in

სამოსი, აქსესუარები და „მადლობა“ შენთვის – სტარტაპი „მადლობა შენ“

Startauperi
Startauperi

რატომღაც, მიჩვეულები ვართ, რომ „მადლობას“ მხოლოდ მომხმარებლები ვამბობთ. ბუნებრივია, თუ ჩვენი შენაძენით კმაყოფილები ვართ. კომპანიებისგან კი ამ სიტყვას ხშირად ვერ ვისმენთ.  სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლაშა შველიძემ სამოსისა და აქსესუარების ბრენდი შეექმნა და პირდაპირ „მადლობა შენ“ დაერქმია. მანვე მოიფიქრა ლოგო და ვიზუალური გაფორმება.

ყველაფერი 2018 წელს დაიწყო. ამბობს, რომ მაშინ ბაზარზე მსგავსი სტარტაპი არ არსებობდა. ასე გაჩნდა „მადლობა შენ“, საიდანაც სამოსისა და აქსესუარების შეძენა, ნებისმიერ მსურველს, „ონლაინ“ შეუძლია.

„თავიდანვე ჩვენი მთავარი მიზანი იყო და არის, ყველას შევთავაზოთ უნიკალური და ორიგინალური პროდუქტი. ჩვენ არ ვქმნით მასიურად ერთსა და იმავე ნივთებს.“

რატომ „მადლობა შენ“? 

ლაშა შველიძე: როდესაც ვუკვეთავთ „ონლაინ“ ნებისმიერ პროდუქტს, მაგალითად, ფეხსაცმელს ან ტანისამოსს, ძალიან იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ წერილს, თანდართულს შენაძენთან ერთად, სადაც მადლობას გვიხდიან. გვგონია, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სტარტაპისთვის დაგვერქმია „მადლობა შენ“. თანაც, ეს იდეა კიდევ უფრო გაგვიმყარდა ლოგოს შექმნის შემდეგ. ის სამი ასო-ბგერისგან შედგება – T H X. საბოლოოდ კი მივიღეთ ის ლოგო, რომელიც დღეს ჩვენი მთავარი ვიზუალური და ამავდროულად, სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

უფრო დეტალურად რომ ვუამბოთ მკითხველს, რისი შეძენა შეიძლება თქვენთან?

სამოსის, აქსესუარების და სხვადასხვა ნივთების. მთავარი ჩანაფიქრი არის ის, რომ ჩვენთან შეძენილი არც ერთი პროდუქტი არ მზადდება მასიურად. ჩვენთვისაც უინტერესოა ის მომენტი, როდესაც უკვე გამზადებულ პროდუქტს უბრალოდ ვაწვდით მომხმარებელს. არასოდეს ვიყენებთ ინტერნეტიდან ამოღებულ სურათებს, რადგან ვაფასებთ ადამიანების შრომას. სურათების გამოგზავნის შემთხვევაში, იდეაზე სამუშაოდ ვიყენებთ იმ ნიმუშს, რასაც გვაწვდის ჩვენი მომხმარებელი. დღეს ახალგაზრდობა [ძირითადად, ამ სეგმენტზეა გათვლილი „მადლობა შენ“] გადართულია მაქსიმალურად განსხვავებულობის პოვნაზე. ეს ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც, ქუჩაში რომ გახვიდეთ და მათ დააკვირდეთ.

სტარტაპი რომ დაიწყეთ, ორი წლის წინ, იყო ასეთ მომსახურებაზე მოთხოვნა?

დიახ. მეტიც. პირადად მე ვთვლი, რომ საჭიროება იყო. ბევრჯერ შევხვედრილვარ ადამიანს, ვისაც სურდა, რაღაც უნიკალური ნივთი, თუმცა, მის საძებნად რომ ევლო, არც დრო ჰქონდა და არც – სურვილი. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, ვისაც მოთხოვნილება აქვს, უნიკალურ პროდუქციაზე. მგონია, რომ ბევრისთვის სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც რაიმე უნიკალურ აქსესუარს, ტანისამოსს, ან სხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ ნივთს შეიძენ.

უნიკალურობის გარდა, კიდევ რითია გამორჩეული „მადლობა შენ“? 

აქტიურად ვაკონტროლებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხს. წელიწადში რამდენჯერმე ვუკავშირდებით მომხმარებელს და ვეკითხებით, როგორ მოსწონთ, ხმარების შემდეგ, ჩვენი დამზადებული მაისური, თუ  სხვა სამოსი. ასევე, ვიღებთ რჩევებს და კრიტიკას ჩვენი მომხმარებლისგან. ყველა ერთგულ მომხმარებელს, საკუთარ დაბადების დღეზე, ჩვენთან 40%-იანი ფასდაკლება აქვს.

როგორც სტარტაპს, რა სირთულეები გაქვთ, თუნდაც, ამ ბოლო პერიოდში? 

ახლა [პანდემიის გამო], დროებით შეჩერებულები ვართ. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. უკვე ვამზადებთ სამომავლო პროდუქციას და ვმუშაობთ სხვა, ახალ იდეებზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარისხი, მაქსიმალურად კომფორტული და პრაქტიკული დიზაინის თუ ფორმის პროდუქციის შექმნა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

სამომავლოდ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, რაც მოითხოვს ბევრ დროს. ამიტომაც ვფიქრობთ აქტიურად მუშაობის გაგრძელებას დეკემბრიდან. მომხმარებლებს ბევრი სიახლე ელოდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენმა პროდუქციამ გააოცოს ისინი. ამიტომ, დიდ დროს ვუთმობთ დეტალებზე მუშაობას.

SME Banking Club-მა „საქართველოს ბანკი“, კავკასიაში, SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა 

რჩევები მარკეტინგსა და კომუნიკაციაში – როგორ უნდა ვიმოქმედოთ კრიზისის დროს?