in

„მაგდანა“ – ჯინის ალქიმია, რომელიც ქართულ მითოლოგიასა და ანიმეს კულტურას უკავშირდება

Startauperi
Startauperi

ქვევრის ღვინის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორიის პარალელურად, საქართველოში ადგილობრივი წარმოების ჯინის კულტურა თანდათან იკიდებს ფეხს. „მაგდანა“ საკუთარ თავში ანიმეს, ალქიმიასა და ქართულ მითოსს აერთიანებს. ვერძისრქიანი ქალღმერთი, როგორც ქართული კულტურის სიმბოლო, ალკოჰოლური სამთო სასმლის ტრადიციას გამოხატავს. მისი ხასიათის შთამბეჭდავი ნაწილია ტიპოგრაფიკა – სამკუთხა ფორმის შრიფტი, რომელიც დახვეწილად წარმოაჩენს ბრენდის ჩანაფიქრს. თავად პროდუქტს კი, გრადუსის გარდა, ის შინაარსი სძენს ხიბლს, რაც მასში ავტორებმა ჩადეს.

როგორც იდეის ავტორმა, გაო ჭავჭავაძემ გვიამბო, ბრენდის ამ სახით ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძილივი პროცესი იყო. მისთვის-ინსპირაციის წყაროს, 10-12 წლის წინ, სვანეთში მოსმენილი ისტორია იქცა:

„მესტიაში ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი, ვინც ამზადებდა დუცის, სვანურად კი ღეხის არაყს. აღმოჩნდა, რომ მთაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ჰერბალების ალკოჰოლში გამოყენების ტრადიცია. ჭაჭა ბარიდან ამოქონდათ, მას კი მთის მცენარეებით ამდიდრებდნენ. ეს ისტორია, გონებაში დამელექა და როდესაც „მაგდანაზე“ მუშაობა დავიწყე, მაშინვე ამომიტივდა, რადგან სვანები და ზოგად ჩვენი მთის ხალხი შინაარსობრივად ამზადებდნენ „ჯინს“ – სპირტისა და მცენარეების ნაყენს. 

მინდოდა ბარიდან მთაში ჭაჭის ატანისა და იქ მისი გამდიდრების ტრადიცია შემენარჩუნებინა და მომერგო კლასიკური გაგებით ჯინს. ამიტომ, მოვძებნე დისტილერია მთაში, ჟინვალში და დავიწყეთ ჯინის გაკეთება ქართული ღვიის გამოყენებით. ასევე, ვცდილობთ სხვა ინგრედიენტებიც ადგილობრივი და მთისთვის დამახასიათებელი იყოს.“

M: იყო მსგავსი პროდუქტის საჭიროება ქართულ ბაზარზე?

სულ მქონდა განცდა, რომ ქართული მთა ვიზიტორებს არ სთავაზობს მთაში დამზადებულ სასმელს. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, მთა არის ადგილი სადაც ყურძენი არ იზრდება. თუმცა, ჩვენს მთიან რეგიონებს უდიდესი კულტურა აქვთ, მათ შორის ტრადიციული ალკოჰოლის წარმოების (თუნდაც, ღეხის არყის მაგალითი). ჩემთვის უცნაურია, რომ ყაზბეგის და სვანეთის სატუმროებშიც კი კახურ ღვინოს გთავაზობენ. შესაბამისად, იყო საჭრიოება შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ჩვენს მთასა და მის ტრადიციებს ალკოჰოლის სეგმენტში წარმოადგენდა და შეავსებდა ამ სიცარიელეს, რაც მთაში კახური ღვინის სმით გამოიხატება…

მთის ჯინის კონცეფციაზე ფიქრისას ამოსავალი წერტილი იყო ქართული მითოლოგიის პოპ-კულტურაში გადმოტანა და პროდუქტის შექმნა, რომელიც Young Adult-ებისთვის იქნებოდა საინტერესო. ანიმეების დიდი მოყვარული ვარ და სულ მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ქართულ მითოლოგიაზდე დაფუძნებით Y/A-სეგმენტზე გათვლილი პროდუქტი არ იქმნებოდა. ამიტომაც, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა „მაგდანას“ პერსონაჟის შესახებ მინი ანიმეების, ჩანახატების შექმნა. პირველი სერია და პირველი მაგიური ელექსირის შექმნის ისტორია უკვე დევს ჩვენს სოციალურ გვერდზე.

