in

როცა დაბალი ინტენსივობით მუშაობა მაღალ შედეგს გვაძლევს

მორბენლების ყურებისას, სირბილის ინტენსივობაზე დაკვირვებითა და შთამაგონებელი შესრულებებით, ყოველთვის აღფრთოვანდებით. ამ აღფრთოვანებამ ინვესტორისა და უკვე მორბენალი Harsha V. Misra-სთვის ბიზნეს მენეჯმენტის გაგებაც კი შეცვალა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„ამ ორ სამყაროს შორის, მოულოდნელი კავშირი აღმოვაჩინე. ამ კავშირმა მაიძულა შემეცვალა არა მხოლოდ ჩემი მიდგომა მარათონის სირბილისადმი, არამედ ბიზნესის მენეჯმენტის გაგებაც“, – ამბობს Harsha V. Misra.

ვარჯიშის ინტენსივობას კი 3 დონის მიხედვით განიხილავს:

დაბალი ინტენსივობა – ეს მარტივი და შედარებით ნელია – თითქოს მორბენალი არც კი ცდილობს.

საშუალო ინტენსივობა – გულისხმობს ძალიან მოკლე დროში საკუთარი თავისთვის დისკომფორტის შექმნას.

მაღალი ინტენსივობა კი მუშაობს, რაც შეიძლება მეტი, ან თუნდაც მთლიანი ენერგიის გამოყენებით.

მორბენლები, რომლებიც ხშირად ისვენებენ, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის ემორჩილებიან საშუალო ინტენსივობას. მსგავსად, მიყვებიან მოსაზრებას „ივარჯიშე ისე, როგორც შენ ითამაშებ“. ეს პროცესი გამომწვევი და მიმზიდველია – არასასიამოვნო, მაგრამ არა, აუტანელი.

ამის საპირისპიროდ, ბევრი მორბენალი ვარჯიშის დროის დაახლოებით 80%-ს დაბალი ინტენსივობით ატარებს. ისინი მიზანმიმართულად იკავებენ თავს, ქმნიან ბაზას მარტივი ტემპით, რომ ვარჯიშის დარჩენილი 20%-ის, ძირითადად, მაღალი ინტენსივობით ჩატარება შეძლონ. ეს უკიდურესად ფოკუსირებულია სიჩქარისა და ძალის ზეადამიანურ გამოყენებაზე.

რაც შეეხება საშუალო ინტენსივობის ვარჯიშს, კონკურენტული ჯგუფი თითქმის არ ხარჯავს დროს. ისინი ამას ენერგიის დაკარგვად თვლიან. ექსპერტები აღწერენ, როგორც: „ძალიან დიდი ტკივილი ძალიან მცირე მოგებისთვის“.

მართლაც, მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობენ ადამიანის გამძლეობას, დაადგინეს, რომ პოლარიზებული, დაბალ-მაღალი ვარჯიშის მიდგომა მაქსიმალურად ზრდის რბოლის შედეგებს და ამცირებს სერიოზული ტრავმის რისკს. სწორედ ამიტომ, ბევრი მსოფლიო დონის მორბენალი, ველოსიპედისტი და მოთხილამურე ვარჯიშობს ამ მეთოდით.

ვარჯიშის ინტენსივობაზე დაფიქრებამ, შესაძლოა, ცნობილი ინვესტორის უორენ ბაფეტის მიდგომები გაგახსენოთ. ბაფეტი საკუთარ მიდგომას „ზარმაცების ლეთარგიას“ უწოდებს. ის დროის უმეტეს ნაწილს წლიური ანგარიშების კითხვას, ბიზნეს პუბლიკაციების დათვალიერებასა და კოლეგებთან საუბარში ატარებს. მიზანმიმართულად აშენებს საინვესტიციო ცოდნის საფუძველს – რაც შეიძლება ჩანდეს ისე, თითქოს არც არაფერს აკეთებდეს. მაგრამ შემდეგ, ის მთელი ენერგიით მოქმედებს და მასიური ინვესტიციების ფსონებს დებს. ბაფეტის მიდგომისგან განსხვავებით, ტერანს ოდენის კვლევამ აჩვენა, რომ ინვესტორები ყოველთვის „რაღაცის კეთებისკენ“ არიან მიდრეკილნი და „საშუალო“ შედეგების მეშვეობით მუდმივად ტრიალებენ ბაზრებზე.

რომელი იგებს საბოლოოდ? შესაძლოა, უკვე ხვდებით კიდეც.

როგორც ჩანს, ორივე პოლარიზებულ, დაბალ-მაღალ, 80-20 სტრატეგიას უჭერს მხარს. ორივე თავს არიდებს საშუალო დონეს.

პოლარიზებული ინტენსივობა უკეთეს შედეგს იძლევა. და ეს არ არის მხოლოდ „მაღალი 20%-ის“ გამო. არანაკლებ მნიშვნელოვანია „დაბალი-80%“. ის უბრალოდ სხვა მიზანს ემსახურება. სირბილში, ის საშუალებას აძლევს სხეულს გამოიმუშაოს გამძლეობა, ტრავმის გარეშე. ინვესტიციაში კი, ის საშუალებას აძლევს ინვესტორს მიაღწიოს მიზანს ფულის დაკარგვის გარეშე.

