in ,

„მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ” – კამპანია და მარწყვის მეურნეობა განათლებისთვის

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც საინტერესო ამბები არასოდეს წყდება და დასაწერიც ყოველთვის ბევრია. ჩვენთან, პატარა საქართველოში, ყოველდღიურად უამრავი ამბავი ხდება, რომელიც შეიძლება მაგალითი გახდეს სხვებისთვის ან უბრალოდ ინსპირაციად იქცეს ახალი იდეებისთვის. 

ცოტა ხნის წინ რედაქციაში სასაჩუქრე მარწყვების ლამაზი ფოტოები გამოგვიგზავნეს. თემას ბოლომდე რომ მივყევით და აღმოვაჩინეთ ის, რაც აღმოვაჩინეთ, მივხვდით, რომ ამ ამბის შესახებ Marketer-ის მკითხველისთვის უნდა მოგვეთხრო.

თუ ჯერჯერობით ვერ ხვდებით, რა კავშირშია ერთმანეთთან „მადლობის” კამპანია, მარწყვის მოყვანა და განათლება, მაშ გეტყვით, რომ ისტორია პროექტ „მეურნეობით” დაიწყო. ეს არის პროექტი, რომლის საბოლოო მიზანიც, განათლების სამსახური და სკოლის მოსწავლეების თანამედროვე პროფესიებთან დაახლოება, მათთვის ისეთი შესაძლებლობების მიცემაა, რაც მხოლოდ სკოლაში არ ისწავლება. 

ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ, ზემო ნიქოზეთში, მდებარეობს საჯარო სკოლა, რომლის ეზოშიც მარწყვის სათბურის გაშენება იგეგმება. პროექტს საფუძველი ზუკა მახარაშვილმა და მისმა მეგობრებმა ჩაუყარეს. მათი სურვილია, რომ შემოსული თანხით, სკოლის ეზოში მარწყვის სათბური ააშენონ, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი ისევ სკოლას მოხმარდება. კერძოდ,  სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა კურსი დაუფინანსებს და მოზარდებს განვითარების საშუალება მისცემს, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც ეს სოფელია. 

ზუკა მახარაშვილი fundraiser.ge თანადამფუძნებელი:

„პროექტის იდეა 1 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ გაჩნდა, როცა მე და ჩემი მეგობრები მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნის ყველა პრობლემა მოდის სასკოლო განათლებიდან და ქართული სასკოლო განათლება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ქართული სკოლადამამთავრებელი ბავშვი, სრულიად უცხოა თანამედროვე სამყაროსთან, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ სამყაროსთან, რომლის ტემპი ძალიან სწრაფია და უფრო და უფრო სწრაფდება. შესაბამისად, სკოლა ქმნის პროდუქტს (ბავშვების სახით), რომელსაც უშვებს უნივერსიტეტებში ისე, რომ მათი უმრავლესობა გაუაზრებლად ირჩევს მომავალ პროფესიებს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევები სხვადასხვა უნივერსიტეტში და სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 80%+ თქვა, რომ არასდროს აირჩევდა იმ ფაკულტეტს, სადაც ახლა სწავლობს.

ჩვენი მიზანია, შეიქმნას სასკოლო განათლების განვითარებისთვის გარანტი პროექტი, რომელიც მუდამ იმუშავებს სკოლების განვითარებაზე. ასევე მეორე მიზანია, ბავშვებმა შეძლონ და მიიღონ ის აუცილებელი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რაც საჭიროა დღევანდელ სამყაროში უკვე იცოდეს სკოლის ასაკის ბავშვმა და არა სტუდენტობის ან შემდგომ პერიოდში. რაც ასევე საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია”.

მარწყვის მაღალტექნოლოგიური სათბური 1300 კვ.მ-ს იკავებს და მისგან მიღებული შემოსავლის 50% მუდამ დაიხარჯება იმ სკოლის განვითარებისთვის, სადაც მიმდინარეობს პროექტი. მეორე 50% კი მიდის სხვა სკოლაში იგივე პროექტის გადაკეთებლად. ამას მოსდევს ამ ორი სათბურის 50% მესამე სკოლისთვის და ასეთ ჯაჭვად არის აწყობილი ბიზნესმოდელი, რომელმაც საბოლოოდ, 2000+ სკოლა უნდა მოიცვას და პირდაპირ თუ არაპირდაპირ გახდეს ბენეფიციარი.

„პირველ რიგში, ეს არ არის მხოლოდ მეურნეობა. ჩვენ ვნერგავთ Farm To School სწავლების მეთოდს, რაც გულისხმობს outdoor პრაქტიკულ და თეორიულ გაკვეთილებს, რაც თავისი არსით სკოლის მოსწავლეებზე დადებით გავლენს ახდენს. განსხვავებულ და კომფორტულ გარემოში სილაბუსით გათვალისწინებულ პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად ისინი მიიღებენ თეორიულ გაკვეთილებსაც და ჩართულები იქნებიან ყველა იმ საჭირო სფეროში, რაც საჭიროა სათბურის წარმატებით მართვისთვის. იგულისხმება არა მხოლოდ მეურნეობა და აგრონომია, არამედ მარკეტინგი, გაყიდვები, უახლესი აგრო ტექნოლოგიები, ფინანსები, დაგეგმარება, მართვა/მენეჯმენტი, ბრენდინგი, ლოჯისტიკა და ა.შ.”, – ზუკა მახარაშვილი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა კამპანია – „მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ”. საიტ thankyou.ge-ს ვიზიტორს ხვდება შესავსები ფორმა, რომლითაც მას შეუძლია სასურველ ადამიანს გაუგზავნოს პერსონალური მადლობის წერილი და საჩუქარი, რომელიც ბიო ქოთანში მოთავსებულ მარწყვის სამ ნერგს მოიცავს. ეს გახლავთ სახლის მცენარე, რომელიც წელიწადში 3-ჯერ მოისხამს ნაყოფს და ალამაზებს ინტერიერს. 

ამ კამპანიაში გაღებული თანხით, თქვენ არა მხოლოდ საყვარელ ადამიანებს უგზავნით წერილსა და საჩუქარს, არამედ პროექტ „მეურნეობასაც” ეხმარებით, რომელსაც, როგორც უკვე გაიგეთ, დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

„გარდა ინდივიდუალური ადამიანებისა, კამპანიაში ჩართვა შეუძლიათ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც საახალწლოდ საკუთარ თანამშრომლებს ან პარტნიორებს უკეთებენ კორპორაციულ საჩუქრებს. ასევე, მათ აქვთ საშუალება, საკუთარი კომპანიის/ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს გადაუხადონ მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებენ, იქნებიან ეს რომელიმე კონკრეტული საავადმყოფოს ექიმები, მაშველები, მასწავლებლები თუ სხვა”, – ზუკა მახარაშვილი.

მადლობის კამპანიაში უკვე არაერთი ორგანიზაცია ჩაერთო და მათი გამოცდილება ძალიან დადებითად ფასდება. როგორც ზუკა გვიყვება, ტრადიციული კამპანიებისგან განსხვავებით, მადლობის კამპანია იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, გულწრფელ მადლობას იმსახურებენ, მეორე მხრივ კი, ისინი, ვისაც მადლობის გადახდის სურვილი ექნება.

რაც შეეხება მოლოდინებს, ზუკას პასუხი ასეთია:

„ჩვენი მოლოდინია, მადლობის კამპანიით შევძლოთ პროექტი „მეურნეობა” გავაცნოთ უფრო მეტ ადამიანს და მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – შევაგროვოთ პროექტისთვის საჭირო 90 000 აშშ დოლარი. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფოს ყველა საჭირო უწყებასთან, მათგან ვგრძნობთ მორალურ მხარდაჭერას და გვინდა გადავაქციოთ პრაქტიკულ მხარდაჭერად, ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსებზე, ამ ეტაპზე შეგროვებული გვაქვს 25 000 ლარი, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო ფართოდ ვიმუშაოთ დამატებითი თანხების მოსაზიდად. პროექტს ამ ეტაპზე უკვე ჰყავს მედია პარტნიორები, გვაქვს შექმნილი სასპონსორო პაკეტიც, სადაც სპონსორ კომპანიებს ვთავაზობთ სასპონსორო ღირებულებაზე ბევრად მეტ და სამუდამო რეკლამას”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჯეიმს ვების ტელესკოპმა „ახალშობილი ვარსკვლავი“ დააფიქსირა

Nike-ის კამპანიაში რონალდინიო მბაპეს წინააღმდეგ თამაშობს!