in

რამ გამოიწვია მაიას ცივილიზაციის კულტურული ცენტრის დაცემა? — კვლევა

მკვლევრებმა 800-წლიანი ისტორია შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მაიაპანი — მაიას ხალხის კულტურული და პოლიტიკური დედაქალაქი იუკატანის ნახევარკუნძულზე, სავარაუდოდ, გვალვის შედეგად განადგურდა. მეცნიერთა აზრით, ეს გვალვა სამოქალაქო კონფლიქტს გამოიწვევდა, რისი თანმდევიც პოლიტიკური კოლაფსი იქნებოდა. ამის შედეგად, ხალხი პატარა და უსაფრთხო დასახლებებში დაიწყებდა წასვლას.

M2
M2

ახალი კვლევა არა მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციას გვაძლევს ამ უძველესი ხალხის ისტორიის შესახებ, არამედ კლიმატის ცვლილებების თანმდევ შედეგებზეც გვაფრთხილებს. „მონაცემთა მრავალი წყარო მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო კონფლიქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხანგრძლივმა გვალვამ მეტოქე ფრაქციებს შორის დაძაბულობა გააძლიერა, მაგრამ შემდგომი ადაპტაცია რეგიონის მასშტაბურ მდგრადობას აჩვენებს, რომელმაც მაიას პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები XVI საუკუნეში ევროპელებთან კონტაქტამდე შემოინახა“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა გუნდს მრავალი ისტორიული ჩანაწერი ჰქონდა სამუშაოდ, რომელიც მოსახლეობის ცვლილებებს, კვების რაციონისა და ნეშტებზე არსებული დაზიანებების მონაცემებს მოიცავდა. ამ ჩანაწერების შედეგად გაირკვა, რომ გახშირებული წვიმის პერიოდებსა და პოპულაციის რიცხვის ზრდას შორის გარკვეული კავშირი იყო. გვალვას კი კონფლიქტების მატება ემთხვეოდა. მეცნიერთა აზრით, სწორედ ამან გამოიწვია 1400-1450 წლებში მაიაპანის დაცარიელება.

კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ წყლის დეფიციტი მეურნეობის პრაქტიკაზე და სავაჭრო მარშრუტებზე იქონიებდა გავლენას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა მაიაპანის მოსახლეობას. ამიტომაც, ბუნებრივია, საკვების სიმწირისა და ვითარების დაძაბვის პარალელურად, ხალხი ან იღუპებოდა, ან სხვა ადგილებში მიდიოდა საცხოვრებლად.

ამასთან, როგორც ქალაქის მიტოვებამდე გათხრილ ბოლო მასობრივ საფლავში არსებული ნეშტები მოწმობს, ბევრი მათგანი კოკომის ოჯახის წევრებს (სახელმწიფოს მეთაურებს) ეკუთვნოდა. მათი დასასრული კი სისხლიანი აღმოჩნდა, რაც მოწინააღმდეგე ფრაქციებისა და სოციალური არეულობების შედეგი იყო. „ჩვენი შედეგები ადასტურებს, რომ მაიაპანის ლეგენდარული ინსტიტუციური კოლაფსი 1441-დან 1461 წლამდე მოხდა და ეს პოლიტიკური მეტოქეობითა და ამბიციით გამოწვეული სამოქალაქო კონფლიქტის შედეგი იყო“. 

ადამიანის რეაგირება გარემოზე ზეწოლაზე, როგორიცაა გვალვა, აშკარად რთულია და განსხვავდება რეგიონისა და ეპოქის მიხედვით — ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და დასაბალანსებელი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რატომ მოიქცა ისტორიული მოსახლეობა ისე, როგორც მოიქცა.

მალე Snapchat თქვენს კომპიუტერშიც იქნება ხელმისაწვდომი

მეცნიერები ადამიანის კუნთოვან უჯრედებს „დათვის შრატით“ აძლიერებენ