ალბათ, იცით, როცა პლასტმასას ნარჩენები უმცირეს ფრაგმენტებად იშლება, ანუ როცა ადამიანის თმაზე 1000-ჯერ უფრო თხელია, მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება… მაგრამ მკვლევრებმა ახალი მასალა შეიმუშავეს, რომელიც სწორედ ამ პრობლემას აგვარებს — დიახ, მას შეუძლია მდინარეებში, ოკეანეებსა და კვების ჯაჭვში მოხვედრამდე პლასტმასას ნაწილაკები წყლიდან ამოიღოს.
ეს მასალა ფხვნილის მსგავსია და გადამუშავებული ნარჩენებისგან მზადდება, ნანოზომის სტრუქტურაც აქვს, რათა უხილავი პლასტმასა დაიჭიროს. სპეციალური ზედაპირით კი მიკროპლასტმასზე რეაგირება შეუძლია, თუმცა ამას გარდა, სხვა დამაბინძურებლებსაც ებრძვის. მეტიც, იმის გამო, რომ გამოყენების შემდეგ, ფხვნილი წყლიდან მარტივად ამოიღონ, იგი მაგნიტურია, მუშაობა 1 საათის განმავლობაში შეუძლია და მოპოვებული მიკროპლასტმასას გადამუშავებაც ჩვეულებრივ არის შესაძლებელი.
ამ ეტაპისთვის კი ჩამდინარე წყლების გამწმენდ სადგურებს მიკროპლასტმასას უფრო დიდი ნაწილების გაწმენდის უნარი აქვს.
„როგორც შესაბამისი და მარტივი აღმოჩენის ხელსაწყოების არარსებობის, ისე 1 მიკრომეტრზე მცირე მიკროპლასტიკის ამოღების ტექნოლოგიის არარსებობის გამო დღეს დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა ჩაედინება ყურეებსა და ზღვებში“, — აცხადებს ნიკი ეშტიაგი, ქიმიური ინჟინერი.
მას შემდეგ, რაც პლასტმასა წყალში მოხვდება ის სხვა დამაბინძურებლებსაც შთანთქავს. ხოლო, როცა წყლის ცხოველები ჭამენ მას, ისინი კვების ჯაჭვშიც ჩნდებიან…

ზღვის პროდუქტების გარდა, მიკროპლასტმასა მარილში, ჩამოსხმულ წყალში, დაფასოებულ ხორცში, ხილსა და ბოსტნეულშიც კი იპოვეს. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პლასტმასა ადამიანის სხეულშიც აღმოაჩინეს. მართალია, ჯერ არ ვიცით, რა გავლენა ექნება ამას ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ, თუ ეშტაგს დავეყრდნობით, ეს ავტოიმუნური დაავადებების, კიბოს, უშვილობისა და სხვა პრობლემების არსებობის რისკს გაზრდის.
მკვლევართა გუნდი ამ ეტაპისთვის პარტნიორებს ეძებს, რათა თეორია პრაქტიკაშიც გამოცადონ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გამოსავლის მხოლოდ ნაწილია, რადგან ოკეანე უკვე სავსეა მიკროპლასტმასათი… დღეს კი უდიდეს გამოწვევად ახალი პლასტმასას ნარჩენების თავიდან აცილების გზების პოვნა რჩება, იმ ნაწილაკების, რომლებიც, მაგალითად, სინთეტიკური ტანსაცმლის რეცხვისას გამოიყოფა.