ანიმაციების მიღმა, ქართული მთის ჯინის დამზადება უამრავ გამოწვევებთანაა კავშირში. ჩვენ ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ კვლევებზე, ექსპერიმენტებზე, რადგან გვინდოდა შეგვექმნა უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. აქედან გამომდინარე, პრემიუმ სეგმენტს ვთავაზობთ ავთენტურ მთის პრემიუმ ჯინს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოძებული, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.

M: როგორია ქართული მთის ჯინის ლეგენდა? უფრო ვრცლად – როგორ დაუკავშირეთ ის ქართულ მითოლოგიას?

„მაგდანა“ ქართულ მითოლოგიზე დაფუძნებული ალქიმიკოსი პერსონაჟია, იგი მაგიურ ელექსირებს ამზადებს და მისი წარმომავლობა რამდენიმე ლეგენდსთანაა კავშირში.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, დალის, ნადირობის, ჯიხვებისა და ცხოველთა ქალღმერთს მონადირე შეუყვარდა. დალი თავის სიყვარულს ნანადირევს არ აკლებდა. თუმცა ერთი პირობა იყო, მონადირეს არ უნდა გაეთქვა მისი და დალის საიდუმლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მუდამ ხელმოცარული დაბრუნდებოდა ნადირობიდან. მონადირემ სიტყვა შეასრულა, მისი და დალის სიყვარულის ისტორიის შესახებ არავის გაანდო (ამ ლეგენდაზე მესტიის თეატრში სპექტაკლსაც კი ნახავთ). საიდუმლო სიყვარულის დეტალები უცნობია, თუმცა მე მჯერა, რომ ამ სიყვარულს ექნებოდა გაგრძელებდა. „მაგდანა“ სწორედ ამ ადამიანური და ღვთიური სიყვარულის ნაყოფია, დალისა და უცნობი მონადირის შვილი.

არსებობს ასეთი ლეგენდაც, რომ ადამიანებსა და დევებს შორის მუდმივი ქიშპობითა და ბრძოლით დაღლილმა დევებმა გადაწყვიტეს ღვთის შვილებთან ერთად, თავი უჩინარი სამყაროსთვის შეეფარებინათ და იქ გადასახლდნენ, ამიტომაც ვეღარ ნახავთ დევებს ჩვენს მთებში. 

„მაგდანა“, როგორც ადამიანისა და მითოლოგიური არსების შვილი ორივე სამყაროს ნაწილია, ხოლო მისი ელექსირი არის გამაერთიანებელი ხიდი ამ ორ სამყაროს შორის. როდესაც მიირთმევთ „მაგდანას“ ელექსირს, მთის ჯინს, თქვენ დროებით ხდებით ამ უხილავი სამყაროს ნაწილი და თუ გაგიმართლათ ან არ გაგიმართლათ, შეიძლება დევებსაც ესაუბროთ.  

„მაგდანას“ ელექსირი, კიდევ ერთი ლეგენდას, მთის მარგალიტის იგივე ხვითოს ქვას უკავშიდება. გადმოცემის თანახმად მთის მარგალიტს წყალში დანის პირით ჩაფხეკდნენ მთიელები, შედეგად კი წყალი მკურნალი მალამო ხდებოდა. სწორედ ამის გადმოცემა გვინდოდა ჩვენს პატარა ანიმეში, სადაც ზღვის უბნის მატიანე ალტერნატიულ სამყაროში გამოვსახეთ, „მაგდანა“ კი მთის მარგალიტის მეშვეობით გვიმზადებს ელექსირს სამყაროებს შორის მოგზაურობისთვის.

