in

მაია გურაბანიძე – #პირველისამსახური

წარსულში როცა ვბრუნდები და ჩემი პროფესიული გზის პირველ ნაბიჯს ვიხსენებ, ამ გზის დასაწყისში მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გადასაღებ მოედნამდე უნდა მიმეღწია. რას გავაკეთებდი, როგორ გავაკეთებდი, შევძლებდი თუ არა, ამაზე ნაფიქრიც არ მქონდა. ESM -ში ჩასაბარებლად კარგად მომზადებული აბტურიენტი საბუთებით ხელში მივადექი ხელოვნების ფაკულტეტს, ავირჩიე რეჟისორის სპეციალობა და ჩემთვის ძალიან უცხო და ახალ სივრცეში დავიწყე საკუთარი თავის ძიება. დავტოვე კომფორტის ზონა და საკუთარ ოცნებებს გავყევი. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი.

პირველი სამსახურიც ძალიან მალე, ლექტორის რეკომენდაციით, ჟურნალ „კინო და სერიალში“ დავიწყე. მევალებოდა რესპოდენტების მოძიება, ინტერვიუს ჩაწერა და სტატიის მომზადება. ჩემი ანაზღაურება თითო სტატიაში 20 ლარს შეადგენდა. იმდენად მორიდებული ვიყავი, რესპოდენტებთან კართან მისული უკან ვბრუნდებოდი, მერე ისევ მივდიოდი… ინტერვიუს დროს ისე ვნერვიულობდი, ყველაფერი მავიწყდებოდა, რასაც მანამდე გულმოდგინედ ვამზადებდი.

ამ სამსახურიდან მალევე წამოვედი. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა. ამის შემდეგ, გამიმართლა – ჩვენი სახელოსნოს ხელმძღვანელი მერაბ კოკოჩაშვილი იმ დროს, „ნუცას სკოლას“ იღებდა და ამ ფილმზე სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. არასდროს დამავიწყდება პირველი დავალება – მაღალ კიბეზე ვიდექი და ზემოდან საპნის ბუშტებს ვუშვებდი. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, იმ დავალების შესრულებისას მიღებული ბედნიერების ემოციით მოვდივარ დღემდე. რეალურად, ამ ფილმზე მუშაობისას გავაცნობიერე, რა იყო გადასაღები მოედანი და ვისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი – საქმის სიყვარულით კეთება. ამის შემდეგ, მეორე კურსიდან, ჩემი სამსახური იყო მეგობრებთან ერთად დაარსებული საერთაშორისო სტუდენტური კინო ფესტივალი „სესილი“. ძალიან ბევრი შრომა გვიწევდა, საქმე ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. ამავე დროს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე – ვისწავლე სწორი კომუნიკაცია, საკუთარი იდეის განსახორციელებლად ბიზნესპარტნიორების მოძიება, გუნდური ჩართულობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, უფროსის გარეშე, დამოუკიდებელი მუშაობა და ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი საქმის შექმნა და მართვა.

დაბრკოლებები და შეცდომებიც ბევრი იყო, მაგრამ არასდროს ვნებდებოდით და ყველაზე უიმედო დროსაც კი პოზიტიური ენერგიის შენარჩუნებას ვცდილობდი, რაც ძალიან მეხმარებოდა. სულ ვმუშაობდი, ვაკვირდებოდი სხვების დამოკიდებულებას საქმისადმი, ყველა გამოწვევისთვის ვიყავი მზად… ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდმა მომცა, არის რწმენა, რომ სიყვარულით საქმის კეთებას აუცილებლად მოსდევს საუკეთესო შედეგი და იმ დროიდან ზუსტად ვიცი, არ არსებობს მიზანი, რომლამდეც ვერ მიხვალ. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი გუნდი და ჩვენი საქმე, რომელსაც უკვე ბევრი წელია თავდაუზოგავად ვანვითარებთ.

მაია გურაბანიძე – Metro Production-ის თანადამფუძნებელი, ფროდაქშენის ხელმძღვანელი.

როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე

როგორ ისწავლება იდეების დაჭერობანა?