ბიზნესის მართვის ფაკულტეტიდან, კარიერული გზა მედიის მიმართულებით გავაგრძელე. იყო სტაჟირებები, სახელმწიფო სამსახურიც, სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მიწევდა მუშაობა და საჭირო გამოცდილებას ვიღებდი. სწორედ ამ პერიოდში ჩვენმა დღევანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კომპანიის დამფუძნებელმა ეკატერინე სამადაშვილმა, რომელიც 23 წელია სარეკლამო სფეროშია, სარეკლამო კომპანიაში მუშაობა შემომთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.
იმ დროისათვის, კომპანია ადგილობრივ მედია სააგენტოს წარმოადგენდა. მუშაობა ზაფხულში დავიწყე, როცა თითქმის ყველა თანამშრომელი შვებულებაში იყო, ამიტომ ჩემი როლი საკმაოდ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მოკლე დროში, საშუალება მომეცა სააგენტოს ძირითად საქმიანობაში სწრაფად გავრკვეულიყავი და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები ამეთვისებინა, რაც მთავარია ჩემთვის საინტერესო მიმართულება მეპოვნა. მუშაობისას დრო ისე გადიოდა, ვერც ვამჩნევდი. მაშინ გავაცნობიერე, როცა საქმეში დროის გასვლას ვერ გრძნობ, ე.ი. ეს სფერო მოგწონს.
Starcom-ის ქსელში 2009 წლიდან გავწევრიანდით. მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 110 ქვეყანას აერთიანებს და რეკლამის, ციფრული ტრანსფორმაციის, მარკეტინგის, ფროდაქშენის, კომუნიკაციების, კონსულტაციის, მედიის, ტექნოლოგიების, PR-ისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით 8,000-ზე მეტი თანამშრომლით ოპერირებს. მახარებს ფაქტი, რომ სწორედ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ბრენდები ქმნიან ლოკალური ბაზრისთვის მედია ამინდს, რის მიხედვითაც იცვლება ადგილობრივი ბაზრის ტენდეციები, ღირებულებები და მედია ვალუტაც კი.
Starcom Georgia-ში მივხვდი რომ „რაღაც სხვა“ ადრენალინიც არსებობს, ბაზარზე არსებული მუდმივი სიახლით, ბევრი გამოწვევით, უსაზღვრო გამოცდილებით და რა თქმა უნდა, დაბრკოლებით, რომელთა გადაწყვეტაც სასიმოვნო ენერგიას იძლევა. ჩემი პოზიცია – მედია მენეჯერი, ემსახურება როგორც საერთაშორისო ასევე ლოკალურ კლიენტებს. მოვალეობები მოიცავს: ბრიფის შესწავლას, კვლევასა და ანალიზს, შესაბამისი პლატფორმების შერჩევას, მედია დაგეგმარებას, მედია შესყიდვას, საუკეთესო პირობების მოპოვებას, ინვენტარის დაჯავშნას, მონიტორინგსა და რეპორტინგს.
წლიდან წლამდე, ეს სფერო წინ ინოვაციური ტემპით მიიწევს და ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით. სხვადასხვა დროს, ნამუშევარი მაქვს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: მონდელეზი, მაგთიკომი, თიბისი ბანკი, მარსი, ბრიკორამა, ნიკორა, ბანკი რესპუბლიკა, ბაგრატიონი1882 და სხვა… ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებული და ემოციურია, როდესაც მედია კვლევა ანალიზისას ისეთ ქართულ კომპანიებს ვხვდები, რომლებსაც გლობალური ბრენდების მსგავსად, სწორი და ეფექტური დაგეგმარება აქვთ.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, სფეროში ლიდერობის მოსაპოვებლად. გვაქვს გაცვლითი სემინარები პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენთან კარიერულად იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც უკვე სხვადასხვა მსხვილ კომპანიაში არიან წარმოდგენილნი. რაც შეეხება შიდა კულტურას, ის დაფუძნებულია გუნდურობისა და ერთობის პრინციპზე. მენეჯმენტის გუნდი მუდმივად მზად არის დაგეხმაროს და შენთვის საინტერესო გზაზე დაგაყენოს, რომლისთვისაც დროსა და რესურსს არ იშურებენ. ამასთანავე, ოფისში გვაქვს როგორც დახურული, ისე ღია სივრცე, უამრავი მცენარე და ბიბლიოთეკა, რომლის წიგნებიც მუდმივად ახლდება. მსგავსი ატმოსფერო კი უფრო მეტად გიბიძგებს თვითგანვითარებისკენ.
გლობალური გამოცდილების ქართულ ბაზარზე დანერგვა ერთ-ერთი უმნიშნვლელოვანესი ფაქტორია, რაც ძალიან მსიამოვნებს. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ კომპანიაში ამდენ ხანს შემეძლო გაჩერება, მაგრამ აქ ვარ, წინ კი საინტერესო გეგმებია, რომლებსაც ნელ–ნელა აუცილებლად გავაჟღერებთ.
მაიკო ბიბილეიშვილი – Starcom Georgia-ს მედია მენეჯერი.