ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა მეგობარმა ლონდონში დაიდო ბინა. ჯერ ისწავლეს, შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სააგენტო Dentsu-ს გუნდს შეუერთდნენ. შემდეგ, საყვარელი საქმის პარალელურად, ჰობის ბიზნესად ქცევა განიხრახეს და Mags&Co-ს საშუალებით, ლონდონური გამოცემები და ქართველი მკითხველები დაამეგობრეს. უკვე ერთი თვეა, საქართველოში ისეთი ჟურნალების შეძენა შეგიძლიათ, როგორიცაა DAZED, i-D, A MAGAZINE CURATED BY, Kaleidoscope და სხვები. ცნობილ ბრიტანულ გამოცემებს საქართველოს შესახებ ბევრი რამ უამბეს და ჩვენი ქვეყნით მათი დაინტერესება მაინც მოახერხეს.
„ჩავატარეთ კვლევა საქართველოს ბაზარზე, შედეგები კი ბრიტანელ გამომცემლებს გავაცანით. მათში დიდი დაინტერესება დავინახეთ, განსაკუთრებით იმ კუთხით, თუ რამდენად განვითარდა საქართველოში მოდის და ხელოვნების ინდუსტრია,“ – გვიამბობენ Mags&Co-ს დამფუძნებლები.
M: რით იყო თქვენთვის საინტერესო ბეჭდური ჟურნალების ბიზნესის წამოწყება?
ნუცა საბანაძე: ლონდონში ცხოვრებისას მივხვდით, რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფილი ნაწილი გახდა ჟურნალები მოდაზე, ხელოვნებაზე, დიზაინზე და არქიტექტურაზე. პროფესიულად და ასევე, ზოგადი ინტერესებისგამო ხშირად გვქონია ამ ჟურნალებთან შეხება. ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გვქონოდა წვდომა და გავცნობოდით ბაზრის წამყვან ჟურნალებს. თბილისში ჩამოსვლისას კი ყოველივე ეს სულ გვაკლდა. ხშირად ჩამოგვქონდა ჩვენი მეგობრებისთვისაც და მივხვდით, რომ შეგვეძლო ახალი გამოცემები არა მარტო მათთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის ვისაც აინტერესებს მოდა, ხელოვნება და არქიტექტურა, გაგვეხადა ხელმისაწვდომი. ჩვენი ინტერესისა და ჰობის ბიზნესად ქცევა გადავწყვიტეთ. ასე შეიქმნა MAGS&CO.
M: როგორ დააინტერესეთ ბრიტანელი გამომცემლები ქართული ბაზრით?
ელენე მენთეშაშვილი: ლონდონში ცხოვრებისას დავამყარეთ კონტაქტები, რომლის მეშვეობითაც შევძელით დაგვეინტერესებინა საქართველოს ბაზრით ისეთი გამოცემები, როგორიც არის DAZED, i-D, A MAGAZINE CURATED BY, Frame, Altered States, Kaleidoscope.
თავდაპირველად, მათთან შეხვედრა ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე შედგა, ხოლო შემდეგ ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა საქართველოზე საუბრით. ჩვენი მიზანი იყო, მათთან თანამშრომლობით საქართველოში ხელმისაწვდომი გამხდარიყო უახლესი გამოცემების ჟურნალები. მათთვის საქართველო ახალი ადგილია, სადაც ჩვენი დახმარებით გაფართოვდნენ და იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ვარსებობთ, ძალიან დიდი გამოხმაურება და წარმატება მოგვიტანა.
M: Mags&Co-მდე რას საქმიანობდით?
ელენე მენთეშაშვილი: ლონდონში, ექვსი წლის წინ, სასწავლებლად გადავედით. მე დავამთავრე University of the Arts London, სადაც ვსწავლობდი Contemporary Media Culture-ს, ნუცა კი Birkbeck University-ში სწავლობდა მარკეტინგს. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა მარკეტინგულ კომპანია Dentsu-ში დავიწყეთ. მე ვაკეთებ Paid Search მარკეტინგს, მაღალი მოდის კომპანიებისთვის, როგორიც არის Kering Group-ის მფლობელობაში მყოფი ბრენდები, ხოლო ნუცა არის მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი და Apple-ისთვის მუშაობს.
M: რატომაა მნიშვნელოვანი ამ გამოცემების ქართველ მკითხველებთან მოხვედრა?
ელენე მენთეშაშვილი: ეს თანამედროვე გამოცემები, წიგნებსა და ჟურნალებს შორის არსებულ სიცარიელეს ავსებს. საკოლექციო ჟურნალები გახდება ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანების შთაგონების წყარო. ჩვენ მათ ვაწოდებთ საიუბილეო და სეზონურ გამოცემებს.
ჩვენს მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცხნობილი არტისტების, ფოტოგრაფების და მოდის ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებებს, თუ რა ცვლილებები შემოაქვთ მათ ჩვენს რეალობაში. ძირითადად, ყველაზე საინტერესოა ჩვენს ჟურნალებში მოთხრობილი ისტორიების ვიზუალური მხარე.
მოგიყვებით ერთ ერთ ჩვენს საყვარელ გამოცემაზე – A Magazine Curate by. ეს არის მოდის ჟურნალი, რომელიც თითოეულ ნომერში იკვლევს რჩეული კონკრეტული დიზაინერის სამყაროს. ისინი იწვევენ კურატორს – საერთაშორისო მოდის დიზაინერს, ჯგუფს ან მოდის სახლს, რომ განავითარონ ინოვაციური და პერსონალიზებული კონტენტი, მათი ესთეტური და კულტურული ღირებულების გამოხატვის მიზნით. თითოეული გამოცემა აღნიშნავს ამ დიზაინერის ეთნოსს: მის ხალხს, ისტორიებს, ემოციებს, მომხიბვლელობას, სპონტანურობას და ავთენტურობას. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წელიწადში ორჯერ, კონკრეტული დიზაინერის მიერ შემოტანილ სიახლეს გაეცნობა ჩვენი მკითხველი და ექნება შესაძლებლობა გახდეს კოლექციონერი.
M: როგორ არის შესაძლებელი ჟურნალების შეძენა?
ნუცა საბანაძე: ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოვიფარგლებით. ჩვენი მომხმარებელი პირდაპირ გვეკონტაქტება ინსტაგრამის მეშვეობით, ხოლო ჩვენი ონლაინ მაღაზიის ნახვა არის შესაძლებელი Dade App-ზე, სადაც მარტივად და სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საყვარელი ჟურნალის შეკვეთა. ასევე თუკი კოლექციის შეგროვება გსურთ, ყოველი ახალი გამოცემის შეკვეთაც შეგიძლიათ.
ჩვენ თავად ვეცნობით თითოეულ გამოცემას. მათ მთავარ ოფისებში ხდება თითოეული ნომრის არჩევა და საქართველოში გამოგზავნა.
M: როგორ გეგმავთ ბიზნესის გაფართოებას?
ნუცა საბანაძე: ძალიან მალე, ჩვენს ჟურნალებს იხილავთ თბილისის ფარგლებში არსებულ Concept Store-ებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში. ჩვენი მიზანია, საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი გავხადოთ ბრიტანული გამოცემის ჟურნალები და საზოგადოებას გავაცნოთ ხელოვნება, არქიტექტურა, დიზაინს და მოდის ინდუსტრიაში სიახლეები.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი