამბობს დადებით შეფასებაზე მეტს… მე კი ყოველთვის ობიექტური უკუკავშირი მჭირდება. თქვენი გამოხმაურება დამეხმარა, მნიშვნელოვან საკითხებზე მემუშავა და ხარვეზები გამომესწორებინა”.
და რატომ აფასებთ:
სოციალური ფსიქოლოგი ჰეიდი გრანტი ამბობს, რომ მსგავს მომენტებში საკუთარ თავზე საუბრის მიდრეკილება გვაქვს. რეალურად კი სხვა ადამიანზე ფიქრია საჭირო. ამრიგად, მხოლოდ თქვენთვის მონიჭებულ სარგებელზე ნუ ისაუბრეთ… არამედ, ისინიც “ადიდეთ” — მაგალითად, “ეს გვიჩვენებს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ”.
თუ ლიდერი ხართ, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თავად გამოხატავდეთ მადლიერებას, არამედ თანამშრომლებსაც მოუწოდებდეთ ამისკენ. მაგალითად, შექმენით შესაბამისი სივრცე და გამოყავით დრო მადლიერების გასაზიარებლად. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს უშუალო ფიზიკური ინტერაქცია თუ სოციალური მედიის გამოყენება.
წყარო: HBR