in

Magic Wash – უკონტაქტო რეცხვა, ავტოსამრეცხაოს ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi
ნოდარ ქებაძე

20 სექტემბერს, აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში ახალი სამრეცხაო Magic Wash გაიხსნა, რომლის კონცეფცია ავტომობილების ავტომატურ, უკონტაქტო რეცხვას გულისხმობს. პროცესი ადამიანური ჩარევის გარეშე მიმდინარეობს, სპეციალური დანადგარი რეცხავს არა მხოლოდ ზედაპირს, არამედ, მანქანის ქვედა ნაწილსაც. მათთვის, ვისაც მანქანის გასუფთავებისას ლოდინი არ მოსწონს, ახალი შესაძლებლობა ჩნდება. თქვენი ავტომობილის გარეცხვა 5 წუთშია შესაძლებელი. სტარტაპის შემქმნელები გიორგი ნიკოლაძე, დემეტრე ჩხეიძე, ირაკლი გიორგობიანი და ნოდარ ქებაძე არიან, იდეის განხორციელებაში კი მათ თიბისი ლიზინგი დაეხმარა. ერთ-ერთი მათგანი – ნოდარ ქებაზე მარკეტერს მანქანის უკონტაქტო სამრეცხაოს უპირატესობასა და Magic Wash-ის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა იდეა, გაგეხსნათ Magic Wash, რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?
პირველად Magic Wash-ის იდეა წამოვიდა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორისგან, გიორგი ნიკოლაძისგან, რომელმაც შემთხვევით მეგობრისგან გაიგო ასეთი სამრეცხაოების არსებობის შესახებ. შემდეგ, ჩვენც გაგვიზიარა იდეა და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ შევიკრიბეთ 4 ადამიანი და დავიწყეთ ამ მიმართულებით ფიქრი. დავიწყეთ სხვადასხვა კომპანიის კვლევა, რომლებიც აღნიშნული სახის, ან მსგავს სამრეცხაო დანადგარებს აწარმოებდნენ. აღმოჩნდა, რომ არც ისე დიდი არჩევანი იყო მწარმოებლებს შორის. ბევრი კვლევის, მოლაპარაკებების, ანგარიშის და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო აღნიშნული ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივეს სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ გრძელვადიანი სტაჟი გაგვაჩნია და ავტო სამრეცხაო ბიზნესის გამოცდილება არცერთს გვაქვს, მონდომების ხარჯზე, გავერკვიეთ ბევრ დეტალში და მოვედით აქამდე.

M: რა განასხვავებს Magic Wash-ს სხვა სამრეცხაოებისგან, რა არის მისი უპირატესობა?
Magic Wash-ის კონცეფცია გულისხმობს ავტომობილების ავტომატურ უკონტაქტო რეცხვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი შედის სამრეცხაოში და ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე, რობოტი დანადგარი რეცხავს არა მხოლოდ ზედაპირს, არამედ ქვედა ნაწილსაც. შესაბამისად, გამოდის, რომ ავტომობილი ირეცხება ყველა მხრიდან. ეს კონცეფცია სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი სამრეცხაოებისგან, სადაც უშუალოდ, ადამიანი უზრუნველჰყოფს ავტომობილის რეცხვას, გარკვეული დანადგარების დახმარებით. ასევე, მთავარი განსხვავება ჯაგრისებიანი სამრეცხაოებისგან არის ის, რომ არანარი ნაჭერი, ჯაგრისი და სხვა სარეცხი საშუალება არ ეხება ავტომობილის ზედაპირს და შესაბამისად, გამორიცხულია ზედაპირის დაკაწვრა. გამოდის, რომ Magic Wash არ კაწრავს ავტომობილს, უზრუნველყოფს ქვემოდან რეცხვას და ამ ყველაფერს აკეთებს სულ რაღაც 5-6 წუთში. სწორედ, ამ პარამეტრებს მივიჩნევთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად და ვფიქრობთ, რომ ძალიან მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს რიგში დგომის და შემდეგ, საუკეთსო შემთხვევაში, 30 წუთი რეცხვის ლოდინის ფუფუნება.

M: როგორც ვიცით, თიბისი ლიზინგი დაგეხმარათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში. რაში გამოიხატებოდა დახმარება?
თიბისის სტარტაპ ლიზინგს მივმართეთ იდეის დაფინანსების ძიების პროცესში. სხვათა შორის, მოგვცეს საკმაოდ კარგი პირობები და ასევე, მინიმალურ დროში  მივღეთ დასტური, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ჩვენი კომპანიის სახელით.

M: რატომ შეარჩიეთ აღმაშენებლის ხეივანი Magic Wash-ის ლოკაციისთვის და რა ფასადაა თქვენი მომსახურების მიღება შესაძლებელი?
Magic Wash მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში. უფრო კონკრეტულად, დავით აღმაშენებლის ძეგლის გვერდით მდებარე ავტოგასამართი სადგურის, „ოპტიმას” ტერიტორიაზე. ეს ლოკაცია შევარჩიეთ ავტომობილების დიდი ნაკადის გამო, რომლებიც მოძრაობენ როგორც ქალაქში, ასევე, გადიან ქალაქიდან და სურვილი აქვთ, რომ სუფთა მანქანით იმგზავრონ ტრასაზე. რაც შეეხება ფასებს, ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ ორი სახის პროგრამას. სედანის შემთხვევაში, სტანდარტი არის 7 ლარი, პრემიუმი – 8 ლარი, ხოლო ჯიპის შემთხვევაში, სტანდარტი – 8 ლარი, პრემიუმი კი 9 ლარი.

M: ამჟამად, საქმიანობის რა ეტაპზე იმყოფებით და როგორია თქვენი განვითარების ხედვა
ამჟამად, ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში. ეტაპობრივად ვხვეწთ რეცხვის ხარისხს სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოცდით და ექსპერიმენტებს ვატარებთ ღამით საკუთარ ავტომობილებზე. ჯერ შესწავლის პროცესში ვართ, მაგრამ არ ვაპირებთ მხოლოდ ამ ერთ ლოკაციაზე შეჩერებას. ახალი დანადგარები უკვე გზაშია და ახლო მომავალში, შევთავაზებთ მომხმარებელს ანალოგიურ მომსახურებას ახალ მისამართებზე.

რა არის ნამდვილი გამარჯვება, ოლიმპიური მედალი თუ სიცოცხლის შენარჩუნება? – პრინტ კამპანია #LivingIsWinning

სასტიპენდიო კონკურსი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად