in

Magnolia Film Lab – ახალი თაობის ფირის ლაბორატორია, ანუ ადგილი მათთვის, ვისაც ფირის ფოტოგრაფია აინტერესებს

სულ ცოტა ხნის წინ ფაბრიკაში ახალი სივრცე “Magnolia Film Lab” გაიხსნა. როგორც მისი შემქმნელები გვიყვებიან, ეს არის ახალი თაობის ფირის ლაბორატორია და მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ფოკუსირებულია ფირის ფოტოგრაფიაზე და ზრუნავს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ფირის ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ყველა ეტაპი, დაწყებული ფირებისა და კამერის ტიპის გარკვევით, დამთავრებული ფირის გამჟღავნებით, ბეჭდვით და სხვადასხვა შინაარსის მქონე საგანმანათლებლო ვორქშოპებით. ლაბორატორიის შესახებ უფრო დეტალურად მის თანამფლობელსა და დირექტორს, გელა შეყელაძეს გავესაუბრეთ:

M: საიდან წამოვიდა იდეა, შექმნილიყო მსგავსი ადგილი?

იდეის ავტორია ამერიკელი ფოტოგრაფი რაიან მაქქარელი, რომელმაც 2017 წელს, ქართული ფოტოგრაფიის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა დაეარსებინა გალერეა Fotografia (რომლის სივრცეშიც გახსნის დღიდან არსებობდა ფოტო ლაბორატორია), რომელიც დაარსების დღიდან ფოკუსირებულია ქართველი და საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფების მხარდაჭერით, მათი ლიმიტირებულად გამოცემული ფოტო ამონაბეჭდების გამოფენითა და კოლექციონერებამდე მიტანის გზით.
Magnolia-ს შექმნის სურვილი ჩვენს გუნდში ყოველთვის იყო, მაგრამ გადამწყვეტ ფაქტორს აქ ისევ ის საზოგადოება წარმოადგენს, რომელიც იღებს ფირზე და ქმნის უნიკალურ ფოტონამუშევრებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უდიდესი შთაგონება მივიღეთ მათგან და კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ერთ სივრცეში მიიღონ ყველა სახის მომსახურება, რაც ფირის ფოტოგრაფიასთან არის ასოცირებული.

M: პირველ რიგში, ვისთვისაა ეს სივრცე? რა სეგმენტზეა მორგებული?

ჩვენი უმთავრესი მიზანი არის ის, რომ როგორც ფოტოგრაფიით დაინტერესებულმა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს ფირის ფოტოგრაფიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა, ასევე პროფესიონალმა ფოტოგრაფებმაც შეძლონ სასურველი, მაღალი ხარისხის სერვისის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა, გადაგიღიათ თუ არა ფირზე, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი სავსეა ენთუზიაზმით, ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ფირის ფოტოგრაფია და ასევე Magnolia Film Lab-ი განკუთვნილია განურჩევლად ყველა ადამიანისათვის.

M: მოგვიყევით Film Shop-ის შესახებ – რა მასალების შეძენაა აქ შესაძლებელი?

დაახლოებით 3-4 წლის წინ, თითქმის შეუძლებელი იყო თბილისში სასურველი ფირის შეძენა. რომ არაფერი ვთქვათ ფოტოქაღალდებსა და ფირის გამჟღავნებისათვის საჭირო ქიმიკატებზე. Magnolia-ს Film Shop-ის საშუალებით უკვე ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, შეიძინოს მსოფლიო ბაზარზე არსებული ყველა ფირი და ყველა საჭირო ქიმიკატი, რომლითაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია ფირის გამჟღავნება.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები, როგორიცაა Kodak, Polaroid, Fuji, Lomography და Ilford-ი, აწარმოებენ საუკეთესო ხარისხის ფოტოფირებს და საშუალებას გვაძლევენ, ქართველმა მომხმარებელმა პირადად შეძლოს მათი პროდუქციის შეძენა ოფიციალურ ფასად, როგორიცაა მაგალითად პოლაროიდის თუ სხვა ფორმატის ფირების დიდი ასორტიმენტი.

M: მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, არ შეშინდით და ატარებთ ვორქშოპებსაც – მოგვიყევით მათ შესახებ..

პირველ რიგში, გვინდა, ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა ზომის დაცვისათვის. მონაწილეების და დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობამ და სურვილმა გადაგვაწყვეტინა, ჩვენმა ვორქშოპებმა სისტემატიური სახე მიიღოს. ერთ-ერთი მათგანია #womanwhoprint, რომლის იდეის ავტორი ისევ და ისევ რაიან მაქქარელია, რომელმაც გადაწყვიტა ქალ ფოტოგრაფებს მისცეს საშუალება საკუთარი ძალები მოსინჯონ ლაბორატორიაში და შეისწავლონ ფირიდან ხელით ბეჭდვის ტექნიკა რათა უფრო მეტი კონტროლი ქონდეთ მთლიან პროცესზე. იდეა ერთ-ერთ კვლევაზე დაყრდნობით წამოვიდა, რომლის მიხედვით ქალები ლაბორატორიების მომხმარებლის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქირაოს ლაბორატორიის სივრცე პირადი მოხმარებისათვის. დასაწყისისათვის ჩვენი ტექნიკოსები ყველანაირ დახმარებას გაუწევენ და შეასწავლიან ფირის გამჟღავნების თუ დაბეჭდვის ტექნიკებს.

M: რა ეტაპზეა ამჟამად Magnolia Film Lab?

იმის მიუხედავად, რომ COVID-ის გამო ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსი მოვახმარეთ ფიზიკური სივრცის გახსნას, მაინც აქტიურად ვცდილობთ გავიზარდოთ. შევისწავლოთ ამ სფეროში არსებული უამრავი დეტალი, ვცადოთ სხვადასხვა ფირი, კამერა და გავუზიაროთ გამოცდილება დამწყებ ფოტოგრაფებს. რაც ყველაზე მთავარია, ღია ვართ ყველასათვის და სიამოვნებით ვიღებთ და ვაზიარებთ გამოცდილებას.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ვორქშოპები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ფოტოგრაფები გაუძღვებიან. ერთ-ერთი მათგანი არის 16მმ-იანი კინო ფირის ვორქშოპი, რომელსაც Baltic Analog Lab-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კინოფესტივალის ორგანიზატორი იევა ბალოდე გაუძღვება და ერთი კვირის მანძილზე შეასწავლის მსურველებს 16მმ-იანი კინო კამერის გამოყენებას, გადაღებული ფირის გამჟღავნებას და შემდეგ საჩვენებლად გამზადებას. ასევე დაგეგმილი გვაქვს ორი მსოფლიოში აღიარებული ისეთი ფოტოგრაფის მასპინძლობა, როგორებიც არიან რაიან რაზონი და კაილი მაქდუგალი, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ ჩვენ ფირის ფოტოგრაფებს.

ტექნოლოგიები ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში – ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის BTU „ინიციატივა 5.0“-ს იწყებს

„ლეგის“ ეკოლოგიურად სუფთა და ფერადი ფილები ბათუმის ბულვარში