in

„მაიმუნობების“ მაღაზია სიახლეების მოყვარული ადამიანებისთვის

Startauperi
Startauperi

ნოემბერში, „მაიმუნობის“ მოჭარბებამ ელენკა კოხრეიძესა და ნათია ჭანტურიას საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნისკენ უბიძგა, სადაც კონცეპტუალურ ბლოკნოტებს, სანიშნეებს, დეკორატიულ და ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა თუ სახალისო თამაშებს შეიძენთ. სულ რამდენიმე დღეა, რაც მეგობრები განწყობასა და იდეებს მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტით უზიარებენ. საინტერსოა, როგორია ფუნქციონირების ამ მცირე დროის განმავლობაში მომხმარებლის „მაიმუნობებით“ დაინტერესება და რა მიმართულებით გეგმავენ ონლაინ მაღაზიის შემქმნელები მის განვითარებას – ამ საკითხებზე ელენკა კოხრეიძეს გვესაუბრა:

ნათია ჭანტურია და ელენკა კოხრეიძე

M: რამ გადაგაწყვეტინათ „მაიმუნობების“ შექმნა და როგორ შეურჩიეთ სახელი ონლაინ მაღაზიას?
„მაიმუნობას“ ყველა თავისებურად განმარტავს და ყველასთვის ეს მხოლოდ დადებით ემოციებთან ასოცირდება. ჩვენთვისაც მაიმუნობას სახალისო და საინტერესო ნივთების შეგროვება წარმოადგენდა, რომელთა ყიდვასაც, უმეტესწილად, უცხოეთში მოგზაურობის დროს ვახერხებდით. მაიმუნობების შეგროვების ჰობი იმდენად გვიტაცებს და ჩვენს მეგობრებშიც იმდენად დიდ მხიარულებას იწვევს, რომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მაღაზია, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ხალისიან განწყობას მომხმარებლებსაც გავუზიარებდით. სახელზე ფიქრს ყველაზე დიდი დრო მოვანდომეთ. ამ თემაზე ერთ-ერთი მხურვალე დისკუსიის დროს, ნათიას დედა მოგვიტრიალდა და გვითხრა „ჩამოყალიბდით უკვე, ამდენს რას მაიმუნობთო?!“ სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ეს სახელი ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩვენს იდეას.

M: რა სახის პროდუქცია ერთიანდება „მაიმუნობების“ სახელის ქვეშ?
ორივეს ძალიან გვიყვარს სხვადასხვა სახალისო ნივთის შეძენა, ჩვენთვის ან ჩვენი მეგობრებისთვის და სამწუხაროდ, ვაწყდებოდით იმ პრობლემას, რომ მსგავსი ნივთების შეძენა ძალიან გვირთულდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ყოველდღიური მოხმარების ნივთები, რომლებსაც ექნებოდა ხალისის ელემენტები და გაგვეერთიანებინა ერთ სივრცეში. დაწყებული დეკორატიული ნივთებით, დამთავრებული ჩვენი შექმნილი თამაშებით, ყველანაირი ნივთის შეძენა არის შესაძლებელი ჩვენს ვებგვერდზე. გარდა იმისა, რომ „მაიმუნობების“ ბრენდის ქვეშ შექმნილ პროდუქტებს ვყიდით, ჩვენს ვებგვერდზე ასევე გვაქვს, მსგავსი კონცეფციის, იმპორტირებული პროდუქტებიც.

M: ვინ და როგორ ქმნის „მაიმუნობებს“?
სხვადასხვა პროდუქტების შექმნასა და მოფიქრებაზე ჩვენი ოთხკაციანი გუნდი მუშაობს, დიზაინების შექმნაზე ბაია ლომსაძე, ხოლო სახალისო ტექტსებზე ბექა კირტავა ზრუნავენ. ყოველდღიურად, ვცდილობთ მოვიფიქროთ სიახლე ან გავამხიარულოთ უკვე არსებული პროდუქტები. ინსპირაციას ყოველდღიურობიდან ვიღებთ. ვფიქრობთ, თუ რა გაახალისებდა თითოეულ ასპექტს ჩვენს ცხოვრებაში და მარტივად მივდივართ უკვე პროდუქტის იდეამდე. პროდუქტები რასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ როგოც პირადი მოხმარებისთვის, ასევე სასაჩუქრედ, კარგი არჩევანია.

M: რა არხებს იყენებთ მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ და როგორია „მაიმუნობების“ საფასო პოლიტიკა?
იქიდან გამომდინარე, რომ სულ ახლახანს დავაარსეთ კომპანია, მთელ რესურსსა და ენერგიას სოციალური მედიის მიმართულებით ვაფოკუსირებთ. ჩვენი მომხმარებლები აქტიურები არიან ამ მიმართულებით და პროდუქტებსა და კონცეფციაზე მესიჯის მიწოდებისთვის ყველაზე კარგ არხად ეს მიგვაჩნია. ფასები გვაქვს ხელმისაწვდომი ყველა სეგმენტისთვის. ამჟამად, პროდუქტების ფასები მერყეობს 4-დან 45 ლარამდე.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი და ფუნქციონირების განმავლობაში, როგორია თქვენს პროდუქციაზე მოთხოვნის მაჩვენებელი?
სამიზნე აუდიტორიად სიახლეებისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანები მიგვაჩნია. ასაკის მხრივ, საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე გავდივართ რადგანაც ყველა მომხმარებლისთვის გამოსადეგ და სახალისო პროდუქტს ვყიდით, რასაც ჩვენს ვებგვერდზე აქტიურობაც ადასტურებს. გვიხარია, რომ ფუნქციონირების პირველ დღეებში ასეთი აქტიურობა გვაქვს.

M: რა მიმართულებით იგეგმება „მაიმუნობების“ განვითარება? 
განვითარების მხრივ, გვაქვს ორი მიმართულება – პროდუქტების ასორტიმენტის ზრდა და გავრცელების პუნქტების დამატება. საკმაოდ საინტერესო წელი გველის წინ და იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლებს მოეწონებათ ჩვენი შეთავაზებები.

“დიო”-ს დამფუძნებელი, Veuve Clicquot-ის სახელობის, საქმიანი ქალის ჯილდოს პირველი ქართველი მფლობელი გახდა

სერვის ოფისების პროვაიდერი კომპანია „რეგუსი“ – მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებული სამუშაო გარემო