M: რა სძენს მიმზიდველობას, ერთი მხრივ, როგორც სასმელს და მეორე მხრივ, როგორც ბრენდს?

შევძელით და მთის ჯინის დასამზადებლად გამოვიყენეთ ქართული ღვია. სიმბოლურია, რომ ამაში მონადირეები დაგვეხმარნენ (და ალბათ, დალიც). ისინი კარგად იცნობენ თრიალეთის ქედს და იცოდნენ თუ სად მოეძებნათ ღვია ველურ ბუნებაში. 

სამწუხაროდ, ღვიის კულტურა საქართველოში არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ფართოდაა გავრცელებულ ჩვენს მთიან რეგიონებში, მათი მდებარეობა არ არის მარკირებული და მოსახლეობისთვის რთულია ღვიის მოგროვება. მაგრამ ჩვენ ეს სირთულეები არ გვაშინებს, პირიქით, ვამაყობთ, რომ მაინც შევძელით და მოვაგროვეთ საკმარისი რაოდენობის ღვია მთის ჯინის დასამზადებლად.

ჩვენი ბრენდი ქართული მთის ლეგენდების სინთეზია და მისი მიზანია ქართული მთის ჯინის პოპულარიზაციასთან ერთად, წარმოაჩინოს ქართული მითოლოგია. ამიტომ, ვიზუალური თხრობა, ანიმაციები და გრაფიკული ნამუშევრები მითოლოგიის გარშემო ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იქნება „მაგდანასთვის“.

M: ვინ ქმნის „მაგდანას“? – გუნდის გამოცდილებაზე გვიამბეთ…

„მაგდანა“ ნიჭიერი ახალგაზრდების კოლაბორაციის შედეგია. Ჩვენი მთავარი ტექნოლოგი ერეკლე შავიშვილია. მისი დისტილერია “Goldsmith” ჟინვალში მდებარეობს და უკვე წლებია ქმნის უმაღლესი ხარისხის ჭაჭას. ამიტომ, იგი იდეალურად მოერგო მთის ჯინის კონცეფციას და შექმნა პირველი ღვინოზე დაფუძნებული ჯინი საქართველოში. ერეკლე რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა და ეძებდა გემოებს, რომ მიგვეღო ის შედეგი რაც დღეს გვაქვს და მე მისი ძლიერ მადლიერი ვარ.

„მაგდანას“ დიზაინზე ვეტერანმა არტისტმა მიშკა ნემსაძემ იმუშავა – ის ფსევდონიმ Void jpg-ით არის ცნობილი. ვოიდს როგორც კი გავაცანი, მაშინვე მოიხიბლა „მაგდანას“ პერსონაჟით, და მთელი გული ჩადო მის დახატვაში. სწორედ მას ეკუთვნის „მაგდანას“ პორტრეტი და ლოგოს დიზაინი, სამკუთხა ფონტიც მისი შექმნილია.

„მაგდანას“ ანიმაციაზე კი უნიჭიერესმა  ანიმატორმა თამო ზარქუამ და Burtula Creative-მა იმუშავეს და ფაქტობრივად, ქართულ სარეკლამო სივრცეში პირველად შევქმენით მინი ანიმე, რომელსაც სხვა სერიებიც ექნება და სამომავლოდ პუბლიკა მათაც იხილავს.

„მაგდანას“ გარშემო ნიჭიერი გუნდი შეიქმნა და ისინი ისევე მოხიბლულნი არიან „მაგდანასა“ და მთის ჯინის იდეით, როგორც მე. ამან მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა ღირსეული პროდუქტი.

M: როგორია ქართული მთის ჯინის პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე?

ლეგენდები რის საფუძველზეც „მაგდანა“ შეიქმნა, ყველასთვის ძალიან საინტერესოა. ეს არის პროდუქტი ისტორიითა და ამბით, რაც მგონია, აუცილებლად დააინტერესებთ სხვა ქვეყნებში, როგორც საქართველოს მთიანი რეგიონების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. 

ამჟამად, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მიმართულებით, რომ საზღვრებს გარეთ გავაცნოთ მომხმარებელს „მაგდანა“ და ქართული მთის ჯინი.

