9
Apr
2019

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდების „მადლობა თავისუფლებისთვის“ 

9 Apr 2019

Elit Electronics
Elit Electronics


9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ყველასთვის მიეცათ მადლიერების გამოხატვის საშუალება.


„მადლობა თავისუფლებისთვის“ – ეს არის კამპანიის მთავარი გზავნილი, რომლის ფარგლებშიც ფეისბუკგვერდი შეიქმნა და ლოგოს/ფრეიმის გავრცელებით, მალევე, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების სოლიდარობისა და ერთიანობის თვალსაჩინო ეფექტი მიიღო.

გასული წლების განმავლობაში ამ ამბის გახსენება მხოლოდ გლოვასთან ასოცირდებოდა. ცხადია, ტკივილი არასდროს განელდება და წარმოუდგენელია გადაფარო დანაკარგი, თუმცა მონაპოვარი, რომელიც ოცდაათივე განვლილი წლის განმავლობაში გვქონდა, არანაკლები მნიშვნელობისაა. ჩვენ ამ მონაპოვარში ვიცხოვრეთ, დავგეგმეთ მომავალი, შევქმენით დამოუკიდებელი ქვეყნისა და თავისუფალი ადამიანების ისტორია. სწორედ ეს მონაპოვარი, რომელსაც სიმბოლურად, 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მიუძღვნა, საკვანძო თემად ავირჩიეთ. ეს მონაპოვარი იყო თავისუფლება, რომლის დაბრუნებასაც 1989 წელს თბილისში თავი შესწირეს. აღქმა იმისა, რომ ჩვენი ამჟამინდელი რეალობა ამ ადამიანების დამსახურებაა, ყოველთვის გვქონდა, თუმცა მადლობა ამისათვის საზოგადოებას „ასე მთლიანად“ და კონსოლიდირებულად არ გადაგვიხდია, სწორედ ამიტომ, #მადლობათავისუფლებისთვის !


კამპანიის ავტორებმა დაღუპული გმირების ორიგინალი ისტორიები მოიპოვეს, რომლებიც სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე – 9aprili.ge განთავსდა. ამავე ვებგვერდზე იხილავთ 9 აპრილის მოვლენების ქრონოლოგიის თაიმლაინსა და ფოტო-ვიდეომასალების არქივს.

ვიდეოკლიპის ძირითად ხაზს იმ ხმების გაერთიანება წარმოადგენს, რომლებმაც 1989-1991 წლების ორი 9 აპრილის ისტორია შექმნა.

ამ ხმებისა და დღევანდელობის კადრების გაერთიანებამ, თვალნათლად გვაჩვენა ის, თუ რისთვის ვიხდით მადლობას. 

ასევე, გამოქვეყნდა 9 აპრილის ღამის 45 წუთიანი დოკუმენტური ვიდეომასალაც, რომელიც ამ დრომდე სრულად ხელმისაწვდომი არ იყო. 

კამპანია „მადლობა თავისუფლებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

განხილვა