1
Jun
2017

მაია მამულაშვილი – #პირველისამსახური

1 Jun 2017

19 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში ორი ახალგაზრდა, მე ვიტყოდი, სიმპათიური ბიჭი მოვიდა (დღეს ერთი ეკონომიკის ექსპერტია, მეორე საჯარო სამსახურში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს) და სტუდენტებს გვითხრეს, რომ სჭირდებოდათ ჟურნალისტები გაზეთისა და სატელევიზიო გადაცემისთვის. უკვე მეორე დღიდან, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“, ასევე ანალიტიკური გადაცემა „საქმე და ეკონომიკის“ (ტელეკომპანია „კავკასია“) კორესპონდენტი ვიყავი. ეს სამსახური ჩემთვის იყო მთავარი გზამკვლევი ჟურნალისტიკაში, სწორი გზის მომცემი ჩემს პროფესიაში, ადგილი, სადაც ვისწავლე სტატიების წერა, სიუჟეტების მომზადება, სადაც პირველად გავხდი გადაცემის თანაწამყვანი. მახსოვს, როგორ ვღელავდი, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა წინასწარ უნდა ჩამეწერა. ჩემი დაქალისგან ვითხოვე თეთრი პიჯაკი, თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე, ვიზაჟისტის საქმეც შევითავსე და სუფლიორთან უკვე შედარებით დამშვიდებული დავჯექი.

ჩემთვის მთავარი იყო პროექტის ხელმძღვანელის – ვაჟა ბერიძის შეფასება. სულ მეგონა, არასდროს არავისი არაფერი მოსწონდა და ჩემდა გასაკვირად, მისგან პირველი დადებითი შეფასება დავიმსახურე. მხოლოდ ერთი შენიშვნა ჰქონდა – ჟურნალისტი და მით უმეტეს წამყვანი, ლამაზი არ უნდა იყოსო.

მახსოვს ჩემი პირველი სიუჟეტის ტექსტი, რომელიც იწყებოდა არა ახალი ამბით, არამედ იმით, რა მოხდა იმ საქმესთან დაკავშირებით წლების წინ. ყველა ჟურნალისტი მიხვდება, ეს რამხელა ტრაგედიაა ჩვენს პროფესიაში. ტექსტიც საგაზეთო სტატიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სიუჟეტს. ჩემი ხელმძღვანელები ძალიან შეეცადნენ გადაეკეთებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და თავიდან დაწერეს. მერე უბრალოდ მუშაობის პროცესში მივხვდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. საერთოდაც, მგონია, გადაულახავი და შეუძლებელი არაფერია.

ამჟამად, ვარ პოლიტიკური თოქ-შოუ „ბარიერის“ წამყვანი, ტელეკომპანია „კავკასია“, ასევე რადიო „ფორტუნას“ გადაცემა – „ბიზნესკურიერის“ წამყვანი.

განხილვა