თუმცა ამჟამად ჩვენი პრირიტეტი ქართული ბაზარი და ის ადამიანები არიან ვისაც სურთ ქართული მითოლოგია ახლებურად დაინახონ და დატკბნენ ჩვენი მთის ჯინით.

M: თქვენი ხედვით, რას შეცვლის ამ ბრენდის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის?

„მაგდანას“ არსებობა და განვითარება აუცილებლად წაახალისებს და ხელს შეუწყობს იმ სიმდიდრის ათვისებას, რაც ჩვენს მთებში და ტყეებში გვაქვს და ბაზარს შეუმჩნეველი რჩება. 

ქართული ღვია განსხვავებულია თავისი გემოვნებითი თვისებებით და დარწმუნებული ვარ იგი თავს მოიწონებს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ შევქმენით პრეცენდენტი ქართული ღვიის მოპოვების. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ღვიის შეგროვებით და ქართული ჯინის განვითარებასთან ერთად  ღვიის მოპოვების ინდუსტრიაც განვითარდება. 

აღსანიშნავია, რომ ღვია ერთადერთი მცენარე არაა, რაც საქართველოს მთიან რეგიონებში მოიპოვება და აქვს ალკოჰოლში, ჰერბალ ლიქიორებში, გამოყენების ტრადიცია. ღეხი, ანისული, აბზინდა და უამრავი სხვა მცენარეა ჩვენს მთებში, რომელიც შეუჩნეველი და აუთვისებელი რჩება. 

მიმაჩნია, რომ ქართული ჯინის განვითარებასთან ერთად, მცენარეების შემგროვებლობის კულტურაც განვითარდება, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა ჩვენი მოსახლებისთვის.

M: როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას?

„მაგდანა“ ორ სამყაროში არსებობს, მითოლოგიურში, ნახევარღმერთის სახით და ჩვენს სამყაროში მთის ჯინის სახით. „მაგდანას“ თავგადასავლები „იქ“, აისახება აქ, ახალ პროდუქტებში. ჩვენს ანიმეში უკვე არის easter egg ჩადებული ჩვენს მომავალ პროდუქზე და დაკვირვებული მომხმარებელი მას აუცილებლად შეამჩნევს.

„მაგდანაზე“ ხელოვანმა ადამიანება იმუშავსე და ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ამის ნათელი მაგალითია „მაგდანას“ ნიღაბი, რომელიც შოთა მენიღბემ (Menighbe) შექმნა. ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა უკვე წლებია ხელონვების ნიმუშებს ქმნის და ქართულ მითოლოგიურ პანთეონს თავის ნიღბებში აცოცხლებს, მე ვამაყობ, რომ მის ნამუშევრებს „მაგდანაც“ შეუერთდა, როგორც ქართული მითოლოგიის ახალი წარმომადგენელი.

ახალი პროდუქტების მიღმა, „მაგდანასთვის“ მნიშველოვანია გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა, მთის რესურსების ათვისებასთან ერთად, აუცილებელია რომ მოვუფრთხილდეთ და არ დავაბინძუროთ, ამიტომ „მაგდანა“ სამომავლოდ,  ახალ კოლაბორაციებთან ერთად, რამდენიმე ეკო-პროექტსაც გეგამავს. ერთ-ერთი გეგმაა ინდუსტრიულ ზონებში, მაგალითად ჭიათურაში, სადაც კარიერული მოპოვების შედეგად დაზიანებულია მწვანე საფარი, მოხდეს ღვიის პლანტაციების გაშენება, რითაც ბუნებასაც გავუფრთხილდებით და მოსახლეობას ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს გაუჩენს. წინ უამრავი გეგმაა და მათ შესახებ თანდათან შეიტყობს ჩვენი მომხმარებელი.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ყველაფერი, რაც იქმნება, ობიექტური ინდივიდუალიზმის ნაწილია“

საინტერესო პოდკასტი | როგორ გავხდეთ საუკეთესო დამსაქმებელი