მსგავსი იდეა მენეჯერული მუშაობის უფრო ფართო სპექტრზეც ვრცელდება. მოცემულია სამი მაგალითი, რომელსაც ეს მიდგომა ესადაგება:

  • ისეთ გაყიდვებში,სადაც პროცესი ხანგრძლივია, თუმცა პოტენციური მოგება დიდი. გამოცდილი გამყიდველები ურთიერთობების დამყარებისა თუ გაღრმავების დაბალ ინტენსივობას ირჩევენ. შესაძლოა, ზოგისთვის ეს უსაქმურობას ჰგავდეს , მაგრამ როცა საქმე ფინალისკენ მიდის, ისინი სწრაფად იწყებენ მოქმედებას. შედეგს კი ურთიერთობის ბაზის, ნდობისა და კომუნიკაციის გამო აღწევენ, რომელიც სწორედ დაბალი ინტენსივობით მუშაობისას მოიპოვეს.
  • სტრატეგიის შემუშავებისას გუნდები, რომლებსაც აქვთ საუკეთესო გამოცდილება, ლიდერთა გუნდის შეხვედრებზე, როგორც წესი, ხშირად ამბობენ, რომ ჯერ არაფერი აქვთ სათქმელი. კოლეგებს შეიძლება გაუკვირდეთ და იკითხონ: „რატომ გვყავს დაბალი ენერგიის მქონე ადამიანები ირგვლივ?“ სინამდვილეში კი, ამ დროს ისინი მონიტორინგს, სწავლასა და თვალყურის დევნებას უთმობენ. დარწმუნებული იყავით, რომ როდესაც სწორი შესაძლებლობა ჩნდება, გუნდების დაბალი და მაღალი ინტენსივობის კუნთები ერთიანდებიან და მომგებიან შედეგს გვაძლევენ.
  • ანალოგიურად, კვლევისა და განვითარების გარკვეულ გარემოებებში, სადაც წარმატების მიღწევები ცხოვრებას ცვლის და წარუმატებლობა წაგებად აღიქმება, გუნდები იაფფასიან ექსპერიმენტებსა და სწავლაზე დიდ დროს ხარჯავენ . როდესაც დრო მოვა, მათ შეუძლიათ გადავიდნენ მასიურ, ოპერატიულ-აღსრულების სპრინტზე. ისევ და ისევ, მსგავსი მაღალი ინტენსივობის ბიძგი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა გამძლეობის უნარი, რომელიც მრავალი საათის დაბალი ინტენსივობის ძალისხმევის შედეგად გამოიმუშავეს.

თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ინტენსივობით მუშაობა რისკსაც შეიცავს. მაგალითად, როცა გაყიდვებში მუშაობთ ან კალათბურთის გუნდში ხართ, თუ თქვენ ენერგიას ხშირად დაზოგავთ იმის გამო, რომ საჭირო მომენტი ვერ იპოვეთ, შეიძლება გაჯობოთ იმან, ვინც პატარა წარმატებებს აღწევს და შორეული მიზნები არ აქვს.

პოლარიზებული ინტენსივობის კიდევ ერთი ნაკლი არის ის, რომ დაბალი ინტენსივობით მუშაობა ძალიან მარტივი ჰგონიათ, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მაგალითად, მას, ვინც მაღალი სიჩქარით დარბის, ვარჯიშის დროს, განზრახ შენელება ძალიან უჭირს. ანალოგიურად, პროფესიონალ ინვესტორებსაც უჭირთ გაჩერება და არაფრის კეთება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკლებად წარმატებული ინვესტორების ისტორიებით არიან გარშემორტყმული. ადამიანის კონკურენტუნარიანი ტვინი უბრალოდ არ არის მოწყობილი იმისთვის, რომ თავი შეიკავოს. ამისთვის საჭიროა მიზანმიმართული მოთმინება, უკიდურესი დისციპლინა და ურყევი ფოკუსირება გრძელვადიან შესრულებაზე.

„მე არც აკადემიური მკვლევარი ვარ და არც პიროვნული პროდუქტიულობის ექსპერტი. მაგრამ, როდესაც მუშაობისა და შედეგების გაუმჯობესების გზებს განიხილავთ, გირჩევთ, დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დაბალი ინტენსივობის მოდელი თქვენს სამუშაო ხაზში. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მეუბნება, რომ პოლარიზებული ინტენსივობის მიდგომა არის იდეა, რომლის შესწავლაც ბევრი ბიზნეს ლიდერისთვის ნამდვილად ღირს“ – ამბობს ინვესტორი Harsha V. Misra.

 

წყარო: HBR



Riabid-ის ხელოვნების დღეებს “ბაზარი ორბელიანზე” მასპინძლობს

როგორ განავითარებს Identomat სტარტაპს $3.2 ინვესტიციით?