„მადლობა გადავუხადე“ – ამ ფრაზას, დღეს, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობაც შეიძინოს?! დიზაინერი სერგი დევრისაშვილი ფიქრობს, რომ სხვა ვალუტების მსგავსად, „მადლობასაც“ უნდა ჰქონდეს საკუთარი კუპიურა და არა მხოლოდ ფიქრობს – მან ახალი ფულის კონცეფცია უკვე შექმნა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/DerbyGE/videos/536137787219044/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ამბობს, რომ ადამიანები თავს ვალდებულად ვგრძნობთ, დახმარებას, საჩუქარს თუ გაწეულ სამსახურს ანალოგიურად ვუპასუხოთ. „მადლობის გადახდა“ კი იმ ობლიგაციის გადაცემაა, რომლითაც მიმღებს უფლებას ვაძლევთ, ეს ვალუტა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
„როცა ადამიანი რაღაცით დაგვეხმარება, ვუხდით მადლობას და, თითქოს, მასთან ვალში ვგრძნობთ თავს. თეორიულად, ეს გადახდილი „მადლობა“ მასთან ინახება და როცა დახმარება დასჭირდება, მის გამოყენებას შეძლებს ჩვენი მხარდაჭერის შესაძენად — მარტივად რომ ვთქვათ, ასე მუშაობს მადლობის ეკონომიკა“.
და რაკი ეკონომიკა მუშაობს, გაჩნდა ფულის აუცილებლობაც – ნომინალი მარტივად გამოსახული სიმბოლოებით, რომლის მთავარი დანიშნულებაც მისი იდენტიფიკაცია იქნებოდა.
„სიმბოლოში ასახულია ქართული ასო „მ“ ორი ისრიანი დაბოლოებით. ორივე ისარი ერთსა და იმავე მხარესაა მიმართული, რადგან მადლობის ფილოსოფია არის არა „გაეცი და მიიღე“, არამედ „გაეცი და გაეცი, მოლოდინის გარეშე.“ ეს გაცემის ხაზები კი ადრე თუ გვიან, ერთ წერტილში შეერთდებიან და უკან „მადლობის“ სახით დაგვიბრუნდებიან“.
„მადლობა“ რა მადლობა იქნებოდა, რაღაცებში რომ შეზღუდულიყო. ამიტომ, დიზაინერმა „ქეშითა“ და ბარათით „ანგარიშსწორებაზე“ იფიქრა.
„თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ „მადლობას“, როგორც ყველაზე ძვირფას ვალუტას, მდიდრული და გამორჩეული კუპიურა უნდა ჰქონოდა. ამ შედეგის მისაღებად მივმართე სტილს, სახელწოდებით Art Deco, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა გასული საუკუნის არქიტექტურულ, ინდუსტრიულ თუ გრაფიკულ დიზაინზე. „მადლობის“ კუპიურის დიზაინი სიმეტრიულია ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ. მისი სიმეტრიის ღერძი კი არის ჰორიზონტალური და თანაც ბრუნვადი. კუპიურის მთავარ ილუსტრაციაში ჩანს ორი ურთიერთდამხმარე ხელი. მათ მიღმა აკაშკაშებული მზე კი მადლობის სახეა, როგორც სამარადისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ძალა ადამიანებისთვის“.
სერგი დევრისაშვილი ფიქრობს, რომ თანამედროვე მოთხოვნებს თანამედროვე გადაწყვეტილებები სჭირდება. დღეს ფულის საიმედოდ შენახვა შესაძლებელია ნამდვილ თუ ვირტუალურ საფულეებში, ანალოგიურად მნიშვნელოვანია უსაფრთხო შენახვის საშუალება „მადლობებისთვის“. ასე გაჩნდა ბარათი „სამადლობელი“. დიზაინერი ამბობს, რომ ის უფრო ახლოს უნდა იყოს მფლობელთან, ვიდრე იმ დიდ იდეებთან და ფილოსოფიასთან, რომელიც „მადლობის“ საძირკველში დევს.
„ვფიქრობ, რომ „მადლობის ეკონომიკაში“ არავინ არავის აღემატება და ყველას შეუძლია იყოს სასარგებლო. აქედან გამომდინარე, გვერდი ავუარე იმ გაბატონებულ კლასიფიკაციას, როგორიცაა „სილვერი“, „გოლდი“ თუ „პლატინუმი“ და სამადლობელი ბარათების პირველი სერია შთაგონებულია ძვირფასი ქვების ქართული სახელწოდებებით: მარგალიტი, ლალი, ქარვა, ზურმუხტი და გიშერი. მათ შორის არ არის იერარქია და ყველა ბარათს თანაბარი შესაძლებლობები აქვს“.
სერგი დევრისაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესში ფულის მიღმა არსებობს სხვა, გაცილებით უფრო დიდი ღირებულებები, ეს მისი პირადი ბრენდის, „დერბის“ მთავარი ხედვაა და სლოგანშიც – „სწრაფვა ღირებულებებისკენ“ – არის ასახული.
„ამ პროექტის საშუალებით კი მინდოდა, რომ ამ დიდი ღირებულებების ნაყოფი ხელშესახებად მექცია. ამიტომ შევქმენი „მადლობა“. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ვალუტა, რომლის შეგროვებაზეც უნდა ირჯებოდეს ყველა კომპანია თუ პიროვნება“.
და თუ „ბოდიში“ შეიძლება აფთიაქში იყიდებოდეს, რატომ არ შეიძლება, თუნდაც მისი შეძენისას, „მადლობა“ გადავიხადოთ? მით უმეტეს, რომ „ბოდიში მოვიხადე“ და „მადლობა გადავიხადე“ და-ძმასავით ცნებებია და ხშირად მათ შემასმენლებსაც ერთმანეთშიც ვურევთ?